Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-მ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე ბიულეტენი გამოსცა


NDI-მ, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების რიგით მეორე ბიულეტენი გამოსცა. ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისაგან შემდგარი გუნდის ანალიზს. ისინი წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით აფასებენ.

NDI-ის პირველი ბიულეტენი საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო კამპანიის გარემოს ფარავდა, მეორე ბიულეტენში კი შეფასებულია საინფორმაციო სივრცე და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა.

საინფორმაციო სივრცე - ტრადიციული მედია

კვლევა 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ საქართველოში მედიაგარემო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა მეტად პოლარიზებული, რაც შესაძლოა მოქალაქეთა მიერ ინფორმირებული საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენდეს გავლენას. ბიულეტენში საუბარია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის ფაქტებზე, მათ შორის, ისეთ ინციდენტებზე, როგორებიცაა საპროტესტო აქცია, რომლის გამოც პანკისში რადიოსადგური იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა; ბოლნისში ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაზე; ორ ძალადობრივ დაპირისპირებაზე მარნეულში, რომლის დროსაც რეპორტიორები და გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ.

ბიულეტენში აღნიშნულია ასევე, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტრადიციული მედია პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ეროვნულ და ადგილობრივ დებატებს აწყობდა, თუმცა მედიის ბევრი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დებატებში "ქართული ოცნების" მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული იყო.

NDI-ისთან საუბრისას კრიტიკა გამოითქვა ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ. კერძოდ, ითქვა, რომ კომისია პოლიტიკურად მიკერძოებულია და უფრო მეტად ოპოზიციური მედიის კონტროლზეა ორიენტირებული.

სოციალური მედია და დეზინფორმაცია

NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე ბიულეტენში აღნიშნულია, რომ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშის მიხედვით, ზაფხულში "ფეისბუკს" საარჩევნოდ 17 პოლიტიკური პარტია და 117 მაჟორიტარი კანდიდატი იყენებდა. თუმცა, ამავე ანგარიშის მიხედვით, ანონიმური გვერდები როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების აქტიურ დისკრედიტაციას ეწეოდნენ. გამონაკლისი იყო "პატრიოტთა ალიანსი", რომელიც ანონიმური გვერდების სამიზნეს არ წარმოადგენდა. NDI-ის ბიულეტენის მიხედვით, ონლაინსივრცეში მოქმედი ეს დისკრედიტაციული კამპანიები ქვეყნის შიგნით იმართება. ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კოორდინირებული და კარგად დაფინანსებულია.

სოციალური ქსელებით გავრცელებული დეზინფორმაცია უკავშირდება COVID-19-ის პანდემიასაც. ამ მხრივ NDI-ის ბიულეტენში საუბარია იმაზე, რომ მთიან ყარაბაღში ახლახან განახლებულმა ბრძოლებმა დეზინფორმაციის ახალი ნარატივები გააჩინა. 17 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე, ორმა ქართულმა დამოუკიდებელმა, ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ, რომლებიც "ფეისბუკთან" თანამშრომლობენ, 46 ფართოდ გავრცელებული მცდარი პოსტი გამოავლინა და გააქარწყლა, - აღნიშნულია კვლევაში.

ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა

კვლევაში კერძოდ აღნიშნულია, რომ არსებული საკანონმდებლო მექანიზმების მიუხედავად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ლგბტ თემის წევრთა პოლიტიკური წარმომადგენლობა დაბალია. აღნიშნულია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაში გენდერული კვოტირების მექანიზმის მნიშვნელობა, თუმცა ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ არსახელებს. კვლევის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში ქალები სიის მეოთხე ნომრად არიან წარმოდგენილები, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიები, რომლებიც ოთხ მანდატზე ნაკლებს მოიპოვებენ, დიდი ალბათობით პარლამენტში ქალ კანდიდატს ვერ შეიყვანენ. კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ზოგადად ნაკლებად წარმოდგენილი ჰგუფების საკითხები სათანადოდ არ არის ასახული არც პარტიების წინასაარჩევნო დეკლარირებულ მიზნებში.

NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე ბიულეტენი რეკომენდაციებით სრულდება. მაგალითად, გვხვდება რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ კამპანიის დარჩენილ დღეებში პარტიებმა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კონკრეტული გზები და დეტალები წარადგინონ, ხელი მოაწერონ ჰომოფობიური ენის გამოყენების წინააღმდეგ მრავალპარტიულ მემორანდუმს და სხვა.

NDI-ის საერთაშორისო ექსპერტებისაგან შემდგარი გუნდი წინასაარჩევნო გარემოს ანალიზს ქვეყანაში საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით ახორციელებს. ექსპერტები ძირითად ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერვიუებს ვირტუალურად ატარებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის.

XS
SM
MD
LG