Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები


გორი
გორი

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატების ერთი ნაწილი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს, - დადიან სოფლებსა და ქალაქებში, ხვდებიან მოქალაქეებს, გამოკრული აქვთ წინასაარჩევნო პლაკატები და ბანერები, - მეორე ნაწილი კი საერთოდ არ აქტიურობს და მოსახლეობის დიდ ნაწილს მათზე არაფერი სმენია. ისინი არც შეხვედრებს ატარებენ, არც მედიასთან ურთიერთობენ და მათი გვარები მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაჟორიტარი კანდიდატების სიაშია.

გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდად მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინციდენტს. მაგალითად, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ნანა აღორძინებამ პროკურატურას მიმართა. მის მიერ ადგილობრივ მედიაში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა დაიწყეს. ნანა აღორძინება მათ დასჯას მოითხოვს და აცხადებს, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარება რუსეთთან მოლაპარაკებით და პირველი ნაბიჯების გადადგმით არის შესაძლებელი.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორი-კასპის საარჩევნო ოლქში კობა მაზანაშვილია. მან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მოსკოვის ასპირანტურაში გააგრძელა სწავლა. კობა მაზანაშვილი ამჟამად ბიზნესსაქმიანობას ეწევა. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის მცხოვრებია და კარგად იცის სოფლის გასაჭირი. ის ამბობს, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციისათვის ერგნეთის ბაზრობის გახსნა.

ზაზა მეზვრიშვილი სამაჟორიტარო ოლქში წარადგინა პოლიტიკურმა პარტიამ „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“. მეზვრიშვილი გორის წინა მოწვევის საკრებულოს წევრია. მისი აზრით, აუცილებელია სოფლის განვითარებას შეეწყოს ხელი, განვითარებული სოფელი კი განვითარებულ ქალაქებს ნიშნავს. მეზვრიშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, აგროტურიზმის ლობირებას აპირებს. მისი აზრით, სოფელში დამატებითი რესურსების ამოქმედება აუცილებელია.

გორი
გორი

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატი გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან თარხნიშვილია. თარხნიშვილი საარჩევნო კამპანიის დიდ ნაწილს გორსა და კასპში ატარებს. ხვდება ამომრჩევლებს და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრება. მისი აზრით, ოკუპაციის ხაზი გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ვითარებას უფრო მეტად ამწვავებს, ამიტომ, მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს დეტალურად გაწერილი პროგრამა, როგორ შეუმსუბუქოს ყოფა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. მისი აზრით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სახელმწიფომ კერძო საკუთრებაში უნდა გადასცეს მიწა, საძოვრები და სხვა უძრავი ქონება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილია. ბასიშვილი ლიახვის ხეობიდან დევნილია და უკეთესად იცის დევნილთა პრობლემები. მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ინვესტიციების მოზიდვითა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება.

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატია. ხოჯევანიშვილისთვის მთავარი გამოწვევა ოკუპაციის ხაზთან არსებული მდგომარეობაა. მისი თქმით, ყველა სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გაგრძელდეს. მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში უნდა გაუმჯობესდეს სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდება და ამისთვის კონკრეტული პროექტები უკვე მომზადებულია.

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო - მამუკა ხაზარაძემ“ გორი-კასპის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პაპუნა კობერიძე წარადგინა. კობერიძე ამჟამად გორის საკრებულოს წევრია. მისი მთავარი პრიორიტეტი გორისთვის ქალაქის სტატუსის დაბრუნებაა. კობერიძის განცხადებით, „ლელოს“ ქვეყნის რეალური დეცენტრალიზაციისთვის შესაბამისი პროგრამა აქვს. გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს და მოქალაქეების გატაცება ამ ხაზთან ვიდეოკამერების მეშვეობით აღიკვეთოს.

31 ოქტომბერს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება დეპუტატობის 13 მაჟორიტარ კანდიდატს შორის მოუწევთ.

XS
SM
MD
LG