Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენი მაგალითის ძალა“ - ბლინკენი სენატის წინაშე წარდგა


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

ავტორი: ეკა მაღალდაძე, ამერიკის ხმა

ჯო ბაიდენის ამერიკის 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაციამდე ერთი დღეღა რჩება. მის მიერ ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე შერჩეული კანდიდატი ენტონი ბლინკენი კი სამშაბათს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა და უმთავრეს პრიორიტეტებზე ისაუბრა. ბლინკენი პოსტზე სწორედ სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ქვეყნის პირველი დიპლომატობის კანდიდატმა გამოსვლის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ ეს თანამშრომლობა ხდის ქვეყანასა და მის საგარეო პოლიტიკას უფრო ძლიერს, ვიდრე ცალკეული გადაწყვეტილებები აღმასრულებელი შტოს მხრიდან. მან დიპლომატიური კორპუსის გაძლიერების და ავტორიტარული ქვეყნებისგან მომდინარე გამოწვევებთან გამკლავების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ ჩვენი ფუნდამენტური კავშირები და ალიანსები... ერთად, ჩვენ უკეთესი პოზიციები გვაქვს რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების წინააღმდეგ და იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები დავიცვათ.
ენტონი ბლინკენი

გამოსვლის გამხსენილი სიტყვის წარმოთქმისას, ბლინკენმა თავისი მომავალი მისიის პერსონალური მნიშვნელობის ხაზგასასმელად საკუთარი ოჯახის წევრების ისტორიაც გაიხსენა და სენატორებს უამბო, როგორ დააღწიეს თავი რუსების დევნასა თუ ჰოლოკოსტს მისმა უახლოესმა წინაპრებმა ევროპიდან და როგორ აღმოჩნდა ამერიკა მათთვის თავშესაფარი და თავისუფლების გარანტი.

ბლინკენის ოჯახის არაერთი წევრი ასევე დიპლომატიური საქმიანობითაა დაკავებული ან საჯარო მოხელეა. ამავე კომიტეტმა პოზიციებზე სხვადასხვა დროს დაამტკიცა მისი მეუღლე, მამა და ბიძა.

ბლინკენმა საერთაშორისო არენაზე ამერიკის ინტერესებისა და დიპლომატიის დაწინაურების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკას არა მხოლოდ ძალის მაგალითის მიცემა უნდა შეეძლოს, არამედ თავად იყოს მაგალითი:

„ერი, რომელიც ლიდერია არა მხოლოდ ჩვენი ძალის მაგალითით, არამედ ჩვენი მაგალითის ძალითაც“, - თქვა ბლინკენმა.

დიპლომატმა საკუთარ პრიორიტეტებს შორის უპირველესად სახელმწიფო დეპარტამენტის გაძლიერება დაასახელა და საგარეო საქმეთა მიმართულებით დასაქმებულ საჯარო მოხელეთა და დიპლომატთა როლზე ისაუბრა. „ისინი ამერიკულ დიპლომატიას განახორციელებენ“, - თქვა ბლინკენმა და ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური კორპუსის გაძლიერებასთან ერთად, უშუალოდ დეპარტამენტში უფრო მრავალფეროვანი, ინკლუზიური და არაპარტიული სამუშაო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

„თავმდაბლობა და თავდაჯერება“ - ბლინკენის თქმით, ამ ორი სიტყვით განისაზღვრება მსოფლიოში ამერიკის ლიდერობის ორი მხარე.

თავმდაბლობა იმის გამო, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს შინ გასაკეთებელი იმისთვის, რომ საგარეო პოზიციები გავამყაროთ. მსოფლიოს პრობლემების დიდი ნაწილი არ არის ჩვენს შესახებ, ჩვენზე გავლენას ახდენს, მაგრამ არც ერთ იმ უდიდეს გამოწვევას, რომელიც ჩვენ გვაქვს, მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალისხმევა ვერ გაუმკლავდება. ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოსიც კი, როგორიც ამერიკაა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიმოქმედებთ თავდაჯერებით, რომ ამერიკას კვლავ აქვს საუკეთესო შესაძლებლობები, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას დედამიწაზე იმისთვის, რომ სხვების მობილიზება მოახდინოს უფრო დიდი, საზოგადო სიკეთისთვის“, - უთხრა სენატორებს ამერიკის პირველი დიპლომატობის კანდიდატმა.

სწორედ მოკავშირეებთან თანამშრომლობის კონტექსტში ისაუბრა ენტონი ბლინკენმა რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებობს.

„ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ ჩვენი ფუნდამენტური კავშირები და ალიანსები... ერთად, ჩვენ უკეთესი პოზიციები გვაქვს რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების წინააღმდეგ და იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები დავიცვათ“, - თქვა ბლინკენმა.

ამავე კონტექსტში მან ასევე ისაუბრა კოვიდ-კრიზისისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების დაძლევაზეც და იმაზე, რომ ყველაფერს, რაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაკეთდება, ამერიკელი ხალხისთვის უნდა მოჰქონდეს სარგებელი.

მსოფლიოში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ავაღორძინებთ ამერიკულ დიპლომატიას და ამ ეპოქის ყველაზე მწვავე გამოწვევებს დავუპირისპირდებით. ჩვენ გამოვჩნდებით ყველგან და ყოველთვის, სადაც ამერიკელთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ემუქრება საფრთხე; ჩავერთვებით მსოფლიოში არა ისეთში, როგორიც იყო, არამედ როგორიც არის - მსოფლიოში, სადაც ძლიერდება ნაციონალიზმი, დემოკრატია უკან იხევს, იზრდება მეტოქეობა ჩინეთთან, რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებთან. რაც თავის მხრივ, ზრდის სტაბილურობის საფრთხეებს", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

მან ძალთა ვაკუუმის რისკებზეც ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც ამერიკა არ ერთვება ამა თუ იმ მნიშვნელოვან პროცესში, ამით უპირატესობას ან სხვა ქვეყანა იღებს ან არავინ, და ამას შედეგად ქაოსი მოაქვს. „არც ერთ ამ შესაძლებლობას ამერიკელი ხალხისთვის სარგებელი არ მოაქვს“, - მიაჩნია დიპლომატს.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში საკანონმდებლო ორგანოს წვლილი უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტის მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში კონგრესის ტრადიციული - პარტნიორის როლი უნდა აღდგეს.

„ბოლო წლების განმავლობაში, ორივე პარტიის ადმინისტრაციების პირობებში კონგრესის ხმა საგარეო პოლიტიკაში შემცირებული, დაკნინებული იყო. ეს აღმასრულებელ ხელისუფლებას უფრო ძლიერს სულაც არ ხდის, ეს ჩვენს ქვეყანას ასუსტებს“, - თქვა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის 6-წლიანი გამოცდილებაც გაიხსენა.

დიპლომატმა თქვა, რომ ამ პერიოდში გამოვლილი „გაკვეთილები“ ამერიკული დიპლომატიის დასაწინაურებლად და ამერიკელი ხალხის ინტერესების დასაცავად მათი თანამშრომლობის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

„არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა და მეც ვიზიარებ, რომ არანაირი საგარეო პოლიტიკა არ შეიძლება განხორციელდეს ამერიკელი ხალხის ინფორმირებული თანხმობის გარეშე. თქვენ ამერიკელი ხალხის წარმომადგენლები ხართ, თქვენ გვაძლევთ რჩევასა და თანხმობას. ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნის გადაუდებელ პრობლემებს, თუკი ერთად ვიმუშავებთ და მე ამ მიზნის ერთგული ვარ. თუკი მე ამ პოსტზე დამამტკიცებენ, მე ვიქნები თითოეული თქვენგანის პარტნიორი ყველა ამერიკელის სახელით“, - მიმართა სენატორებს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა.

ბლინკენმა კომიტეტის წევრი ზოგიერთი სენატორის კითხვებსაც უპასუხა. სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვაზე, როგორ გააგრძელებს ახალი ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ზეწოლას, ბლკინკენმა თქვა, რომ რუსეთი მრავალ სხვადასხვა ფრონტზე უქმნის ამერიკას მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ.

„გასაოცარია, როგორ ეშინია ვლადიმირ პუტინს ამ ერთი ადამიანის. ეს ბევრის მთქმელია. ვფიქრობ, ბატონი ნავალნი არის მილიონობით რუსის ხმა და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი რუსეთში. ბატონი ნავალნის გაჩუმებით, ამ ხმის გაჩუმების მცდელობა არის ის, რასაც მტკიცედ ვგმობთ. ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთის მიერ სხვადასხვა ფრონტზე შექმნილი გამოწვევები, ასევე გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს და ეს საკითხი მომავალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში უმთავრეს საკითხებს შორისაა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენი 58 წლის გამოცდილი დიპლომატია. მას რამდენიმე ადმინისტრაციის პერიოდში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. 2013 - 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი მუშაობდა სენატში და სხვა უწყებებში.

XS
SM
MD
LG