მსოფლიოს ქვეყნების ერთმა ნაწილმა არჩევნები პანდემიის გამო ერთი წლით ან გაურკვეველი ვადით გადადო, ნაწილმა კი გამკაცრებული წესების ფონზე ჩაატარა და უსაფრთხოების მიზნით, ხმის მიცემის პროცედურებიც კი შეცვალა.
მსოფლიო მედია დღემდე განსაკუთრებულად აკვირდება კოვიცინფიცირებულთა მაჩვენებელს იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები არ გადადებულა და ცდილობს დაადგინოს, Covid 19-ით დაავადებულთა რაოდენობის ზრდა, იყო თუ არა კავშირში არჩევნების ჩატარების ფაქტთან.
საქართველოში რომ საპარლამენტო არჩევნები გეგმის თანახმად, 31 ოქტომბერს ჩატარდება (მიუხედავად ბოლო დღეებში ქვეყანაში ყოველდღიურად გამოვლენილი კორონავირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევისა), ეს, 19 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ და შენიშნა, არჩევნების დღეს, „საარჩევნო უბნები ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება ამომრჩევლისთვის, ვიდრე ის სავაჭრო ცენტრები, სადაც ისინი ყოველდღიურად შეიძლება დადიოდნენო“.
პანდემიის გამო ჩაშლილი და პანდემიისას ჩატარებული არჩევნები
კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს მსოფლიოში დაგეგმილი ასობით არჩევნები ჩაშალა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) 2020 წლის 7 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე 113 არჩევნები გადაიდო 66 ქვეყანასა და 8 ტერიტორიულ ერთეულში.
ზოგმა ქვეყანამ არჩევნების ჩატარების თარიღი განსაზღვრა და ის 2021 წელს დანიშნა. ასე მოიქცა, მაგალითად ავსტრალია, როცა 2020 წლის სექტემბერში დაგეგმილი არჩევნები 2021 წლის სექტემბერში გადაიტანა. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, მაგალითად, ყირგიზეთმა, გაბონმა, ჩადიმ და სხვებმა, არჩევნები გაურკვეველი დროით გადადეს.
თუმცა, ათობით სხვა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, სამხრეთ კორეამ და სხვებმა, არჩევნები მაინც ჩაატარეს.
საარჩევნო პროცესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩასატარებლად არაერთი სავალდებულო წესის შესრულება გახდა საჭირო. მათ შორის:
- ნიღბის ტარება - ნიღაბი ეკეთა საარჩევნო უბანზე მისულ ყველა ამომრჩეველს.
- ტემპერატურის შემოწმება - სამხრეთ კორეაში მილიონობით ადამიანს გაუზომეს სიცხე და დაუმუშავეს ხელები სადეზინფექციო ხსნარით. ხოლო ვისაც სიცხე აღმოაჩნდა, მათ ხმა განცალკევებულ ადგილებში მისცეს.
- სოციალური დისტანცირება - ისეთი ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, მონღოლეთი და სერბეთი - უბანზე მისულ ამომრჩევლებს მოსთხოვეს მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა.
- საარჩევნო უბნების დეზინფექცია და განიავება: ეს იყო რუტინული პროცედურა. პოლონეთში ყოველ საათში ათი წუთით ანიავებდნენ საარჩევნო უბანს. დომინიკის რესპუბლიკაში კი, საარჩევნო უბანზე მომუშავეები რეგულარულად წმენდნენ ზედაპირებს და მარკერებს, რომლებსსაც იყენებდნენ.
- ხმის მიცემის საათები: ზოგიერთმა ქვეყანამ გაზარდა როგორც საარჩევნო უბნების რიცხვი, ისე გაახანგრძლივა კენჭისყრის საათები არჩევნების დღეს, რათა ხალხი უბანზე არ მოგროვილიყო. სინგაპურში ამომრჩევლისთის დაწესებული იყო ორსაათიანი მონაკვეთები, რომლის დროსაც მათ მორიგეობით შეეძლოთ მისვლა.
- ხმის მიცემის ალტერნატივა: ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ავსტრალიამ, ხალხს მოუწოდა საკუთარი არჩევანი ფოსტით გაეგზავნა.
COVID-19 პაციენტებისთვის სპეციალური პროცედურები შეიქმნა. ხორვატიასა და საფრანგეთში ხმის მიცემის უფლება მიეცათ იზოლაციაში მყოფებს. იყო შემთხვევები, როცა პაციენტების სახლებს საარჩევნო პერსონალი და ჯანდაცვის პროფესიონალები სტუმრობდნენ. ხოლო სინგაპურში მოხუცებსა და მაღალი რისკის მქონე პირებს მოუწოდებდნენ, რომ ხმა დილის საათებში მიეცათ.
უსაფრთხოების ეს ზომები ქვეყნებს, ცხადია, მილიონები დაუჯდათ.
თუმცა, დამატებითი ხარჯის გარდა, ამ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს სხვა გამოწვევებიც ახლდა.
მაგალითად, ამომრჩევლის დაბალი აქტივობა - რისკი იმისა, რომ დაინფიცირების შიშით ამომრჩეველი არ მივიდოდა საარჩევნო უბანზე.
პრობლემები გამოჩნდა ხმის ელექტრონულად მიცემის სისტემაშიც.
პოლონეთმა, რომელმაც გადადო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ფოსტით ხმის მიცემის გზა აირჩია, პასუხად მიიღო ის, რომ ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მათ დროულად არ მიიღეს ბიულეტენები.
უსაფრთხოების წესები რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე
საფრანგეთშო, სადაც მუნიციპალური არჩევნები ჯერ კიდევ მარტში ჩატარდა, ამომრჩევლებს სთხოვეს თან ჰქონოდათ საკუთარი ლურჯი და შავი კალმები შესამოსახაზად. ყველა უბნის შესასვლელში დამონტაჟებული იყო სადეზინფექციო ხსნარის კონტეინერი. კონტროლდებოდა ამომრჩევლის რაოდენობა, ხმის მიცემის საათები გახანგრძლივებული იყო.
გერმანიაში, კერძოდ, ბავარიაში, მუნიციპალური არჩევნების პირველი ტური 15 მარტს ჩატარდა, ამომრჩეველს მკაცრად აკონტროლებდნენ, რომ ხელები გაეწმინდათ სადეზინფექციო ხსნარით, ასევე სთხოვდნენ დისტანციის დაცვას. ხოლო არჩევნების მეორე ტური მთლიანად საფოსტო ბიულეტენების საშუალებით ჩატარდა.
სინგაპურმა საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები 10 ივლისს გამართა. დილის საათები ეთმობოდა მხოლოდ 65 წელს ზემოთ ასაკის ამომრჩეველს. ამ გზით მათ 1000 უბანზე თავიდან აიცილეს ხალხმრავლობა. იმ პირებს კი, რომელთა სხეულის ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მეტი იყო, სთხოვეს ხმის მიცემა სპეციალურად გამოყოფილ უბანზე, საღამოს 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
ამ პროცესებს წინ უსწრებდა ქვეყნების მთავრობების მხრიდან აქტიური კამპანია, თუ როგორ უნდა მიეცათ ხმა პანდემიის პირობებში ჩატარებულ არჩევნებში.
სამხრეთ კორეამ, რომელიც უსაფრთხო არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით, წარმატებულ მაგალითად ითვლება, არჩევნების წინ გამოაქვეყნა პლაკატები, სადაც ახსნილი იყო, თუ როგორ შეეძლოთ მოქალაქეებს ხმის მიცემა. ეს ინფორმაცია დაიგზავნა კარანტინში მყოფ ხალხთანაც.
სერბეთმა ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინსტრიქცია ცხრა გაზეთში გამოაქვეყნა, 30 რადიოეთერით გადასცა და სხვა ყველა შესაძლო მედიით და სოცქსელითაც გაავრცელა.
საქართველოში არჩევნების გადადების იდეას პოლიტიკოსების ერთი ნაწილი იზიარებს. მათ შორის, პარტია "ლელოს" მაჟორიტარი კანდიდატი, ლევან კობერიძე, რომელსაც ეკუთვნის არჩევნების გადადების საკითხზე მსჯელობისთვის პარლამენტში შეკრების ინიციატივა და რომელსაც, როგორც ზემოთაც ვთქვით, უკვე გასცა მთავრობამ პასუხი.
"ვრისკავთ თუ არა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ადამიანების სიცოცხლეს არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარების გამო?" - კითხვა ასე დასვა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც.
ომბუდსმენი წერდა, რომ იქ, სადაც პანდემიის მიუხედავად, არჩევნები მაინც ჩატარდა, გაცილებით მეტი რესურსი არსებობს როგორც უსაფრთხოების წესების დაცვის, გამართული ელექტრონული საარჩევნო და ჯანდაცვის სისტემის კუთხით, რითიც ვერ დაიკვეხნის საქართველო.
საქართველოს მთავრობას აქვს ოფიციალური პასუხი, თუ როგორ უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე და ეს პასუხი უკვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 18 სექტემბრის დადგენილებაში ჩამოწერილ მრავალ პუნქტს შორის, მთავარ წესად რჩება, 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, პირბადის ტარების აუცილებლობა, სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, თერმოსკრინინგი, შენობის დეზინფექცია ყოველ 3 საათში, დისტანციის დაცვის კონტროლი და სხვა.