Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის მოლდოვას მთავრობის გადადგომის შემდეგ


მოლდოვის პრემიერ-მინისტრი იონ კიკუ.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი იონ კიკუ.

23 დეკემბერს მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, იონ კიკუმ, მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა, რაც ქვეყნის პრეზიდენტად პროევროპელი მაია სანდუს არჩევის შემდეგ მოლდოვაში არავის გაჰკვირვებია.

მით უფრო, რომ დღესვე თავის სხდომაზე პარლამენტს უნდა განეხილა მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ სანდუ მწვავედ აკრიტიკებდა ქვეყნის მთავრობის უმოქმედობას კორონავირუსის პანდემიისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარს უჭერდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დაუკავშირა თავისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა იონ კიკუმ.

„ესაა მიზანი, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ პრიორიტეტულად - დავუბრუნოთ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა თავის გადაწყვეტილების კომენტირებისას იონ კიკუმ.

მაგრამ როგორ უნდა დაუბრუნდეს მოლდოვა „ნორმალურ ცხოვრებას“ და რით დასრულდება სამთავრობო კრიზისი? - ეს არის უმთავრესი კითხვა, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის მონახვა მოლდოვაში ჯერჯერობით საკმაოდ ჭირს.

ის, რაზეც ყველა შეთანხმებულია

გარეგნულად ისე ჩანს, რომ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელს ყველაზე მეტად უნდა აძლევდეს მოლდოვის პირველ ქალ პრეზიდენტს, მაია სანდუს, რომლის ინაუგირაციაც 24 დეკემბერს გაიმართება.

„მთავრობის გადადგომის შემდეგ თუ საკანონმდებლო ორგანო, ორი მცდელობით, 90 დღის განმავლობაში, ვერ შეძლებს მომავალი პრემიერ-მინისტრის არჩევას, მაშინ ქვეყნის პრეზიდენტს აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის დათხოვნის შესახებ“, - განაცხადა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ტენასემ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

არსებული კონფიგურაციით მოლდოვის პარლამენტი, დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებს კოალიციის შექმნას და მთავრობის ფორმირებას, ეს კი აუცილებლად ნიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რასაც მოლდოვაში მხარს უჭერს ყველაზე დიდი საპარლამენტო პოლიტიკური ძალა და თავად პარლამენტის თავმჯდომარე, ზინაიდა გრეჩანი.

„ეს პარლამენტი არ არის არჩევნების შედეგი. იგი დათხოვნილ უნდა იქნეს“, - განაცხადა 23 დეკემბერს პარლამენტის სპიკერმა, ზინაიდა გრეჩანმა.

საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ 2019 წლის თებერვალში არჩეული ქვეყნის 101-კაციანი პარლამენტი პოლიტიკურ ძალთა ბალანსს ვერ ასახავს.

ძველი საარჩევნო კანონით ბოლოჯერ ჩატარებული არჩევნების შედეგად, 101-მანდატიან პარლამენტში 50 ადგილი ერგოთ პარტიებს, 51 ადგილი კი - ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატებს.

თანაც, არჩევნებიდან ხუთ თვეში დემოკრატიული პარტია, რომელსაც ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი თავმჯდომარეობს, ხელისუფლებას ჩამოშორდა. თვითონ პლაჰოტნიუკი, მოლდოვის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც ოპოზიცია ძალაუფლების უზურპაციაში სდებს ბრალს, უცხოეთში გაიქცა, მისი პარტიის დეპუტაცია კი სხვადასხვა საპარლამენტო ძალას - დიდწილად, იგორ დოდონის სოციალისტურ პარტიას - შეუერთდა.

„ასეთი სისტემით დაკომპლექტებული პარლამენტი ვერ ასახავს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას და ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს არაერთხელ განაცხადა მაია სანდუმ, რომელმაც დღევანდელ პარლამენტს დოდონ-პლაჰოტნიუკის სქემით დაკომპლექტებული არალეგიტიმური ორგანო უწოდა“, - აღნიშნავს ლინა გარუ, რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის მიმომხილველი.

