Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მეორე ტურს ქუთაისში ბოიკოტი გამოუცხადეს


არჩევნების პირველი ტური ქუთაისში
არჩევნების პირველი ტური ქუთაისში

21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტურთან ერთად ქუთაისში დანიშნულია მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

ადგილზე არჩევნებს ატარებს საოლქო საარჩევნო კომისია, რომლის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი, ერთი კვირის წინ კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ კომისიის თავმჯდომარედ ლარინა ლალიაშვილი აირჩიეს. საუბნო საარჩევნო კომისიებიდან წევრები გაიწვია ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“. ამ და სხვა ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ბრეგაძე ამბობს: „არ ვიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში, რადგან პირველ ტურში ტოტალური გაყალბების, მოსყიდვის და დაშინების პირობებში რაც ხდებოდა, შინაარსს და აზრს აკარგვინებს მეორე ტურს“.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და უბნებზე თავისი წარმომადგენლები გაიწვია „ევროპულმა საქართველომაც“. პარტიის წევრ დავით გოგისვანიძის თქმით, რადგან ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, კომისიებში მათი წარმომადგენლების მუშაობას აზრი აღარ აქვს: „ჩვენი წარმომადგენლების და წევრების სრული იგნორირებაა კომისიებში, ამიტომ აზრს ვერ ვხედავთ, რატომ უნდა იმუშაონ მათ, მით უფრო მაშინ, როცა ხელისუფლება არ ატარებს არჩევნებს, ხელისუფლება წერს არჩევნების სასურველ შედეგს“.

საუბნო საარჩევნო კომისიების 12 წევრიდან 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დანიშნულია. სამი წევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და თითო-თითო კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

ორი ოპოზიციური პარტიის მიერ წარმომადგენლების გაწვევის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებში 10-10 წევრი დარჩა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ლარინა ლალიაშვილი ამბობს, მეორე ტურის ჩატარება საფრთხის ქვეშ არ დგება, რადგან კომისია უფლებამოსილია მინიმუმ 9 წევრით იმუშაოს. ლალიაშვილის განცხადებითვე, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, კორონავირუსით დაინფიცირების გამო, საოლქო კომისიას ყოველდღიურად უწევს საუბნო კომისიების 20-მდე წევრის შეცვლა. „12-ის ნაცვლად დაგვრჩა 10-10 წევრი. იმედი მაქვს, რომ საფრთხე არ არის, საუბნო საარჩევნო კომისია არაუფლებამოსილი დარჩეს. „პატრიოტთა ალიანსი“ არ ტოვებს კომისიებს“.

21 ნოემბერს ქუთაისის საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს ორი ბიულეტენი დახვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პარლამენტის, ისე მერის არჩევნებს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, ორივე შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციიდან“ მეორე ტურში გასული კანდიდატების გვარები ბიულეტენებში იქნება, რადგან მეორე ტურის წინ კანდიდატურების მოხსნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ამომრჩეველს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ბიულეტენში დახვდება გრიგოლ ვაშაძის და „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა ლომინაძის სახელები, ხოლო მერის არჩევნების ბიულეტენში - გრიგოლ შუშანიასი და მმართველი პარტიის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილის. რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ოპოზიციის გარეშე არჩევნებს აზრი არ აქვს:

„არ მონაწილეობს ოპოზიცია და როგორ იქნება, არ ვიცი“;

„არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, წავალ თუ არა არჩევნებზე“;

„წავალ აუცილებლად და იმედი მაქვს, მშვიდობა იქნება“, - ამბობენ რესპონდენტები.

XS
SM
MD
LG