Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა გაუსამართლებლად ადამიანების სიკვდილით დასჯის ფაქტები ჩეჩნეთში


ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები 2017 წლის იანვარში, გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის წინ, რამდენიმე პატიმარს აიძულებდნენ, ვიდეოკამერის წინაშე დაედოთ ფიცი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინაშე, შემდეგ კი უარი ეთქვათ ამ ორგანიზაციის წევრობაზე. ამის შესახებ ნათქვამია დამოუკიდებელ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში.

იმავე 2017 წლის ზაფხულში, „ნოვაია გაზეტა“ იუწყებოდა, რომ ჩეჩნეთში 26 იანვარს დახვრიტეს გროზნოში 17 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 27 პირი, რომლებიც ახმატ კადიროვის სპეცდანიშნულების პოლკის ტერიტორიაზე ჰყავდათ იზოლირებული.

2017 წლის აპრილში, „ნოვაია გაზეტამ“ 30 მოკლული ჩეჩნის სია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გადაუგზავნა. გამომძიებლებმა დაადასტურეს 4 პირის დაღუპვა. ორი კი ცოცხალი იპოვეს და გადასცეს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულის, ტატაიანა მოსკალოვას, აპარატს. სინამდვილეში კი ისინი აღმოჩნდნენ 2017 წელს მოკლული მოხმი მუსკიევისა და შამხან იუსუპოვის ძმები, რომლებიც აიძულეს, ტყუილი ეთქვათ.

ჩრდილოეთ კავკასიის ჩეჩნეთის რეგიონი კრემლის ფავორიტი ავტოკრატი ლიდერის, რამზან კადიროვის კონტროლქვეშ იმყოფება. კადიროვის უსაფრთხოების ძალებს უფლებადამცველები ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, მათ შორის - ადამიანის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში.

XS
SM
MD
LG