Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დადგინდეს ინფიცირების ის ზღვარი, როცა არჩევნები ვერ ჩატარდება


12 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია განისაზღვროს ინფიცირების ის პიკური მაჩვენებელი, როცა ხელისუფლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით გაავრცელეს.

"ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არ არის ინტერესთა დაბალანსების მართებული გზა. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვითა და გამჭვირვალე პროცედურებით იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები კორონავირუსის პირობებში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს რამდენიმე დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას:

  • წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს იქნება ხალხმრავალი შეკრებები;
  • პოლიტიკოსების ნაწილს კოვიდინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეეცვალა კამპანიის ჩატარების გეგმები. პოლიტიკოსები თავს იკავებენ ხალხმრავალი შეკრებებისგან და შემცირდა ე.წ. კარდაკარის ჩაატარებაც;
  • ვირუსი დაუდასტურდა რამდენიმე პარტიის ლიდერს, რაც გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე;
  • ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა;
  • მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს;
  • მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაც, რომლის ათეულ ათასობით თანამშრომელს თითქმის 24-საათიან რეჟიმში რეგულაციების დაცვით მოუწევს არჩევნების დღეს კომისიებში ყოფნა ან გადასატანი ყუთით, მათ შორის კარანტინში მყოფ ამომრჩეველთან კომუნიკაცია;
  • არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, საკარანტინე ზონაში და თვითიზოლაციაში დარჩენილ ათასობით მოქალაქის ხმის მიცემის პროცესის დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის გართულდება.

"[გამოწვევებიდან გამომდინარე, აუცილებელია] გაფართოვდეს კრიზისების საბჭოს ფორმატი, რომლის საქმიანობაში არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი აქტორის (მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის) ჩართვა იქნება შესაძლებელი", - აცხადებენ ორგანიზაციები.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG);
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  4. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  5. საფარი
  6. საზოგადოება და ბანკები;
  7. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC);
  9. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
  10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  11. საქართველოს გაეროს ასოციაცია;
  12. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

მმართველი პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გართულებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ქვეყანაში არჩევნები დათქმულ დროს, 31 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG