Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა ექიმი თანახმაა აიცრას?


COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა. რიგში პირველი მედპერსონალია. გაიკეთებენ თუ არა Сovid-19-ის ვაქცინას თავად ექიმები?

თეონა პედიატრია, ანუ ვაქცინაცია მისთვის ჩვეული გეგმიური პროცესია, თუმცა აიცრება თუ არა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

გამოცდილი ვაქცინები, რომლებსაც, უკვე წლებია, იკეთებენ კარგია და ვიცით, რომ არ მოაქვს ზიანი, მაგრამ Сovid 19-ის ვაქცინისგან შეიძლება თავი შევიკავო. ახალია, არ ვიცი გვერდითი მოვლენები რა ექნება“, - ამბობს ის.

თეონას არც გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთებია. ის ამბობს, რომ სეზონური ვაქცინა მხოლოდ რამდენიმე შტამს ეხება, „ტყუილად იმუნიტეტი რატომ უნდა დავისუსტო?!“- ამბობს ის. თეონა ერთადერთი არ არის, ვინც ასე ფიქრობს. NDI-იმ საქართველოში ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას მოსახლეობის 41% აპირებს, ზუსტად ამდენივე კი უარზეა, კიდევ 17 %-მა კი ჯერ არ იცის, როგორ მოიქცევა.

ამასობაში ჯანდაცვის საინისტრომ მედიკოსების ასაცრელად მათი მონაცემების შეგროვება დაიწყო. საქართველოში მთლიანად 75 000 მედიცინის მუშაკია, აქედან ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 – 60 %, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენი სამიზნე ამ წლის განმავლობაში არის 60%“, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ცენტრის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები 6%-ია. გარდაიცვალა 62 ადამიანი, ანუ 0.4 %.

ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერიძე მიიჩნევს, რომ განწყობები კონკრეტულად ამ ვაქცინის მიმართ ახლა ყალიბდება, მათ შორის სამედიცინო პერსონალში. თუ ინფორმაცია გაურკვეველი იქნა, შესაძლოა, ადამიანს ფსიქოლოგიურად გაუჭირდეს გადაწყვეტილების მიღება. ექიმიც ჩვეულებრივი ადამიანია. ამიტომ მაქსიმალურად ბევრი უნდა ვიცოდეთ ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ“, - ამბობს მარინა ბერიძე.

ექსპერტი გვეუბნება, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროში ყოველთვის არის დებატები, ძირითადად ვაქცინის შექმნის ტექნოლოგიიდან გამომდინარე. ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ როდესაც Covid 19-ის ვაქცინა საქართველომდე მოაღწევს, უეჭველად ყველა ექიმი და ექთანი აიცრება.

მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება ისაა, რომ უკვე ყველა ექიმისთვის გახდა ნათელი, რამდენად რთული ვითარება გვაქვს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი თავად დაინფიცირდა. ეს ვირუსი რომ ვერაგია, საკუთარ თავზე გამოსცადეს, ამიტომ ექიმების მხრიდან ვაქცინაცია არ შეფერხდება“, - ამბობს მარინა ბერიძე.

ის ვარაუდობს, რომ თავდაპირველად ვაქცინა გაუკეთდებათ იმ ექიმებსა და ექთნებს, ვისაც ახალი კორონავირუსი ჯერ გადატანილი არა აქვს, ხოლო მოგვიანებით მათ, ვინც დაავადება უკვე მოიხადა.

ამ დრომდე არ არსებობს წინასწარი მონაცემები, სამედიცინო სფეროს რამდენი წარმომადგენელია თანახმა ვაქცინაციაზე.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG