Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დენი გაძვირდა


თბილისში დენი გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი ზრდა 11 თეთრზე მეტია.

ტარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა" 16 მილიონი ლარით შეუმცირა "თელასს" წარმოდგენილი ხარჯები, რაც საერთო ხარჯის 18 პროცენტი იყო.

საყოფაცხოვრებო ტარიფი:

  • 0 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 14,544 თეთრიდან 18,041 თეთრამდე;
  • 101 კვტ.სთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 18,556 თეთრიდან 22,053 თეთრამდე;
  • 301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 23,04 თეთრიდან 26,537​ თეთრამდე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი:

  • 110-35 კვ - იზრდება 16,111 თეთრიდან 27,37 თეთრამდე;
  • 10–6–3.3 კვ - იზრდება 16,882 თეთრიდან 29,646 თეთრამდე;
  • 0.4 კვ - იზრდება 21,319 თეთრიდან 32,931 თეთრამდე.

ფასში გათვალისწინებული დღგ.

"ვერ გავიზიარებთ თქვენ მიერ შემოთავზებულ ტარიფების სტრუქტურას... ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ პროექტში აღნიშნული იყოს, რომ 6-თვიან პერიოდში, კომპანიის აცდენა რეალობასთან ტარიფში 2021 წლის ივლისიდან აისახოს... აცდენა ჩვენსა და თქვენს გამოთვლებს შორის არის დაახლოებით 150 მლნ კვტ.სთ, რაც არის დაახლოებით 13 მლნ ლარი", - განაცხადა "თელასის" წარმომადგენელმა.​

2021 წლის ივლისისთვის "სემეკი" ტარიფებს ხელახლა გადახედავს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.

გახარიას თქმით, საქართველოში 1 700 000 აბონენტია და მათგან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95%-ს.

XS
SM
MD
LG