ვაშინგტონის მერმა 15 დღით გააგრძელა 6 იანვარს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
აშშ-ის დედაქალაქში უკვე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი, საღამოს ექვსიდან დილის ექვს საათამდე. საგანგებო ზომების მიღება უკავშირდება 6 იანვარს მომხდარ მასობრივ არეულობას.
ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
სხდომა დაახლოებით ოთხი საათით შეწყდა. კაპიტოლიუმის შენობაში სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა ერთი ადამიანი. ვაშინგტონის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე 52 პირი.