საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ "ნამახვანჰესის" ძირითადი ნაწილის - კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდება ძირითად საკითხებზე ჩატარებული კვლევების გადამოწმებამდე. ამის შესახებ მინისტრი ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს ესაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა, მით უფრო, ბოლო 5 წელში. იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ, რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას და კვლევების საიმედოობას, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობის - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული კვლევის გადამოწმებას/ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ეჭვები, სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის, თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს იმაზე საუბარს, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა შესწავლა", - განაცხადა თურნავამ.
ხეობის მცველები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა - რადგან ახლა იმ პროცესის შეჩერებაზეა საუბარი, რომელიც ამ ეტაპზე არც იწყებოდა.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.
რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი უკვე 137 დღეა გრძელდება - 137 ღამეა, იქ გაშლილ კარავში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.
რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ მას მთავრობის წევრები შეხვდნენ და დიალოგს დაპირდნენ.