უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, COVID-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ აზერბაიჯანში, საბერძნეთსა და ესპანეთში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, თუმცა, მისი თქმით, ამ ქვეყნებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არ მოქმედებს:
„ამ ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს“.
მსგავსი პრობლემის წინაშე იდგნენ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც, თუმცა, საფრანგეთის მთავრობის მიერ დაშვებული გამონაკლისის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს პასპორტი და სპეციალური საშვი ექნებათ, საარჩევნო უბანზე მისვლას შეძლებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღვარგარეთ ჯამში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი. საარჩევნო სიაში კი დარეგისტრირებულია 14170 ამომრჩეველი.