2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, კენჭისყრის დღეს იმაზე გაცილებით ნაკლები საერთაშორისო მეთვალყურე დააკვირდება, ვიდრე 2016 და 2018 წლების არჩევნებზე იყო. მიზეზი COVID 19-ის პანდემიით შექმნილი სირთულეებია. რას ცვლის ეს მოცემულობა საარჩევნო პროცესებისა და შედეგების შეფასების თვალსაზრისით? რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადგილობრივ სამეთვალყურეო ორგანიზაციებს?
2-ჯერ ნაკლები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამჟამად რეგისტრირებულია სულ 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია - დაახლოებით ორჯერ ნაკლები, ვიდრე წინა არჩევნებზე. ჩამონათვალში არ გვხვდება, მაგალითად: ევროპარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 661 დამკვირვებელი;
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 163 დამკვირვებელი.
დარეგისტრირებულთა სიაშია საქართველოში მოქმედი რამდენიმე საელჩო და მათ შორის - აშშ-ს საელჩოც, თუმცა დიპლომატიური კორპუსის მეთვალყურეთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 24 ოქტომბერს იწურება და შესაბამისად უცნობია სულ რამდენი საერთაშორისო დამკვირვებელი იქნება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა კლება თვალსაჩინოა და გარკვეულ სურათს რამდენიმე წამყვანი სამეთვალყურეო მისიის მონაცემებიც გვაძლევს:
- „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს“ (OSCE/ODIHR) აღარ ეყოლება 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი, რომლებიც ტრადიციულად კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდნენ; ODIHR-ის მისია ამჟამად წარმოდგენილია ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლით;
- მოკლევადიანი დამკვირვებლები დიდი ალბათობით არც ამერიკის „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ (IRI) ეყოლება; მის გრძელვადიან მისიაში 5 ანალიტიკოსი შედის;
- 8 ანალიტიკოსის მეშვეობით ისევ დისტანციურად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნებს ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI).
რას შეცვლის ეს მოცემულობა?
როგორც NDI-სა და IRI-ში სხვადასხვა დროს უთხრეს რადიო თავისუფლებას, მათ მისიებს სრული შესაძლებლობა ექნებათ შეზღუდულ რეჟიმშიც კი ამომწურავად შეასრულონ დასახული სამეთვალყურეო მიზნები. დამკვირვებელთა რიცხობრივი დანაკლისი არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მაქსიმალური კომუნიკაცის გზითა და ადგილობრივი თანამშრომლების დახმარებით კომპენსირდება.
საარჩევნო პროცესების სრულფასოვანი შეფასების რწმენას გამოხატავენ OSCE/ODIHR-ის მისიაშიც, რომლის დასკვნებიც ყველაზე სანდოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ოფიციალური ინფორმაციით, კენჭისყრის დღის შემდეგ მისია ტრადიციულად გამოაქვეყნებს როგორც წინასწარ და ასევე შემაჯამებელ ანგარიშებს.
ამჟამად OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მეთვალყურეები რეგიონებში არიან გადანაწილებული და საკუთარი თვალით აკვირდებიან იქ მიმდინარე პროცესებს. პარალელურად, იმართება შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მაქსიმალური ინფორმაციის მისაღებად.
მისია შეაფასებს:
- წინასაარჩევნო კამპანიის ტენდენციებს;
- კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს;
- საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას;
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას;
- განახლებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას;
- საარჩევნო დავების გადაწყვეტას;
- საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან თარხნიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, არჩევნებზე საერთაშორისო მეთვალყურეების ნაკლებობა ცუდია „დარღვევების პრევენციის კუთხით“, თუმცა დამაზარალებელი არ იქნება საბოლოო პოლიტიკური შეფასებებისთვის, რადგან ინფორმაციის ნაკლებობა არ იქნება - „ბელორუსიაში ისინი საერთოდ არ იყვნენ წარმოდგენილი, მაგრამ არჩევნების შეფასება მაინც მოხდა და რით დამთავრდა ყველაფერი, კარგად გვახსოვს“.
თარხნიშვილი ფიქრობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე პრევენციის კუთხით განსაკუთრებული როლი დაეკისრებათ ადგილობრივ სამეთვალყურეო ორგანიზაციებს, მედიასა და პოლიტიკურ პარტიებს:
„სწორედ მათზე გადავა სიმძიმის ცენტრი და მათ უნდა იმოქმედონ და მათ უნდა მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. ჩვენ გვაქვს პირდაპირი კონტაქტი, როგორც პარტიას და ასევე, ამ მიზნით ვიყენებთ ოპოზიციური პარტიების მიერ ხმების დაცვის მიზნით შექმნილი ერთიანი შტაბის ფორმატსაც. ამ ფორმატში ჩვენ უკვე შევხვდით IRI-ის მისიას. იგეგმება შეხვედრა OSCE/ODIHR-ის მისიასთან და სხვა დამკვირვებლებთან“.
რადიო თავისუფლებას სურდა მოესმინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციაც. მცდელობის მიუხედავად, მათთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
საერთაშორისო მეთვალყურეების სიმცირე პრობლემაა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, თუმცა ისინი სრულ მზადყოფნას გამოხატავენ როგორც ინფორმაციის შეგროვების, ასევე გავრცელების კუთხით.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე აქვთ აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან.
კენჭისყრის დღის გეგმები და განწყობები
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოში დარეგისტრირებულია 108 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ეს რიცხვი აღემატება წინა წლების მონაცემებს.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 91 ორგანიზაცია;
- 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 62 ორგანიზაცია;
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კენჭისყრის დღეს, წინა წლებთან შედარებით, წარმოდგენილი იქნება დამკვირვებელთა გაორმაგებული შემადგენლობით - 1300 ადამიანით.
როგორც საიას ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას:
- სტაციონარული დამკვირვებლები საიას ეყოლება ძირითადად რეგიონებში და ისეთ ოლქებში, „სადაც მღელვარება დიდია და დუღილის ტემპერატურა მაღალია“ - უბანზე თითო დამკვირვებელი კენჭისყრის მთელ პროცესს დაესწრება - უბნის გახსნიდან ხმის დათვლამდე;
- ასევე, იმოძრავებენ მობილური ჯგუფები - „ერთი მობილური ჯგუფი შემოივლის 10-მდე უბანს, ტერიტორიული სიახლოვის მიხედვით“;
- 1300-დან 300 ადამიანი მიმაგრებული იქნება საარჩევნო უბნების პერიმეტრის სამეთვალყურეოდ - „გვინდა დავაკვირდეთ, რა მოხდება განახლებულ კანონმდებლობაში ჩაწერილი ამ 25-მეტრიანი რადიუსის მიღმა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კენჭისყრის დღის პროცესებში ჩართული ეყოლება 600-მდე დამკვირვებელი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებული. გარდა ამისა, უბნიდან უბნებზე გადაადგილების გზით საარჩევნო პროცესების მეთვალყურეობაში ჩართული იქნება 100-მდე მობილური ჯგუფი.
საარჩევნო უბნების მონიტორინგისთვის 1000-მდე დამკვირვებელი მოამზადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED). ასევე, ორგანიზაციას დამატებით ეყოლება 75 მობილური ჯგუფი იმ უბნებისთვის, სადაც სტაციონარული მეთვალყურეები არ იქნებიან. თუმცა პრობლემად რჩება კოვიდინფექციის გამო იზოლირებული პაციენტებისთვის გადასატანი ყუთების მონიტორინგი.
არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც აქტიურად აკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესებს. ISFED-ის მორიგი შუალედური ანგარიში 22 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ელენე ნიჟარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპისთვის იკვეთება მრავალი ფაქტი და ძირითადად: ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა აქტივისტების დაშინებისა და მათზე ზეწოლის კუთხით. ასევე იკვეთება საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლისა და ძალადობის, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები.
სულხან სალაძე კი, მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად კოვიდპანდემიის ფონზე ხელისუფლების მიერ ამომრჩევლების მანიპულირებას მიიჩნევს - „ჩვენს ანგარიშებში არსად ეჭვის ქვეშ არ დაგვიყენებია სოციალური პროგრამებისა და დახმარების საჭიროება; თუმცა პრობლემაა, როდესაც ხელისუფლება ამ კონტექსტში მუდმივად ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის დამსახურებაზე და ამ დახმარებას არ წარმოაჩენს ხელისუფლების რეალურ ვალდებულებად".