Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: თუკი ვაქცინას კერძო სექტორი შემოიტანს, სამომავლოდ, ეს კითხვებს გააჩენს


ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მიაჩნია, რომ თუკი სახელმწიფო დათანხმდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას კერძო სექტორის მიერ, ეს პროცესი სამომავლოდ გააჩენს კითხვებს.

მინისტრი ამბობს, რომ ეს ფაქტი არ იქნება მოწონებული არც აუდიტის სამსახურის მიერ და თვლის, რომ საბოლოოდ, ეს ნაბიჯი იქნება ბიუჯეტის ის ზედმეტი დანახარჯი, რომლის უფლებაც საქართველოს თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს:

„იმ შემთვევაში, თუკი ვაქცინა შემოვა კერძო მომწოდებლის გავლით, ჩვენ უკვე გარანტირებულად გვექნება საქმე ფასნამატთან და ვთვლი, რომ სამომავლოდ, აუცილებლად დაისმება გარკვეული კითხვები იმის თაობაზე, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ავტომატურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა „კოვაქს პლატფორმასთან“ და თვითონ მწარმოებლებთან, რატომ ვანდობთ ან რატომ ვიჩენთ ინტერესს, ან რის საფუძველზე ვარჩევთ ამა თუ იმ კერძო მომწოდებელს, რომ მხოლოდ ისინი უნდა გახდნენ სახელმწიფოში ვაქცინის შემომტანები?“

მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, ეკატერინე ტიკარაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა ვაქცინის შემოტანის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობისა, დადებითია:

„ჩვენ არ ვკრძალავთ კერძო სექტორის ჩართულობას, თუმცა, ვთვლით, რომ ეს ცალსახად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მე ვთვლი, რომ პასუხისმგებლობის აღება ამ რთულ პროცესზე არანაირად არ უშლის ხელს კერძო სექტორის აქტივობებსაც. პირიქით, ეს არის საკმაოდ კარგი მზღვეველი იმისათვის, რომ კერძო სექტორმა, თუკი გააჩნიათ მათ ამის სურვილი, კერძო შესყიდვები განახორციელონ. რაც შეეხება, რატომ ვერ ან რატომ არ ერთვება კერძო სექტორი რეალურად ვაქცინის შემოტანის პროცესში - ვაქცინის საბოლოო შემსყიდველი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოა და კერძო სექტორის ინტერესიც ვაქცინაციის პროცესში არის ის, რომ სახელმწიფო არის გარანტირებული შემსყიდველი და ამ პროცესის მენეჯმენტის გარანტი. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ვაქცინა შეიძინონ, ესაჭიროებათ სახელმწიფოს მხრიდან ინტერესის გამომხატველი დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც სახელმწიფო მიუთითებს, რომ ჩვენ გვესაჭიროება ესა თუ ის ვაქცინა და ამ ვაქცინის შემოტანას ჩვენ ვანდობთ ამ კონკრეტულ პიროვნებას. სწორედ ამ ტიპის წერილი უნდა იქნას მიწერილი მწარმოებელთან, რომელთანაც კერძო სექტორს სურს განახორციელოს შესყიდვა. რა თქმა უნდა, ასეთ წერილს აქვს რეპუტაციული რისკი სახელმწიფოსთვის, რადგან აქ ჩვენ უკვე გარანტირებულად გვაქვს საქმე ფასნამატთან. ჩვენ კომუნიკაციაში შევედით მწარმოებლებთან, გავაგზავნეთ მათთან არაერთი წერილი, რითაც ჩვენ დავადგინეთ, თუ რა პოზიცია აქვთ მწარმოებლებს კერძო სექტორის ჩართულობის მხრივ. ისინი აფიქსირებენ, რომ პირველი ეტაპისთვის, პირველ რიგში, თანამშრომლობენ სახელმწიფოებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, არ არიან წინააღმდეგნი, რომ სამომავლოდ განიხილონ კერძო სექტორთან თანამშრომლობაც. თუკი რომელიმე კერძო მომწოდებელი შეძლებს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ყველა იმ საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც, ერთი მხრივ, მოგვცემს გარანტიას, რომ მომწოდებლისგან ჩვენ გვექნება უსაფრთხო, არაფალსიფიცირებული ვაქცინა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევუშლით მას ხელს ვაქცინის რეგისტრაციაში და მივესალმებით მათ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ითხოვს სახელმწიფოსგან ე.წ. ინტერესის გამომხატველ წერილს იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის დაჩქარებას შეუწყოს ხელი, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიაა. მისი ხელმძღვანელი და ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრი, გიორგი ჩალაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას აქვს პირდაპირი კომუნიკაცია ვაქცინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან და თუკი ჯანდაცვის სამინისტრო დათანხმდება მასთან მოლაპარაკებებს და ამით ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესი დაჩქარდება, ის მზადაა, უარი თქვას კომერციულ მოგებაზე:

