აფხაზეთში დროებით გადაიდო ოპოზიციის მოთხოვნების განხილვა. მიზეზად დასახელდა ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რუსეთში გაემგზავრა და განხილვაზე დასწრებას ვერ შეძლებს. საკითხი, რომელსაც აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, თბილისთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაა.
ყველაფერი დაიწყო ვიდეოჩანაწერით, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი (ამჟამად გადამდგარი), ბენურ კვირაია, ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს სვამს და ამბობს, რომ მტრობით არაფერი გამოვა:
„დავლიოთ ჩემი მეგობრის სადღეგრძელო. ის ქართველია და ბულგარეთში ცხოვრობს. დავითი ჰქვია, გვარად კვარაცხელიაა. ომის დროს ჩემ წინააღმდეგ იყო... რა მინდა ვთქვა, ომი უნდა დამთავრდეს, ჩემი მხრივ ვაღიარებ, რომ ეს არაფერ კარგთან არ მიგვიყვანს... ისინი ჩვენი მეზობლები, ძმები, ნათესავები არიან. ათასწლეულების განმავლობაში ვიყავით ერთად და დღეს უნდა ვიპოვოთ გასაღები შერიგებისთვის“.
ბენურ კვირაია ენგურს გამოღმა ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, არა პოლიტიკური, არამედ კერძო ვიზიტით, ბიზნესინვესტორების მოსაზიდად.
ყოველივე ამის გამო 2 მარტს სოხუმის ცენტრალურ მოედანზე ოპოზიციური პარტიები - „აფსადგილი“, „აბააში“, „არუაა“... - და მათი მომხრეები შეიკრიბნენ. მათ კვირაიას საქციელი დაგმეს და იქვე განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ ერთი კაცის პოზიცია არაა.
„ბოლო დროს სულ უფრო მეტი განცხადება კეთდება საქართველოსთან ვაჭრობის აღდგენის აუცილებლობაზე. ამბობენ, რომ ეს საჭიროა საზღვარზე კონტრაბანდის გამო, რისი მიზეზითაც სახელმწიფო მოგებას კარგავს. ამ ლოგიკით ნარკოვაჭრობაც უნდა დაკანონდეს და ქურდობაც. ვაჭრობის აღდგენის მსურველებს შევახსენებთ, რომ საქართველო მტრული სახელმწიფოა, რომელმაც აფხაზეთის მიწაზე ათასობით ოჯახს ომი და უბედურება მოუტანა“, - წერია ორგანიზაცია „აბააშის“ განცხადებაში.
„ან უნდა იომო, ან უნდა ილაპარაკო“
ქართველებთან ურთიერთობის დალაგებაზე ჯერ კიდევ ზაფხულში აფხაზეთის ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, ალაპარაკდა. ამას მოგვიანებით აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას, განცხადებებიც მოჰყვა. შამბამ თქვა, რომ იზოლაციონისტური პოლიტიკის ნაცვლად საუბარია საჭირო.
„როცა ამბობ, უნდა ველაპარაკოთ საქართველოს, მაშინვე იწყება შეძახილები: „არა, ჯერ გვაღიარონ“. კი მაგრამ, როგორ გვაღიარებენ, თუკი ლაპარაკი არ გვინდა?“
ფრაზა „ჯერ გვაღიარონ“ ამ დღეებშიც ხშირად ისმოდა. „აბააშის“ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი კეთილმეზობლური ურთიერთობისა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო აფხაზეთს დამოუკიდებელ და თანაბარუფლებიან სუბიექტად აღიარებს“.
იანვრის ბოლოს სერგეი შამბამ ინტერვიუ მისცა აფხაზურ ტელევიზია „ამჩრას“, სადაც ის ამბობს, რომ თბილისთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაა საჭირო, რადგან ინვესტიციების გარეშე ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. შამბამ იქვე ისიც აღწერა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია აფხაზეთი ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და მოძველებული ელექტროსისტემის გამო, რომელსაც თან მაინინგის პრობლემაც ერთვის.
„30 წელი გავიდა ომის შემდეგ! მუდმივად ომის რეჟიმში ვერ ვიცხოვრებთ. მეზობელი სახელმწიფოები ვართ და დიალოგი გვჭირდება... ორმხრივი დიალოგია საჭირო. ჯერჯერობით ქართული მხარისგან არაფერი ისმის. შესაძლოა, არც არაფერი მოინდომონ... ჭეშმარიტებაა, რომ როდესაც არის კონფლიქტი, ან უნდა იომო, ან უნდა ილაპარაკო. ცხადია, რომ ომი არც ერთ ჩვენგანს არ უნდა, ესე იგი უნდა ვილაპარაკოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყოს“, - განაცხადა მან.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს შედარებით პრაგმატული ფრთა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ერთგული რჩება, თბილისთან ურთიერთობასაც გეგმავს. ისინი ხედავენ, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალში არ გადაწყდება, ამიტომ ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობები მაინც ააწყონ.
„ ზოგადად, სავაჭრო ინიციატივები კარგია, ეს ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას, მაგრამ ილუზია არ უნდა გაგვიჩნდეს, რომ ამის გამო აფხაზები საკუთარ ეროვნულ პროექტზე იტყვიან უარს“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.
კვირაიას სადღეგრძელო
ბენურ კვირაია, რომლის სადღეგრძელოსაც მიტინგი მოჰყვა, დეტალურად ჰყვება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის არსებული მდგომარეობის შეცვლა.
„ჩემი, როგორც თავისუფალი ეკონომიკური ზონის, „სკურჩა- ჰორიზონტის“, ხელმძღვანელის ამოცანა არის ის, რომ ამ სფეროში ინვესტიციისთვის სათანადო პირობები შევქმნა, რომ აქ სერიოზული კომპანიები შემოვიდნენ, სასტუმროები: Marriott, Hyatt, Hilton.
ჩემთან ჩემი ახლო მეგობარი მოვიდა, მისი ვინაობის დასახელება არ მინდა. მთელი წელი ვიყოლიებდი, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო თბილისში და გვეპოვა ხალხი, ბიზნესმენები, რომლებიც მოგვეხმარებოდნენ რაღაც მანქანებით საქართველოს პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინათ, იმისთვის რომ ტერიტორიაზე „სკურჩა- ჰორიზონტი“ სანქციებს არ ემუშავათ...“, - ამბობს ბენურ კვირაია „ეხო კავკაზასთან“ საუბარში და მაგალითად ისევ საქართველო მოჰყავს:
„საქართველო, რომელსაც თავად არა აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, რუსეთთან ვაჭრობის კუთხით პირველ ადგილზეა. არ ვიცი, აპირებს საქართველო ჩვენს ცნობას თუ არა, მოაწერა ხელი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას თუ არა, მე, უბრალოდ, მინდა შევქმნა გარემო ინვესტიციის მოსაზიდად“.
"ვერშემდაგრი სახელმწიფო"?
მას შემდეგ, რაც სოხუმში აფხაზური საზოგადოების რადიკალური ფრთა შეიკრიბა, რუსეთის ფედერაციის პირველმა ელჩმა თვითაღიარებულ აფხაზეთში, სემიონ გრიგორიევმა, ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ „აფსადგიილ-ინფო“ წერს:
„როდესაც პარლამენტის წინ გამოსული მომიტინგეები დავინახე, დეჟა ვიუ დამემართა. ეს ყველაფერი 2004 წლიდან მეორდება. ერთი ის არის, რომ შუალედები უღმერთოდ მცირდება მოვლენებს შორის. თითქოს ბოროტი ხუმრობააო, მთავრობისადმი პრეტენზიებიც იგივეა. ერთ პრეზიდენტს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ქართველებს გალში პასპორტები დაურიგა, მეორეს იმაში, რომ მტერს ტერორისტი გადასცა, ახლა მიზეზი „ენგურელებთან“ კონტაქტია. იგივე ზიზღი, იგივე რევანშის სურვილი.
ძვირფასო მეგობრებო, ერთი წუთით შეჩერდით და საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ. მგონი, ერთი მეტრით ხართ დაშორებული ზღვარს, როდესაც ჩემი საყვარელი აფხაზეთი მიიღებს სამწუხარო სტატუსს „failed state“, ანუ ვერშემდაგრი სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ჩვენ, თქვენს მეგობრებს რუსეთში, ძალიან დაგვწყდება გული. არ გეწყინოთ, გულით გეუბნებით“, - წერს ყოფილი ელჩი.
3 მარტს საზოგადოება ელოდა, რომ საკითხები, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა, მთავრობის განხილვის საგანი გახდებოდა, თუმცა მოულოდნელად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რუსეთში გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, გამგზავრების მიზეზი გეგმიური სამედიცინო შემოწმებაა: ბჟანიას „კოვიდ-19“ აქვს გადატანილი.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ყარაბაღის ომმა ძალიან შეაშფოთა სეპარატისტული ხელისუფლებები, მათ შორის აფხაზეთისაც, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ თუ რუსულ-ქართული ურთიერთობები შეიცვალა, შესაძლოა გაცვლითი პაიკის როლში აღმოჩნდნენ.
„ამიტომაც იყო მანამდეც, ბჟანია ჩავიდა რუსეთში და რაღაც ხელშეკრულებების მოწერაზე, დაახლოებაზე იყო საუბარი. კრემლს გავლენის მოპოვება სურს მთელ სამხრეთ კავკასიაზე და, აქედან გამომდინარე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მისთვის არ არის გადამწყვეტი“.
პოლიტოლოგის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები რუსეთში ვიზიტებით ცდილობენ, დაარწმუნონ აფხაზური საზოგადოება, რომ მოსკოვი თავის მოვალეობას შეასრულებს.