Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ყველა ბოლო გადაწყვეტილება გააუქმა


მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი
მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მის მიერ მიღებული ბოლო ყველა, - პარლამენტის დაშლის, ახალი მთავრობის არალეგიტიმურად მიჩნევის და პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. მოსამართლეებმა ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ მათზე ადრე „ზეწოლა განხორციელდა“.

პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში ამით დასრულდა. ხელისუფლება პრეზიდენტ იგორ დოდონისა და მაია სანდუს მეთაურობით მოქმედი კოალიციური მთავრობის ხელშია. დემოკრატიულ პარტია, რომელსაც ვლადიმირ პლაჰოტნიუკი თავმჯდომარეობს, ხელისუფლებას ჩამოშორდა. თვითონ პლაჰოტნიუკი, მოლდოვის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც ოპოზიცია ძალაუფლების უზურპაციაში სდებს ბრალს, შვეიცარიაში წავიდა. სააგენტოები კიშიონივიდან იტყობინებიან, რომ რამდენიმე კერძო თვითმფრინავმა დატოვა ქალაქი და გაფრინდა სტამბოლის, ლონდონის, მოსკოვის და ოდესის მიმართულებით. ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს პლაჰოტნიუკის სისხლის სამართლებრივი დევნა.

წინა დღით დემოკრატიულმა პარტიამ ოპოზიციაში გადასვლის შესახებ გამოაცხადა. მისმა მომხრეებმა სამთავრობო შენობის ბლოკადა მოაწყვეს.

კრიზისი მოლდოვაში დაიწყო მას მერე, რაც ყოფილი მეტოქეები, პროევროპული ბლოკი ACUM და დოდონის სოციალისტური პარტია, რომლებსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, შეთანხმდნენ და ჩამოაყალიბეს მმართველი კოალიცია, რათა ხელისუფლებიდან პლაჰოტნიუკის მომხრეები ჩამოეშორებინათ. მათ უარი თქვეს წასვლაზე და მხარდაჭერა მოიპოვეს საკონსტიტუციო სასამართლოსაგან. ორხელისუფლებიანობა რამდენიმე დღეს გაგრძელდა.

მიმომხილველები თვლიან, რომ კრიზისის მოგვარებას ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანმა პოზიციამ. ახალი მთავრობა აღიარეს აშშ-მა, ევროკავშირმა და ასევე, რუსეთმა. კაბინეტს განაგებს მაია სანდუ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მთავრობის პრიორიტეტი ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარებაა. პრემიერმა ასევე თქვა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობის განვითარებისთვის დიალოგის მომხრეა.

XS
SM
MD
LG