„ეს არ არის ერთ კომპანიასთან მოლაპარაკება, მე პირდაპირი კომუნიკაცია მაქვს მომწოდებლებთან. „ასტრაზენეკას“ მწარმოებელთან უკვე მაქვს შეთანხმება, რომ მზად არის მოგვყიდოს ერთი მილიონი დოზა ვაქცინა. სახელმწიფოს სურვილის შემთხვევაში, მე მზად ვარ, უარი ვთქვა კომერციულ მოგებაზე. მზად ვარ, სახელმწიფომ არ გადამიხადოს არცერთი თეთრი, უშუალოდ მწარმოებელს გადაუხადოს ფული და სულ ნუ ახსენებს, რომ ეს ჩემი პროექტია. ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტი, რატომაც არ არის დღეს საშუალება, რომ მე შემოვიტანო ვაქცინა, არის სახელმწიფო ჩინოვნიკების ნების არქონა. თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკა“ შემოვიდეს, ამის წინაღობა არ არსებობს. მინისტრმა ან პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩასხდნენ ჩემთან ერთად თვითმფრინავში, ადგილზე შევამოწმოთ მომწოდებელი და ჩამოვიტანოთ ვაქცინა ერთად. წამოსვლაც არ არის საჭირო, წერილის დაწერაც კი საკმარისია. იმისათვის, რომ არ მოხდეს საეჭვო პირებთან კომუნიკაცია, კომპანიები თავს იზღვევენ და ითხოვენ მთავრობის თანხმობას, რომ ამ კონკრეტულ პირთან შეიძლება კომუნიკაცია. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემს ჩვენ კომპანია ყველა საჭირო დოკუმენტაციას“.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში, „კოვაქს პლატფორმის“ გავლით უნდა შემოსულიყო. თუმცა, ვაქცინის შემოტანის თარიღმა ერთი თვით გადაიწია და 5 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, „კოვაქს პლატფორმის“ მეშვეობით, საქართველოში „ფაიზერის” წარმოების 29 250 დოზა ვაქცინა 22 მარტს უნდა შემოვიდეს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 22 მარტის კვირაშივე უნდა შემოვიდეს საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი, 45 ათასამდე დოზა. რაც შეეხება დანარჩენ დოზებს, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დარჩენილი 130 ათასზე მეტი დოზა საქართველოში ჩამოვა აპრილში.

მინისტრის თქმითვე, გარდა „კოვაქს პლატფორმასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებისა, საიდანაც ქვეყანამ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს, საქართველოს უკვე დაჯავშნილი აქვს მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა იმ მწარმოებლებთან, რომელთა ვაქცინებიც მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილსა და მაისში ელოდებიან.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინების დაჯავშნილი დოზებიდან, 200 ათას დოზა ვაქცინაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია.

ბლუმბერგის 6 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 291 მილიონი ადამიანია აცრილი.

XS
SM
MD
LG