Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბ-ნო პრემიერო, გთხოვთ ჭიაურის ჭალის ტყე განადგურებას გადაარჩინოთ!“ - წერილი გიორგი გახარიას


ჭიაურის ჭალის ტყეში მოჭრილი ხეები
ჭიაურის ჭალის ტყეში მოჭრილი ხეები

კახეთში მუდმივმოქმედი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საქართველოს პრემიერ- მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს წერილი გაუგზავნეს. წერილის ავტორები მოითხოვენ დროული რეაგირება მოხდეს და სასწრაფოდ აღიკვეთოს მდინარე ალაზნის აუზში ჭალის ტყის განადგურება. საინიციატივო ჯგუფის წერილის თანახმად, ჭალის უძველესი ტყეები უკვე განადგურების პირასაა, სახელმწიფოსგან კი მათ გადასარჩენად ქმედით ნაბიჯებს ვერ ხედავენ.

„ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2018 წლიდან, გაურკვეველმა ჯგუფებმა აქტიურად დაიწყეს ტყის ჩეხა. ნადგურდება ასწლოვანი მუხები და კაკლები. კიდევ უფრო უმოწყალოდ იჩეხებოდა ტყე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მას შემდეგაც. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ჭალის ტყეები, მართლაც, უნიკალურია. წითელ წიგნშია შეტანილი აქაური მუხა და კაკალი და, ამ ყველაფრის მიუხედავად, მას დაუნდობლად აჩანაგებენ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფერს ვიღაც მფარველობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ გაბედავდა ამ საშინელებას. საინტერესოა, რატომ არ ინტერესდებიან შესაბამისი სამსახურები ამ ყველაფრით. გთხოვთ სასწრაფოდ აღკვეთოთ ეს უკანონო საქმიანობა“, - ნათქვამია წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრს და რამდენიმე უწყებას გაეგზავნა.

წერილის ერთ-ერთი ავტორი სამოქალაქო აქტივისტი და მუსიკის მასწავლებელი ლალი ევტუშენკოა. ის მოელის, რომ წერილის ადრესატების მხრიდან რეაგირება მოხდება და ჭალის ტყე განადგურებას გადაურჩება. გარდა ამისა, მას მოლოდინი აქვს, რომ იმისთვის, რაც უკვე განადგურდა, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ ადამიანებს. ევტუშენკომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ რეაგირება არ იქნა, საპროტესტო აქციები დაიწყება:

„ვინც ეს გააკეთა, ეს არის სამშობლოს ღალატი! პატარა სამშობლოში ბუნებამ რაღაც გაჩუქა, შენ კიდევ სპობ. გაიგონ, ვინ გაჩეხა და ჩეხავს, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილ მუხებსა და კაკლის ხეებს. ჩვენ გვგონია, რომ ზემდგომების მფარველობის გარეშე ამ უკანონობას ვერავინ ჩაიდენდა. აქ, ალბათ, ჩართული არიან ჩინოვნიკები, რომელთაც არავისი არ ეშინიათ. ჩვენი მოთხოვნაა ამ უკანონობას დროულად მიეხედოს, სხვა შემთხვევაში მოსახლეობა აქციას გავმართავთ“.

რადიო თავისუფლება, რამდენიმე დღეა, ცდილობს გაარკვიოს, მაგალითად, მიიღო თუ არა წერილი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ და რა სახის რეაგირება მოხდება მათი მხრიდან, თუმცა უწყების პრესსამსახურში არც სატელეფონო ზარებს უპასუხეს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ჩვენ დავუკავშირდით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც. უშუალოდ ეს უწყებაა პვალდებული ჭალის ტყეებში ნებისმიერი სახის კანონდარღვევა აღკვეთოს. დეპარტამენტში გვითხრეს, რომ საინიციატივო ჯგუფის წერილი საბოლოოდ, სავარაუდოდ, მათ გაეგზავნებათ და წერილის ადრესატებს პასუხსაც დაუბრუნებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, უწყებამ მხოლოდ 2020 წელს კახეთში, მათ შორის ჭალის ტყეებში, ხე-ტყის უკანონო ჭრის 1000-ზე მეტი ფაქტი გამოავლინა და მაშინ კანონდამრღვევებს 2000 კუბურ მეტრზე მეტი საშეშე მერქანი ჩამოერთვათ.

2002 წელს საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა ალაზნის პირას 5 000 ჰექტარი ჭალის ტყე 20 წლის სარგებლობის ვადით შპს „ფაუნას“ გადასცა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. „ფაუნას“ ხელმძღვანელი თემურ ტყემალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხე-ტყის მასობრივ ჭრას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებებიც არაეფექტურია. ტყემალაძე იმასაც ამბობს, რომ არსებულ კანონდარღვევაზე რეაგირების თხოვნით ადგილობრივ პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, მათ შორის წერილობითაც, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა.

„იღუპება ის უნაკალური ტყე, რომლის ფასეულიც არაფერი გაგვაჩნია! ჩამოყალიბებულია რამდენიმე მავნებელი ჯგუფი, რომელთაც მე ქვეყნის მტრებს ვუწოდებ. ისინი რატომღაც არ ისჯებიან. ვინ მფარველობს მათ, მე ეს არ ვიცი. აქ რაც ხდება, გარემოს დაცვამაც იცის. ვიღაცები დააჯარიმეს, მაგრამ საბოლოოდ არაფერი იცვლება!“ - განაცხადა თემურ ტყემალაძემ, თუმცა „მავნებელი ჯგუფის“ წევრთა ვინაობა არ დაუსახელებია.

ჭიაურის ჭალის ტყე
ჭიაურის ჭალის ტყე

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ალაზნისპირა ჭალის ტყეში ხე-ტის უკანონო ჭრის შესახებ ინფორმაცია მედიით აქტიურად გაშუქდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს კახეთის სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს უფროსი გელა კომლაძე. გათავისუფლება დაგვიდასტურეს სატყეო სააგენტოს პრესსამსახურში, თუმცა თქვეს, რომ კომლაძე უწყებაში რჩება და მუშაობას გააგრძელებს სააგენტოს თბილისის ოფისში.

რა რეაგირება მოჰყვება ჭიაურის ტყესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წერილსა და მათ მოთხოვნებს, ამის შესახებ ჩვენ მომავალში გიამბობთ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG