საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას ახალ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.
PACE-ს მომხსენებელთა შეფასებით, არჩევნებმა შექმნა მრავალფეროვანი პარლამენტი, სადაც მმართველი უმრავლესობა იქნება ძლიერი ოპოზიციის წინაშე, რაც სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობას უზრუნველყოფს. კორლატეანი და კერნი პარლამენტს მიიჩნევენ დებატების და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების განხილვის ერთადერთ ფორუმად.
„ამიტომ, საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის ყველა პარტიას მოვუწოდებთ, მიიღონ არჩევნებზე მოპოვებული მანდატები და ახალ პარლამენტში შევიდნენ“, - ნათქვამია PACE-ს მომხსენებელთა განცხადებაში.
ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი სრულად იზიარებენ არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს და ზოგად შეფასებას და ამასთან, ხაზს უსვამენ დარღვევების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის მტკიცებებს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების და ამომრჩევლებსა და პარტიების აქტივისტებზე ზეწოლის შესახებ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა განცხადებით, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს.
კორლატეანი და კერნი აღნიშნავენ, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს საარჩევნო დარღვევებისთვის დაუსჯელობის განცდა და ამასთან, აუცილებელია სრულად აღმოიფხვრას დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები, ამაში კი მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ახალმა პარლამენტმა.