ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ჩინეთში იმყოფება კორონავირუსის ადამიანზე გადასვლის მიზეზების შესასწავლად, მოინახულა ქალაქ უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი. სწორედ ამ ბაზრის თანამშრომელთა შორის იჩინა COVID-19-მა პირველად თავი 2019 წლის დეკემბერში.
ექსპერტებმა ბაზარზე დაახლოებით ერთი საათი დაყვეს, მაგრამ ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ. WHO-ს ექსპერტებს ხუთშაბათს დაუმთავრდათ ორკვირიანი კარანტინი, რომელშიც ისინი მოთავსებული იყვნენ ჩინეთში ჩასვლის შემდეგ. მას მერე მათ მოინახულეს საავადმყოფოები და სხვა ბაზრები. ამავე დროს WHO აღნიშნავს, რომ მისიის წევრები შეზღუდული არიან მოქმედებაში - ჩინეთის ხელისუფლება მათ არ აძლევს ადგილობრივ მოსახლეობასთან თავისუფლად ურთიერთობის საშუალებას და ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების ზომებით ხსნის. WHO-ს ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შედიან.
მათი მიზანია, შეეცადონ გამოიკვლიონ უჰანში პირველი ადამიანების დაავადება ახალი ტიპის კორონავირუსით.
ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადგენილმა რაოდენობამ 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. პანდემიის განმავლობაში დაავადებით გარდაიცვალა 2 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი.
სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ადამიანს ცხოველებისგან გადაედო. ბოლომდე არ არის გამორიცხული არც ვირუსის ხელოვნური წარმომავლობის ვერსია, რასაც ჩინეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.