Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკავების პოლიტიკა რუსულად: დეკანი ამართლებს ნავალნის მოწამვლას


საპროტესტო გამოსვლები ირკუტსკში
საპროტესტო გამოსვლები ირკუტსკში

ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის რეგიონულმა ოფისმა ციმბირის ქალაქ ირკუტსკში გამოაქვეყნა უდიჩონაწერი, რომელიც შეიცავს ირკუტსკის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის განყოფილების დეკანის საუბარს სტუდენტ აქტივისტთან, ევგენია ივანჩენკოსთან.

ივანჩენკოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ის ჩანს გასული თვის საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრების წინააღმდეგ იყო მიმართული. მას შემდეგ, რაც ნავალნი გერმანიიდან დაბრუნდა მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, ის 17 იანვარს დააპატიმრეს. ჯერჯერობით არ არის ნათელი როდის შედგა ივანჩენკოს საუბარი დეკანთან, ოლგა ილინასთან.

დადგინდა, რომ ჩანაწერში, რომელიც 18 თებერვალს გამოქვეყნდა, ხმა ილინას ეკუთვნის. საუბრიდან ნათელი ხდება, რომ ის ამართლებს ნავალნის მოწამვლას ქიმიური იარაღით, ვინაიდან, მისი თქმით, ოპოზიციონერი რუსეთის „დესტაბილიზაციას“ ახდენს.

„ქიმიური იარაღი არის სახელმწიფო პოლიტიკა შეკავებისთვის,“ ამბობს ილინა. „ხომ იცი, როგორ მსოფლიოში ვართ: იყო ერთპოლუსიანი, ორპოლუსიანი, სამპოლუსიანი. ჩვენ თავი უნდა დავიცვათ, როგორც სახელმწიფომ. ნებისმიერი სახის იარაღს შევქმნით, რათა შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა. ისეთები კი, როგორიც ნავალნია, ამას ეწინააღმდეგებიან,“ ასკვნის ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

შარშან აგვისტოში ნავალნი ცუდად გახდა, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი ომსკში დასვეს და მას შემდეგ, რაც მას ადგილობრივ საავადმყოფოში აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, კომაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მისმა ახლობლებმა გერმანიაში გადააფრინეს სამკურნალოდ. ნავალნიმ იქ რამდენიმე კვირა დაყო. გერმანელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საბრძოლო ქიმიური იარაღით იყო მოწამლული. საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა ნავალნის მოწამვლა დააკავშირა ფსბ-ს ოფიცრების ჯგუფთან. თავად ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლა პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით განხორციელდა.

რუსეთის მთავრობა უარყოფს ამ ბრალდებებს. ამავე დროს ხელისუფლება, მტკიცებულებათა არსებობის მიუხედავად, უარს ამბობს სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და გამოძიებაზე.

როცა ივანჩენკო შეეკამათა დეკანს, რომ „რუსეთში ვითარება უკვე არის არასტაბილური“, ილინამ გააგრძელა მისი ინდოქტრინაცია.

„არ დაგეთანხმები. სტაბილურია. მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ნავალნი, მის დესტაბილიზაციას ახდენენ. და სახელმწიფო სწორად იქცევა, რომ არავის არ აძლევს მისი დესტაბილიზაციის უფლებას. შეხედე, რა უყვეს უკრაინას.“

ამის შემდეგ დეკანი იმეორებს კრემლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომ აშშ იდგა უკრაინაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების უკან, რომელთა შედეგად ხელისუფლება დატოვა რუსული ორიენტაციის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

„და ბელარუსში რა ხდება ახლა?“ - ამბობს ილინა და დასძენს, რომ „აქაც იგივე სიმღერაა“.

არ არის ცნობილი, დასაჯეს თუ არა ივანჩენკო პოლიტიკური აქტივისტობისთვის.

ირკუტსკის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტმა რადიო თავისუფლებას უარი უთხრა კომენტარზე. ირკუტსკის ადგილობრივი ვებსაიტი იტყობინებოდა, რომ მასაც უარი უთხრეს კომენტარზე და განუცხადეს, რომ ილინა „შვებულებაშია“.

23 და 31 იანვრის საპროტესტო გამოსვლებში, რომლებშიც ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მთელი რუსეთის მასშტაბით, ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი დააკავა. ირკუტსკში მინიმუმ 74 პირი დასაჯეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობის ან სამართალდამცველთა მითითებების უგულებელყოფის ბრალდებით.

როგორც ამ გამოსვლების შემდეგ აცხადებს მისი მრავალი მონაწილე, მას შემდეგ მათზე თავდასხმები ხორციელდება. ნავალნის მხარდამჭერ აქტივისტს, რუსლან აბლიაკიმოვს 20 თებერვალს დაღესტანში დაესხნენ თავს უცნობი პირები და სასტიკად სცემეს.

კრასნოდარში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 21 თებერვალს ნავალნის მხარდამჭერ ანასტასია პანჩენკოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართლის საქმე აღძრა „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდისთვის“. როგორც იტყობინებიან, მან გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ერთი და იმავე სქესის წყვილები ერთმანეთს კოცნიან 14 თებერვალს ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე.

19 თებერვალს ნოვოსიბირსკში უცნობმა პირმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა მანქანას, რომელიც ნავალნის მხარდამჭერ აქტივისტს ეკუთვნოდა.

მრავალი კომპანია, რომელთა მენეჯერები საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილებამ ამოიღო სამიზნეში ინსპექციებისთვის.

XS
SM
MD
LG