მიჩნეულია, რომ მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გზას უხსნის პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ შექმნილ „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას, რათა, მისი ქარიზმატული ლიდერის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ნაჩვენები შთამბეჭდავი წარმატების ფონზე, აჩვენოს წინა არჩევნებზე ბევრად უკეთესი შედეგი.

მაგრამ, ანალიტიკოსების თქმით, მაია სანდუ ინაუგურაციის შემდეგ, როგორც პრეზიდენტი, ვეღარ იქნება თავისი პარტიის ლიდერი და ვეღარ დაუჭერს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას მხარს საარჩევნო ბრძოლაში.

ხოლო მისი მთავარი ვიზავი კი, პრორუსულად მიჩნეული ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი, პირიქით, უფლებამოსილების მოხსნის შემდეგ დაუბრუნდება სოციალისტური პარტიის ლიდერობას და აქტიურად იქნება ჩაბმული წინასაარჩევნო ბრძოლაში.

სხვათა შორის, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ემხრობა იგორ დოდონი, რომელიც შეეცდება მომავალ არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ უფრო მეტი ხმები დააგროვოს.

ძლიერ და ტრადიციულ პარტიებს მოლდოვაში საამისოდ უფრო მეტი რეალური შანსი ეძლევათ.

თუ მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, მაშინ ის უკვე ახალი საარჩევნო კოდექსით ჩატარდება.

„არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სიით და 4 %-იანი ბარიერით (ბლოკებისთვის - 6 %), რაც, დღევანდელი ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, გამორიცხავს რომელიმე ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ უმრავლესობის მიღებას“, - ამბობს ლინა გარუ.

„კოგნიტური დისონანსი“ - დოდონი და სანდუ

შესაბამისად, სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად ორ გამოკვეთილ ფავორიტს, იგორ დოდონის სოციალისტურ პარტიას და მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას, აუცილებლად დასჭირდებათ კოალიციური მთავრობის ფორმირება.

იგორ დოდონს ამ მხრივ „კოგნიტური დისონანსის“ პრობლემა არ დაუდგება. მომავალ არჩევნებში მას მხარს დაუჭერენ პლაჰატნიუკის დემოკრატიული პარტიისა და ასევე სკანდალური მილიარდერის, ილან შორის, საპარლამენტო პარტიის ელექტორატი.

ამჟამად უცხოეთში მცხოვრები ილან შორი, როგორც ამტკიცებენ, მსჯავრდებული იყო მოლდოვის სასამართლოს მიერ თავის დროზე მოლდავეთის ბანკებიდან მილიარდი დოლარის გაქრობის დანაშაულებრივი სქემის ორგანიზებაში.

მისი თანამზრახველობით, ვლად პლაჰოტნიუკმა მოლდოვის ერთ-ერთი ბანკის ანგარიშებიდან გაიტანა 100 მილიონი დოლარი, რომელიც ოლიგარქმა სადაზღვევო კომპანიის, სასტუმროს, თვითმფრინავისა და მოდის სფეროში ბიზნესის დასაფინანსებლად დახარჯა.

მაგრამ ილან შორმა განაჩენი გაასაჩივრა, მოგვიანებით კი, 2019 წელს, მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში და პარტიის სიითაც გახდა დეპუტატი და ერთმანდატიან ოლქშიც მოიპოვა გამარჯვება.

პროევროპელ მაია სანდუს კი, კოალიციური პარტნიორების თვალსაზრისით, არჩევანი არცთუ ისე დიდი აქვს.

მომავალში მისი პარტია შესაძლოა იძულებული გახდეს პოლიტიკურ პარტნიორად აირჩიოს რუსეთის მოქალაქეობის მქონე პოპულისტი რენატო უსატი, „ჩვენი პარტიის“ ლიდერი, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა წინა საპრეზიდენტო არჩევნებში.

