თბილისის მსგავსად, დენი რეგიონებშიც გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებშიც იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე.
ტარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა" 12 მილიონი ლარით შეუმცირეს "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმოდგენილი ხარჯები.
საყოფაცხოვრებო ტარიფი:
- 0 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 14,237 თეთრიდან 17,731 თეთრამდე;
- 101 კვტ.სთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 18,213 თეთრიდან 21,707 თეთრამდე;
- 301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 22,733 თეთრიდან 26,227 თეთრამდე.
- ფასში გათვალისწინებული დღგ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი დაახლოებით 3,5 ლარით ლარით მეტს გადაიხდის.
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი:
- 110-35 კვ - იზრდება 14,237 თეთრიდან 23,995 თეთრამდე;
- 10–6–3.3 კვ - იზრდება 18,213 თეთრიდან 26,169 თეთრამდე;
- 0.4 კვ - იზრდება 22,733 თეთრიდან 27,085 თეთრამდე;
- ფასში გათვალისწინებული არ არის დღგ.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" არ იზიარებს სემეკის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ზრდა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო.
"ეს არის უფრო ნაკლები, ვიდრე "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკუთვნოდა", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.
გახარიას თქმით, საქართველოში 1 700 000 აბონენტია და მათგან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95%-ს.