რუსეთში ახლახან ჩავლილი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სრულიად ახალი ტენდენცია შეინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალ ქალაქში იკრიბებიან სტუდენტებისა და დასაქმებულთა ჯგუფები და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ ვიდეოკლიპებს იღებენ.
ციმბირში, ურალსა თუ მოსკოვის გარშემო მდებარე ქალაქებში ხალხმა ჩაიცვა საკუთარი ფაბრიკა-ქარხნების ფორმები და პატრიოტული მუსიკის ფონზე ხელების ქნევით გაიძახოდა ლოზუნგებს: „პუტინი ჩვენი პრეზიდენტია!“ და „ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ჩვენ თქვენთან ვართ!“
„ქარხნების მუშები, მოხალისეები, ათლეტები, დიდი საწარმოების თანამშრომლები და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გულგრილი არ არიან, მადლიერების სიტყვებით იწერენ ვლადიმირ პუტინისადმი ვიდეომიმართვებს“, წერდა სამთავრობო „როსიისკაია გაზეტა“.
მაგრამ ამ აქციების მონაწილეთა მონათხრობი სხვაზე მეტყველებს. მათი თქმით, ეს საერთო რუსული ფლეშ-მობი, რომელიც, სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში სოციალური დისტანციისა და ნიღბის ტარების წესების სრული დარღვევით მოეწყო, სულაც არ ყოფილა 21 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში მყოფი ლიდერის მიმართ სიყვარულის სპონტანური გამოხატულება.
მოსკოვის იურიდიული სასწავლებლის სტუდენტების თქმით, მათ მიიღეს ერთნაირი მიწვევები შეთავაზებით, რომ შეიძლება ყოფილიყვნენ იმ 50-ს შორის, ვინც მონაწილეობას მიიღებდა ქვეყნის მასშტაბის ტელეგადაცემაში და შეხვდებოდა სახელმწიფო დუმის წევრებს. ეს აქცია სწორედ სახელმწიფო დუმის მიერ იყო ორგანიზებული.
მიწვევაში ვკითხულობთ, რომ ეს იქნებოდა ფლეშ-მობი „ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, რომელიც ლიდერია COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
მაგრამ როცა სტუდენტები მივიდნენ მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც უნდა გადაეღოთ ვიდეოკლიპი, აღმოჩნდა, რომ ამ ღონისძიებას ცოტა რამ ჰქონდა საერთო პანდემიასთან.
ამის ნაცვლად სტუდენტები დააყენეს დიდი ეკრანის წინ, რომელზეც პუტინის მხარდამჭერი ლოზუნგები ეწერა და უთხრეს, რომ ეს მოწოდებები გაემეორებინათ, თან რუსეთის დროშები უნდა ეფრიალებინათ.
მოსკოვის ეს შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთია. ასეთი პროსამთავრობო ღონისძიებები მრავლად გაიმართა მას შემდეგ, რაც 23 და 31 იანვარს და 2 თებერვალს ქვეყანა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების ტალღამ მოიცვა.
ამ საპროტესტო გამოსვლების წინ ხელისუფლებამ მრავალი აქტივისტი დააპატიმრა და იერიში მიიტანა სოცმედიის პლატფორმებზე, რომლებმაც ნავალნის მხარდამჭერი კლიპები გამოაქვეყნეს. მაგალითად, TikTok-ზე ამ ოპოზიციურ კონტენტს 100 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ TikTok-ს მოსთხოვა, ეს კონტენტი მოეშორებინა და დაიმუქრა, რომ დიდ ჯარიმებს დააკისრებდა ნებისმიერ პლატფორმას, რომელიც საპროტესტო გამოსვლების მოწოდებებს შეიცავდა.
მაგრამ ჰეშტეგს #FreedomForNavalny სულ უფრო და უფრო მეტ კონტენტს ურთავდნენ და ხელისუფლების გაფრთხილებამ, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა ამ საპროტესტო ტენდენციას, რომელიც ვირუსულად გავრცელდა.
სწორედ ამ დროს იშვა პუტინის მხარდამჭერი ფლეშ-მობის იდეა და მეტოქე ჰეშტეგი #PutinIsOurPresident.
ბარნაულში ასბესტის ქარხნის მუშებმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს ვიდეოკლიპი წარწერით: „ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამოქალაქო პოზიცია და ჩვენი არჩევანი!“
სამარაში რამდენიმე ათეული სკოლის მოწაფე შეიკრიბა საფეხბურთო სტადიონზე და პოპულარულ როკჯგუფ Lyube-ს მუსიკაზე ცეკვა დაიწყო. კლიპს ხსნის კაცი სიტყვებით: „ახალგაზრდები ჩვენი სამშობლოს გული და მამოძრავებელი ძალაა. სამარის ახალგაზრდობა სრულად უჭერს მხარს პუტინს, ჩვენს პრეზიდენტს!“
პირველი ფლეშ-მობი გაიმართა ეკატერინბურგში, სადაც რამდენიმე ასეულმა მუშამ იცეკვა ონლაინ სუპერმარკეტ Sima-Land-ის საწყობში, იმავე Lyube-ს სიმღერაზე. Sima-Land-ის მფლობელმა ანდრეი სიმანოვსკიმ E1.ru-ს განუხადა, რომ „უბრალოდ უნდოდა“ კლიპის ჩაწერა და სულაც არ უფიქრია საპროტესტო გამოსვლების საპირისპირო რამე.
მაგრამ როგორც ამ ღონისძიების ანონიმმა მონაწილემ უთხრა მოგვიანებით იმავე E1.ru-ს, თავიდან თანამშრომლებს სთხოვეს, მონაწილეობა მიეღოთ ვიდეოში, რომელსაც პანდემიის შემდეგ სამსახურში დაბრუნების აღსანიშნავად იღებდნენ. „არავის გავუფრთხილებივართ პუტინის მხარდამჭერი ლოზუნგების შესახებ. მათ არჩევანი არ დაგვიტოვეს“, თქვა ანონიმმა თანამშრომელმა.
სხვა აზრისაა ფლეშ-მობის კიდევ ერთი მონაწილე, ოლგა პოლტორანოვა.
„დიახ, ვიცეკვე. დიახ, ჩემი სურვილით. დიახ, მიყვარს პუტინი. წადით, თქვენ და თქვენი მოსაზრებები...“ - დაწერა მან მედიაპლატფორმა VK-ში.