Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვლება თუ არა აშშ-რუსეთის ურთიერთობა 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ?


დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი

თუ 3 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს და მომდევნო ოთხი წლით დარჩება თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეეცდება ახალი ენერგიით მიჰყოს ხელი მოსკოვთან ვაშინგტონის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამოსწორებას, რაც მან, ოპონენტების ზეწოლის გამო, სურვილის მიუხედავად, ვერ მოახერხა პირველ საპრეზიდენტო ვადაში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, და პირველ წელს, უკვე პრეზიდენტის რანგში, დონალდ ტრამპი ვარაუდობდა, რომ შეძლებდა საერთო ენის გამონახვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და, თან, წინამორბედებისგან განსხვავებით, უფრო ეფექტიან დიალოგს აწარმოებდა მოსკოვთან.

„თუ ქვეყნისათვის კარგი შეთანხმება გვინდა, მაშინ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს. არაფერია ცუდი იმაში, თუ ყველასთან დაპირისპირებული კი არ ვიქნებით, არამედ, აქამდე არსებული უაზრო კინკლაობის ნაცვლად, კარგი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან იქ, სადაც ეს შესაძლებელია“, - აცხადებდა დონალდ ტრამპი 2016 წლის თებერვალში.

ტრამპის დემოკრატი მეტოქე, ჯო ბაიდენი, პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხისტ პოზიციას დაიკავებს რუსეთის მიმართ და შეახსენებს კრემლს ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, კრემლის აგრესიულ ქმედებებს საზღვარგარეთ, მათ შორის, აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, რომლის თაობაზე გამოთქმული ბრალდებები აჩრდილივით დასდევდა ტრამპს პრეზიდენტობის პირველ ვადაში.

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. 16 ივლისი, 2018 წ.
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. 16 ივლისი, 2018 წ.

„ისინი ფასს გადაიხდიან არჩევნებში ჩარევისთვის, ეს იქნება ეკონომიკური ფასი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა 17 სექტემბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

მიუხედავად კანდიდატებს შორის აზრთა სხვადასხვაობისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ, 2014 წელს უკრაინის საქმეებში მოსკოვის ჩარევის გამო, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დათბობის პერსპექტივა სუსტია და, რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ცივი ომის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზე არსებული დღევანდელი ურთიერთობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს.

მეორე შანსი?

ბაიდენის ენა ზოგჯერ მკვეთრად განსხვავდება ტრამპის ენისგან.

მიუხედავად ტრამპის მტკიცებისა, რომ ის რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი ბარაკ ობამა თუ სხვა პრეზიდენტები, პუტინის კრიტიკისგან იგი თავს იკავებდა, როცა საქმე შეეხებოდა დასავლეთის ქვეყნების არჩევნებში სავარაუდო ჩარევას, მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლასა თუ რუსეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის პრობლემებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, თუ ხელახლა აირჩევენ, რესპუბლიკელი ტრამპი შეეცდება, გადალახოს მთელი რიგი დაბრკოლება და ახალი ძლიერი მანდატით მიაღწიოს მიზანს - გააუმჯობესოს მოსკოვთან ურთიერთობა.

მაგრამ ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ტრამპი ამ შემთხვევაშიც წააწყდება სასტიკ წინააღმდეგობას კონგრესში, სადაც მისი ოპონენტები შიშობენ, რომ ტრამპი შეეცდება რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ანაცვალოს აშშ-ის ან მისი რომელიმე პარტნიორი ქვეყნის - მაგალითად, უკრაინის - ინტერესი.

23 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რამდენიმე შტატში პარალელურად კონგრესმენებსაც ირჩევენ, დემოკრატები შეინარჩუნებენ უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატაში და მიიღებენ კარგ შანსს, რომ გააკონტროლონ სენატი, სადაც ამჟამად უმრავლესობა რესპუბლიკელებს ეკუთვნით.

„თუ ტრამპი გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში, ჩემი აზრით, ამას მოჰყვება რეაქცია კონგრესის მხრიდან და რუსეთს „მოეკითხება“ ამ გამარჯვების გამო“, - განაცხადა დმიტრი ტრენინმა, მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორმა 1 ოქტომბერს გამართულ კონფერენციაზე.

იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ტრენინი ამბობს, რომ ის ელოდება ორ ქვეყანას შორის „ურთიერთობის გაუარესებას“.

გავლენის სფეროები: უკრაინა, საქართველო, ბელარუსი

დაძაბული ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის ტრამპმა მემკვიდრეობით მიიღო. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ გაუარესება დაიწყო 2012 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადაში, როდესაც კრემლში პრეზიდენტის პოსტზე პუტინმა შეცვალა დასავლეთისადმი უფრო მეგობრულად განწყობილი დმიტრი მედვედევი.

ის კიდევ უფრო დამძიმდა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა და შემდეგ კიევის წინააღმდეგ აამხედრა დონბასელი სეპარატისტები, რასაც შედეგად დაუსრულებელი შეიარაღებული კონფლიქტი და 13 300-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

საპროტესტო აქცია G-20-ის სამიტის წინ. ავსტრია, 15 ნოემბერი, 2014 წ.
საპროტესტო აქცია G-20-ის სამიტის წინ. ავსტრია, 15 ნოემბერი, 2014 წ.

მიმდინარე წლის დასაწყისში ტრამპმა გადადგა ნაბიჯი, რომელმაც აშკარა გახადა მისი უთანხმოება ბაიდენთან, დემოკრატების ბანაკსა და აშშ-ის მოკავშირეებთან, როდესაც გამოვიდა მოწოდებით რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნების შესახებ. ტრამპი მიიჩნევს, რომ „ჯანსაღი აზრი“ ამ „ჯგუფში“ პუტინის ყოფნას გულისხმობს და არა თამაშიდან მის გარიყვას.

ანალიტიკოსები და ტრამპის ოპონენტები შიშობენ, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში იგი, შესაძლოა, დათანხმდეს და აღიაროს რუსეთის გავლენა მის მეზობელ ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ბელარუსი, თუ კრემლის მხრიდან მიიღებს დახმარებას თავისთვის მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში - მათ შორისაა ვენესუელაში პოლიტიკური ცვლილებები და ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების შეკავება. რუსეთს გავლენა აქვს სამივე ამ ქვეყანაზე.

2016 წლის აპრილში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ „განსაცვიფრებელი“ იქნება, თუ აშშ „შეძლებს დიდი გარიგების გაფორმებას“ რუსეთთან, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საკითხების გარშემო უნდა წარიმართოს მოლაპარაკება.

„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საშიშროება ისაა, რომ, თუ მეორე ვადით გაიმარჯვებს, პრეზიდენტი ტრამპი გააორმაგებს რუსეთისათვის შესათავაზებელ ფსონს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯონათან კაცმა, ვაშინგტონის მარშალის ფონდის გერმანელმა თანამშრომელმა.

ტრამპმა, შესაძლოა, აღიაროს „გავლენის სფეროების არსებობა“, - ვარაუდობს კაცი.

უფრო მძლავრი მანდატი?

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესი, ალბათ, დაგმობს გავლენის სფეროების აღიარებას, ტრამპი შეეცდება გადადგას ნაბიჯები მისი რეალიზების მიმართულებით. იგულისხმება უკრაინასა და საქართველოსთან სამხედრო წვრთნების შეწყვეტა, შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნაზე უარის თქმა და აშშ-ის სამხედრო ძალის შემცირება ევროპაში, - ამბობს ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრ RAND Corp-ის რუსეთის საკითხების ექსპერტი უილიამ კორტნი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის პირველ ვადაში დონალდ ტრამპი მრავალჯერ წააწყდა წინააღმდეგობას როგორც კონგრესის, ისე, რიგ შემთხვევაში, საკუთარი ადმინისტრაციის წევრების მხრიდან.

როდესაც ტრამპმა პუტინთან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ობამას დროს შემოღებული სანქციების სავარაუდო გაუქმების საკითხი წამოჭრა, კონგრესმა სწრაფად მიიღო საკანონმდებლო შესწორება, რაც მას უკრძალავს სანქციების ცალმხრივად გაუქმებას.

მეორე ვადით ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიც კონგრესი მიიღებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

საამისოდ ამერიკელ კანონმდებლებს, უილიამ კორტნის აზრით, მრავალი საფუძველი ექნებათ: ესაა კრემლის ოპონენტის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლა; გლობალური მასშტაბის ჰაკერული თავდასხმები, რომელთა უკანაც, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები უნდა იდგნენ, და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ცნობები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან „ჩარევის“ აქტიური მცდელობის შესახებ.

ვინ უფრო მტკიცე ლიდერია?

იმ კრიტიკოსებისა და ოპონენტების პასუხად, ტრამპის გამოთქმების მიხედვით რომ ასკვნიან, ალბათ, პუტინისგან არის დავალებულიო, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის რუსეთის მიმართ ბევრად უფრო ხისტია, ვიდრე ობამა და ბაიდენი, რომლებიც აშშ-ს 8 წლის განმავლობაში ერთად მართავდნენ.

ტრამპის მომხრეები იხსენებენ, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინამ მიიღო ლეტალური იარაღი, რაც არ გააკეთა ობამამ; მეტი ამერიკელი ჯარისკაცი შევიდა პოლონეთში; რუსეთის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობისათვის ხელი რომ შეეშალა, სანქციები დაუწესა იმ კომპანიებს, რომლებიც 10 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ - მათ შორის, სანქციები დაუწესდა რუსეთის უძლიერეს ფინანსურ ინსტიტუტს, გიგანტურ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“.

მაგრამ კონგრესში მოღვაწე დემოკრატები და სხვა ოპონენტები ტრამპს ადანაშაულებენ ყოყმანში. ამბობენ, რომ რუსეთის მკაცრი სანქციებით დასასჯელად მან არ გამოიყენა CAATSA-ს სახელით ცნობილი აქტით მინიჭებული უფლება. უფრო მეტიც, ზოგჯერ დამთმობი რიტორიკით ტრამპი ძირს უთხრიდა აშშ-ის ძალისხმევას, რომელსაც შეეძლო შეეცვალა კრემლის მოქმედება.

„მრისხანე CAATSA-ს გამოყენების მხრივ უფრო საიმედო იქნებოდა ბაიდენი, რომელიც უფრო ერთიანი გზავნილით შეეცდებოდა, რუსეთი იძულებული გაეხადა, დათანხმებოდა ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას“, - ამბობს ბრაიან ო’ტული, ანალიტიკური ცენტრ „ატლანტიკური საბჭოს“ მეცნიერ-თანამშრომელი, წარსულში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი.

ანალიტიკოსები იმასაც საყვედურობენ ტრამპს, რომ საგარეო პოლიტიკაზე მოკავშირეებსა და რუსეთთან მიმართებით მისი და მისი ადმინისტრაციის განცხადებები ხშირად არათანამიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო: იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი, მაგალითად, G8-ში რუსეთის მოწვევის მიზანშეწონილობაზე ლაპარაკობდა, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამის საპირისპიროს ამტკიცებდნენ.

ტოქსიკური თემები

ანალიტიკოსების თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო თანამიმდევრულ პოლიტიკას განახორციელებს რუსეთის მიმართ, რაც შესაძლებლობას მისცემს აშშ-სა და რუსეთს, მიაღწიონ უფრო მეტს, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი უფრო მკაცრი რიტორიკითა და შემართებით გამოირჩევა რუსეთის მიმართ, ვიდრე დონალდ ტრამპი.

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი. 10 მარტი, 2011 წ.
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი. 10 მარტი, 2011 წ.

უფრო მკაფიო გზავნილები, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ზოგიერთი „არსებითი პრობლემის გარშემო“ აშშ-ის პოლიტიკა უფრო ხისტია, ვიდრე ეს იყო ტრამპის დროს“, - ამბობს სირაკუზის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი ბრაიან ტეილორი.

„მაგრამ ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს იმასაც, რომ ზოგიერთ სფეროში უფრო იოლია ორმხრივმოგებიანი გადაწყვეტილების დანახვა, რომელიც ამჟამად მაგიდაზე მხოლოდ იმიტომ არ დევს, რომ პროცესი ერთობ დისფუნქციური გახდა“.

მეტიც, მეცნიერი ამტკიცებს, რომ თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტის ყოფნამ, შესაძლოა, უფრო მიუკერძოებელი გახადოს რუსეთის პოლიტიკის განხილვა ვაშინგტონში, სადაც ეს საკითხი ტოქსიკურ თემად იქცა ტრამპის საპრეზიდენტო მოღვაწეობის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აშშ-ის სადაზვერვო უწყების დასკვნა 2016 წლის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის შესახებ ტრამპის სასარგებლოდ.

ამის თაობაზე სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ, მართალია, დაადგინა რუსეთის ჩარევა არჩევნებში, მაგრამ ვერ იპოვა მტკიცებულება ტრამპის საარჩევნო კამპანიის მოსკოვთან ფარული გარიგების შესახებ. ამ გამოძიებამ გამოაცალა ნიადაგი ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებას მთელი რიგი საკითხების გარშემო.

„თუ ამჯერად დემოკრატები გაიმარჯვებენ, ეს თემა, გარკვეულწილად, წარსულს ჩაბარდება“, - ამბობს ტეილორი.

XS
SM
MD
LG