Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შეშფოთება და NATO-ს გაფრთხილება


ნატოს სამხედრო გემები შავ ზღვაში.
ნატოს სამხედრო გემები შავ ზღვაში.

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი ონლაინ-კონფერენციის მეორე დღეს რუსეთმა ნატოს - „როგორც ახალი არაკეთილმოსურნე მოთამაშის“ - გამოჩენა შავი ზღვის აკვატორიაში შეაფასა ეპითეტით „შემაშფოთებელი“ და ალიანსი დაადანაშაულა მცდელობაში რეგიონის მეზობელი სახელმწიფოები, საქართველო და უკრაინა, რუსეთის ე.წ. „შეკავებისკენ“ მიმართულ საქმიანობაში ჩააბას.

„ნატოელი პარტნიორები თავიანთ საქმიანობაში აბამენ უკრაინასა და საქართველოს, ერთობლივი მანევრებისა და სწავლების დროს გეშავენ მათ რუსეთის წინაღმდეგ“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენცაზე.

რუსეთმა მანამდეც გამოხატა პროტესტი NATO-ს მიერ 2019 წლის აპრილში მიღებული „შავი ზღვის პაკეტის“ გამო, რომელიც, ამ რეგიონში რუსეთის „შეკავების“ აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ამჯერად რუსეთის შეშფოთების საბაბად იქცა NATO-ს 1-2 დეკემბრის მინისტერიალის დასკვნით პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, განცხადება, რომ შავ ზღვაზე რუსეთის აგრესიულ მოქმედებას ნატო დაუკავშირებს რეგიონში თავისი ყოფნის გაძლიერებას წყალზე, ხმელეთსა და ჰაერში.

რუსეთისათვის არაკეთილმოსურნე ახალი მოთამაშე

დღეს რუსეთის წამყვან სამ გემთმშენებელ ქარხანაში საფუძველი ეყრება შორეული საზღვაო ზონებისათვის განკუთვნილი ახალი ექვსი გემის მშენებლობას...
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენცაზე NATO-ს უწოდა „არცთუ კეთილი სურვილებით მოსული ახალი მოთამაშე“, რომლის გამოჩენა შავი ზღვის რეგიონში თურმე „არყევს რეგიონალურ სტაბილურობას და მეზობელ სახელმწიფოებში განხეთქილებას თესავს“.

და ეს იმ დროს, როდესაც 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა გაიმყარა პოზიციები შავ ზღვაზე და ინტენსიურად განაგრძობს იქ ბაზირებული სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნის, მოდერნიზებისა და შეიარაღების პროცესს.

ახალი საბრძოლო გემების მშენებლობისათვის რუსეთი ანექსირებული ტერიტორიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ საწარმოებს იყენებს.

მიმდინარე წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ანექსირებულ ქალაქ ქერჩში ჩავიდა და იქიდან გამოაცხადა, რომ იწყება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის განკუთვნილი 6 ახალი საბრძოლო გემის მშენებლობა.

„დღეს რუსეთის წამყვან სამ გემთმშენებელ ქარხანაში საფუძველი ეყრება შორეული საზღვაო ზონებისათვის განკუთვნილი ახალი ექვსი გემის მშენებლობას. აქ, ქერჩში, ეს არის ორი უნივერსალური სადესანტო გემი, ორი ფრეგატი - სანკტ-პეტერბურგში და ორი ატომური წყალქვეშა კრეისერი - სევეროდვინსკში“, - განაცხადა ქერჩში მყოფმა ვლადიმირ პუტინმა 20 ივლისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ოდესაში სტარტი აიღო NATO-ს მრავალეროვნულმა სამხედრო-საზღვაო წვრთნამ, „Sea Breeze- 2020“-მა.

მოსკოვს ყირიმის ანექსიისა და რეგიონალური უსაფრთხოების ძირის გამოთხრის მცდელობისათვის საერთაშორისო სანქციები დაუწესდა. NATO, თავის მხრივ, შავ ზღვაზე ერთობლივი მანევრებითა და მათში რეგიონის არაწევრი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის - ჩართვით უპასუხებს შავი ზღვის რეგიონში არსებულ საფრთხეებს, მაშინ როცა რუსეთს ჰყავს მძლავრი სამხედრო-საზღვაო ფლოტი სევასტოპოლსა და ქერჩში და უწყვეტად პატრულირებს შავი ზღვის აკვატორიაში.

მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, NATO-ს აქტიურობის ჩამონათვალი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება და ზოგჯერ შეუიარაღებლი თვალით არც კი ჩანს.

შავი ზღვის რეგიონში ადგილი აქვს როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ძალის გაზრდას, ისე უფრო მჭიდრო თანაშრომლობას ჩვენს ორ პარტნიორ ქვეყანასთან...
იენს სტოლტენბერგი

„რამდენიმე წელია, NATO შავ ზღვაში სამხედრო გაძლიერებაზე ლაპარაკობს, მაგრამ გარდა იმისა, რომ გემები ერთი-ორი დღით მეტხანს რჩებიან, სხვა კარდინალური ცვლილებები ამ მხრივ არ ჩანს. რამდენად განიხილავს NATO პატრულირების ოპერაციას როტაციის პრინციპით შავ ზღვაში, სადაც ლეგალური ლიმიტი არის დაწესებული NATO-ს გემებისათვის?“ - შეეკითხა 2 დეკემბრის პრესკონფერენციაზე „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ შავი ზღვა ალიანსს, ამ რეგიონში „ფასეული პარტნიორების“ საქართველოსა და უკრაინის გარდა, აკავშირებს სამ საზღვაო ქვეყანასთან - თურქეთთან, რუმინეთსა და ბულგარეთთან.

„ჩვენ გვაქვს მაღალი საბრძოლო მზადყოფნა, ჩვენ გვყავს უფრო მეტი ძალა, მათ შორის ვახდენთ საჰაერო სივრცის პატრულირებას. შესაბამისად, შავი ზღვის რეგიონში ადგილი აქვს როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ძალის გაზრდას, ისე უფრო მჭიდრო თანაშრომლობას ჩვენს ორ პარტნიორ ქვეყანასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რომლებსაც პრაქტიკულად ვეხმარებით. და დღეს მათი მისამართით მკაფიო მესიჯი გაჟღერდა: მოკავშირეები მზად არიან სხვადასხვა სფეროში უფრო მეტი პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მომავალშიც გააძლიერონ ეს ძალისხმევა“, - განაცხადა 2 დეკემბერს იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ვერაფერს იტყვის „კლასიფიცირებული დისკუსიის“ გარკვეულ დეტალებზე, მაგრამ გამოყოფს შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში საქართველოსათვის დახმარების რამდენიმე მიმართულებას.

„ამ წლის დასაწყისში ჩვენ ასევე გავააქტიურეთ ჩვენი მხარდაჭერა, შევთანხმდით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებაზე ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა საჰაერო მოძრაობის შესახებ მრავალმხრივი რადიოსალოკაციო მონაცემების გაცვლა, ერთობლივი ძალისხმევა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე ერთობლივი წვრთნების გამართვა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ასევე გარკვეული დახმარება აღმოვუჩინეთ, მაგალითად, საქართველოს სანაპირო დაცვას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 2 დეკემბერს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე.

„შეკავება და დიალოგი“

ალიანსში აცხადებენ, რომ არც ერთი ეს პროექტი არ არის რომელიმე სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.

ჩვენ გვაქვს მაღალი საბრძოლო მზადყოფნა, ჩვენ გვყავს უფრო მეტი ძალა, მათ შორის ვახდენთ საჰაერო სივრცის პატრულირებას. შესაბამისად, შავი ზღვის რეგიონში ადგილი აქვს როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ძალის გაზრდას, ისე უფრო მჭიდრო თანაშრომლობას ჩვენს ორ პარტნიორ ქვეყანასთან...
ნატოს ექსპერტები

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიული მილიტარიზმი კვლავ რჩება ალიანსისათვის საფრთხის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ, NATO-ში აცხადებენ, რომ ალიანსმა კვლავაც უნდა გააგრძელოს ორპოლუსიანი მიდგომა - “რუსეთის შეკავება და მასთან დიალოგი“, ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით მოქმედ ექსპერტთა ჯგუფის (Reflection Group) მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტში, სახელწოდებით „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები“.

ნატოს გენერალური მდივნის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ რუსეთი „ესწრაფვის ჰეგემონიას“ მის მფლობელობაში მყოფ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცდილობს ამით დააბრკოლოს ამ ერების სწრაფვა ნატოსკენ.

„მაშინ როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინისა და საქართველოს მიმართ, საჰაერო და სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების გააქტიურებით რუსეთის აგრესიული მოქმედება გაძლიერდა უკიდურესი ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის მიმართულებით, ასევე ბარენცის, ბალტიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის საკვანძო წერტილებში. ამ ბოლო სამში რუსეთმა განალაგა სივრცეში მანევრებისა და ხელმისაწვდომობის შეზღუდვისა და პრევენციის (A2AD) საშუალებები, გააფართოვა ჰიბრიდული საბრძოლო მოქმედებები და დაემუქრა ენერგეტიკულ და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. პარალელურად, ნატოს საზღვარზე სატელიტი სახელმწიფოების შექმნით და მათ შორის გაყინული კონფლიქტების სახით, იგი (რუსეთი) შეეცადა დაერღვია ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის რეჟიმი, რასაც საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის (INF) შესახებ ხელშეკრულების დარღვევა მოჰყვა“, - წერია ნატოს ექსპერტთა ანგარიშში.

მოსკოვი კი საპირისპიროშია დარწმუნებული. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „შეკავებასა და დიალოგზე“ საუბრის მიღმა NATO სახიფათოდ აქტიურდება რუსეთის საზღვრებზე.

"მიმდინარეობს ბულგარეთისა და რუმინეთის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ ტერიტორიაზე ხდება შეტევითი შეიარაღების განთავსება, სწავლებებზე მუშავდება სცენარები, რომლებიც მათ შორის ითვალისწინებს იერიშებს რუსეთის ტერიტორიაზე В-52 (Stratofortress) კლასის ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენებით, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოების ასეთი მზარდი სამხედრო აქტიურობის პასუხად, რუსეთი „შესაბამის რეაგირებას“ აპირებს.

„შავი ზღვის რეგიონში უკვე არსებობს ამ ზღვისპირა ქვეყნების ძალებით უსაფრთხოების შენარჩუნების გამოცდილება“, - დასძინა 3 დეკემბერს მარია ზახაროვამ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG