Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ივაჭრებ, თუკი საახალწლოდ სავაჭრო ცენტრები გაიხსნება


ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, წელს არც წინასაახალწლო ვაჭრობა იქნება ტრადიციული. თუკი 24 დეკემბერს, ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაკეტილი სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, მაშინ, საახალწლო საყიდლებზეც სპეციალური წესების დაცვითა და განრიგით მოგვიწევს წასვლა. მათ შორის, დილით, ადრიანად ადგომაც.

სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები გეგმავენ, რომ სავაჭრო მოლები დილის 8 საათიდან გახსნან და საღამოს რვის ნახევარზე დახურონ, რათა მომხმარებლებმა სახლებამდე მისვლა ღამის შეზღუდვების ამოქმედებამდე მოასწრონ.

ვისაც ტანსაცმლის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი და ფიქრობთ, რომ მოსინჯვის გარეშე ვერ იყიდით თქვენს წელზე მორგებულ შარვალს, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ამ შარვლის ჩაცმას გასახდელ ოთახში მხოლოდ დღის პირველ ნახევარში შეძლებთ. დღის მეორე ნახევრიდან გასახდელები დაიკეტება.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად, მაღაზიების წარმომადგენლები ხალხის ნაკადის უფრო ეფექტურად მართვას ასახელებენ. ანუ, ვისაც, ტანსაცმლის შეძენა გსურთ, დღის პირველ ნახევარში წახვალთ საყიდლებზე, ვინც სხვა ტიპის პროდუქციის შეძენას აპირებთ, შეგიძლიათ, დღის მეორე ნახევარში ეწვიოთ სავაჭრო ცენტრებს. თუკი ორივე ტიპის პროდუქტის შეძენას აპირებთ, მაშინ, ალბათ სადღაც დღის პირველი და დღის მეორე ნახევრის „გზაგასაყართან“ უნდა დაგეგმოთ წინასაახალწლო „შოპინგი“.

ხალხის ნაკადის სამართავად, უფრო ზუსტად კი მყიდველის დილის საათებში მოსაზიდად, მაღაზიები სხვადასხვა ტიპის „წამახალისებელ აქციებსაც“ გეგმავენ. მათ შორის, ფასდაკლებებს.

სავაჭრო ობიექტების გახსნის სამოქმედო გეგმის დეტალები სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებმა მთავრობასა და ეპიდემიოლოგებს პარასკევს, 18 დეკემბერს, სპეციალურ შეხვედრაზე გააცნეს.

რეზო მაღალაშვილი, „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი გვეუბნება, რომ მთავრობის წარმომადგენლები კმაყოფილები დარჩნენ. ხოლო მათ საბოლოო გადაწყვეტილებას სავაჭრო ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით, უახლოეს საათებში ელოდება. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრები სრულ მზადყოფნაში არიან იმისათვის, რომ წინასაახალწლო ვაჭრობა ეპიდემიოლოგიური წესებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით წარიმართოს:

„ძირითადად, რაც ყველაზე მეტად აღელვებს ხელისუფლებას, ეს არის უკონტროლო რიგები და ადამიანების დიდი რაოდენობით კონცენტრაცია ობიექტებს გარეთ. ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები უფრო გაგვიადვილებს რიგების მართვას, მათ შორის, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზეც. დაიდგმება სპეციალური ბარიერები და იქნება გაძლიერებული დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ დისტანციის კონტროლს. პარასკევის შემდეგ, ჩვენთან აღარანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. იმედი გვაქვს, რომ ის გეგმა, რაც მთავრობას წარვუდგინეთ, იყო დამაჯერებელი, რადგან მათგან მივიღეთ კომპლიმენტები, რომ კარგად ვიყავით მომზადებულები და თუკი დასტური მოვიდა და 24 დეკემბერს გავიხსენით, ჩვენი თხოვნა მომხმარებლებისადმი იქნება, რომ შეეცადონ დილიდანვე მოვიდნენ სავაჭრო ობიექტებში, რომ მათი რაოდენობა უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ ვმართოთ“.

24 დეკემბერს გახსნისთვის ემზადება სავაჭრო ცენტრი „ისტ პოინტიც“. თეიკო ლომინაძე, სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ობიექტი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ მომხმარებელი უსაფრთხოდ მიიღოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა კვლავ ძალაში დატოვებს შეზღუდვებს და სავაჭრო ობიექტებს საახალწლო დღეებშიც არ მიეცემათ ვაჭრობის შესაძლებლობა, თეიკო ლომინაძე ამბობს, რომ სექტორი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება:

„არაერთხელ ვთქვით და კიდევ გავიმეორებ. შეზღუდვების გახანგრძლივება ჩვენი სექტორისათვის იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება, რადგან აქ უკვე ლაპარაკია კონკრეტული სამუშაო ადგილებისა და მთლიანად, ინდუსტრიის გადარჩენაზე. ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეში, ისეთ სივრცეებში, როგორიც ჩვენი ობიექტია, ასევე სხვა მოლებიც, ვირუსის გავრცელების საშიშროება ყველაზე ნაკლებად არის, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი როგორც უსაფრთხოების ზომების დაცვის, ისე მონიტორინგისთვის. ნოემბერში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი დაიკლებდა, 24 დეკემბერს შეზღუდვები დროებით მოიხსნებოდა. ვხედავთ, რომ ინფიცირების სტატისტიკა საგრძნობლად იკლებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და შეზღუდვები თუნდაც ერთი კვირით, მაგრამ მაინც მოიხსნება“.

ნატა გოგოლაძე, „თბილისის მოლის“ მარკეტინგის დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სავაჭრო ობიექტი 24 დეკემბერს იხსნება და ისინი სხვა ალტერნატიულ ვარიანტს არც განიხილავენ. მისი თქმით, „თბილისი მოლში“ უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად იქნება დაცული:

„ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ 24 დეკემბერს არ ვიხსნებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულ მზადყოფნაში ვართ და 24 დეკემბერს, დილის 8 საათზე, გახსნასაც ვგეგმავთ. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს და სხვა სცენარს არც განვიხილავთ“.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე 8 დიდ ქალაქში დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა. სავაჭრო ობიექტები მხოლოდ რამდენიმე დღით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაიხსნებიან, შემდეგ კი 31 იანვრამდე კვლავ დაიხურებიან.

ვარაუდები, რომ შესაძლოა, სავაჭრო ობიექტები არც 24 დეკემბერს გაიხსნას, ბოლო პერიოდია აქტიურად ისმის. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის 16 დეკემბრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სავაჭრო ცენტრების გახსნა 24 დეკემბერს დაანონსდა, ამჯერად დაიწყო მსჯელობა „ფორმატის ცვლილებასთან“ დაკავშირებით.

18 დეკემბერს, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებდა, რომ „მაღაზიების გახსნის შემთხვევაში, რისკების თავიდან აცილება-მინიმიზაციაზე სერიოზული მსჯელობა იქნება“, რადგან მისი თქმით, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, ინდუსტრიის – ვაჭრობის დახმარება, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს და მათი შემოსავლები დიდად არის დამოკიდებული წინასაახალწლო ვაჭრობაზე, მაგრამ ამავდროულად, მისივე თქმით, მოსაფრთხილებელია ის მონაპოვარი, რაც მოიტანა წერტილოვანმა შეზღუდვებმა.

სავაჭრო ობიექტების გახსნის მომხრეები არ არიან ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები. პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, რამდენიმე დღის წინ უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ისიც და ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც, უფრო მკაცრი შეზღუდვების მომხრეა:

„არაფერია დასამალი იმაში, რომ ჩემი და ამირან გამყრელიძის პოზიცია შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, შესაძლოა იყოს მკაცრი და მე, როგორც ეპიდემიოლოგი ვთვლიდე, რომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გადაავადოს და დროში გაწელოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი. თუმცა, ცხადია, საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ ჩვენს რეკომენდაციებზე დაყრდნობით არ მოქმედებს და საბჭოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მისი ეკონომიკური ბლოკი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მკაცრი შეზღუდვების მომხრეები ვართ, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ შემიძლია ასე ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება - დღეს არსებული შეზღუდვები შეზღუდულად უნდა გაიხსნას. ანუ, მარტივად რომ გითხრათ, ის, რაც დღეს დაკეტილია, იმის ყველაფრის ერთად გახსნა, ჩვენი აზრით, არ იქნება მიზანშეწონილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა იმნაძემ.

იმ შემთხვევაში, თუკი სავაჭრო ცენტრები არც 24 დეკემბერს გაიხსნება და არ მიეცემათ წინასაახალწლო ვაჭრობის საშუალება, ობიექტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საცალო ვაჭრობის სექტორი სერიოზული პრობლების წინაშე აღმოჩნდება და წინასაახალწლოდ გაჩერებული ვაჭრობა, არაერთი მაღაზიის, ქსელისა თუ სავაჭრო ცენტრის არსებობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ, მაღაზიები ონლაინ ვაჭრობაზე გადავიდნენ, როგორც ჩანს, აღნიშნული სქემის გამართვა მათ პრობლემად ექცათ და შესაბამისად, ონლაინ ვაჭრობით მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეალურ დროსა და სივრცეში ვაჭრობით მიღებულ შემოსავალს.

ონლაინ ვაჭრობის დროს წარმოქმნილ პრობლემებსა და ე.წ. გაუგებრობებზე, სულ უფრო ხშირად წერენ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო მომხმარებლები. მაგალითად, იმისათვის, რომ მომხმარებელმა ონლაინ შეკვეთა დაასრულოს, ნივთის დარეგისტრირების შემდეგ, მას კონკრეტული მაღაზიის წარმომადგენელი უნდა დაუკავშირდეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მაღაზიის წარმომადგენლის ზარის ლოდინმა შესაძლოა, რამდენიმე დღეს გასტანოს. ზოგიერთი ბრენდის შესაძენად კი შეკვეთა მიდის არა თბილისში არსებულ მაღაზიებში, არამედ, უცხოეთში. შედეგად, სასურველი ნივთის შესაძენად, შესაძლოა სულ მცირე, ორი კვირა დაგჭირდეთ.

გარდა ამისა, შესაძლოა, სასურველი ნივთის ონლაინ შესაძენად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდეს, თუმცა, ამ ნივთმა შენამდე, ერთი კვირის შემდეგ მოაღწიოს:

„სამი-ოთხი დღე მქონდა ვაიბერ-მოლაპარაკება ერთ-ერთ მაღაზიასთან. ძლივს ვიყიდე ნაძვის ხე“.

„მე გამოვიწერე ნივთი 2 დეკემბერს. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთი არა თბილისის მაღაზიიდან გამოვიწერე, არამედ ესპანეთიდან. საქართველოში ჩამოვიდა 19 დეკემბერს. გამოტანის სერვისში გადავიხადე 17 ლარი“.

„ჩემი გამოცდილებით, ძალიან პრობლემურია ონლაინვაჭრობა. ვერაფერს გავხდი“...

ეპიდემიის პირველ ეტაპზე, თითქმის სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ, სავაჭრო ობიექტები და პირველ ივნისს, უსაფრთხოების წესების დაცვითა და მთელი რიგი რეგულაციებით გაიხსნა. მათ შორის, პირველ ეტაპზე, გარკვეული ბრენდების მაღაზიებში გაუქმებული იყო გასახდელები. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი ე.ს. 48-საათიან კარანტინს გადიოდა. შემცირებული იყო სავაჭრო ცენტრების სამუშაო საათებიც, ისინი ნაცვლად 12 საათისა, 10-საათიანი გრაფიკით მუშაობდნენ.

XS
SM
MD
LG