„ეს ძალიან საინტერესო პერსონაჟია. მას აშკარა კავშირები აქვს მოსკოვთან და ჩანს, რომ მოსკოვი აშკარად მასზე აკეთებს ფსონს, რადგან რუსეთი, როგორც წესი, ყოველთვის რამდენიმე ფრონტზე იბრძვის ხოლმე. ამასთან, ეს პოლიტიკოსი არ არის სისტემის წარმომადგენელი და რევოლუციური ლოზუნგებით ილაშქრებს სისტემის წინააღმდეგ - აცხადებს, რომ დააპატიმრებს ყველა კორუფციონერს, მათ შორის იგორ დოდონსა და ილან შორს, გაწმენდს მათგან პოლიტიკურ სისტემას“, - ამბობს ლინა გარუ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ რენატო უსატიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მაია სანდუს. ცნობილია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ სანდუ შეხვდა პოპულისტ პოლიტიკოსს, რომელზეც რამდენიმე წლის წინ მოლდოვაში სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული.

მაია სანდუ
მაია სანდუ

თანამშრომლობა არ უხსენებია, მაგრამ ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი და რენატო უსატის პარტიის მოთხოვნები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

„ბატონ უსატის პარტია, რომელმაც მე მხარი დამიჭირა მეორე ტურში, ემხრობა ვადამდელ არჩევნებს. ისინი გამოდიან სისტემის კორუფციისგან გაწმენდის მოთხოვნით. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებენ სინამდვილეში, მაგრამ ხალხს, რომელიც მათ მხარს უჭერს, ჰპირდებიან კორუფციასთან ბრძოლას. ანუ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ძალიან სურთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ისინი, ვინც რეალურად შეძლებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აცხადებს მაია სანდუ, მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი.

მოლდოვის პრეზიდენტი ინაუგურაციისთანავე ქვეყნის პარლამენტში აპირებს წარდგეს საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის გატანაც მან, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, თავის დროზე ვერ შეძლო.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა სისტემის გაწმენდას კორუმპირებული მოხელეებისგან, დისკრედიტირებული მოსამართლეებისა და პროკურორების საქმიანობის შეფასების გამჭვირვალე სისტემის შემოღებას, გენერალური პროკურორის კონკურსის წესით არჩევას.

შარშან მაია სანდუმ ვერ პოვა პარლამენტის მხარდაჭერა და მის მთავრობას 12 ნოემბრის კენჭისყრაზე პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

„კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად მე ძლიერი მანდატი მაქვს ხალხისგან და ვიმუშავებ იმისთვის, რომ ეს გამოგვივიდეს რაც შეიძლება მალე“, - ამბობს მაია სანდუ.

მაგრამ მუშაობს თუ არა დრო მაია სანდუს მხარეზე, ჯერჯერობით ამის გადაჭრით თქმა ძნელია. მისი ინაუგურაციის წინადღით ქვეყნის მთავრობის გადადგომა მაია სანდუსათვის შესაძლებლობაც არის და სერიოზული დაბრკოლებაც მის მიერ ჩაფიქრებული რეფორმების გზაზე.

კოალიციური მთავრობის უფლებამოსილების მოხსნის შემდეგ პარლამენტში 90 დღის განმავლობაში შესაძლოა ვერ მოხერხდეს ახალი კოალიციის ფორმირება და მნიშვნელოვანი კანონების მიღება.

ეს მაშინ, როდესაც იგორ დოდონმა და მისმა მომხრე საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაია სანდუს საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს.

დეკემბრის დასაწყისში მოლდოვის პარლამენტმა, მმართველი სოციალისტური პარტიის ინიციატივით, დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს, ართმევს კონტროლის უფლებას ქვეყნის უშიშიროების სამსახურზე და ამ უწყებას საკანონმდებლო ორგანოს უქვემდებარებს.

ერთი კვირის წინ კი 51-მა დეპუტატმა, ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში, მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, რუსულ ენას დაუბრუნდა 2017 წელს დაკარგული ოფიციალური სტატუსი.

ამ კანონპროექტს მოლდოვის პროდასავლურმა ოპოზიციამ “ტოქსიკური“ უწოდა.

აი, ასეთ, შეიძლება ითქვას, კრიზისულ ვითარებაში, 24 დეკემბერს, მაია სანდუ ქვეყნის პრეზიდენტი გახდება, პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელსაც რამდენიმე ფრონტზე ელოდება საკმაოდ მძიმე ბრძოლები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG