Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის იქნება "გრიპის ვაქცინა", ვისთვის და ვისთვის უფასოდ?


კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აცრა გრიპზე. სახელმწიფო ამტკიცებს, რომ წელს იმაზე ბევრად მეტი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ვიდრე წინა წლებში - თუმცა არ ამბობს, როდის და რამდენი.

კლინიკებსა და ამბულატორიებს თბილისში რისკჯგუფების უფასოდ ასაცრელად მხოლოდ 25 000 ვაქცინა გადაეცათ 3 დღის წინ, არ იშოვება არც ე.წ. ფასიანი ვაქცინა მათთვის, ვინც მზად არის, 50-60 ლარი გადაიხადოს გრიპისგან თავდაცვაში.

ნოემბრის პირველ რიცხვებამდე თბილისის 46 სხვადასხვა კლინიკაში უფასო ვაქცინაციის პროგრამისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 25 000 ვაქცინა დაარიგა, რომელიც ქვეყანაში 13 ოქტომბერს შემოვიდა. სულ საქართველო 2020-2021 წლის სეზონისთვის 135 000 გრიპის ვაქცინის ყიდვას აპირებს.

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, დარჩენილ შეკვეთას ოქტომბრის ბოლოს ელოდება, თუმცა რადიო თავისუფლების კითხვაზე NCDC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა არ გვიპასუხა, 110 000 ვაქცინა ერთდროულად შემოვა ოქტომბრის ბოლოს თუ ეტაპობრივად.

ცნობილია ისიც, რომ ქვეყანა ფიქრობს დამატებით 100 000 ვაქცინის ყიდვაზე, თუმცა დეტალები არც ამასთან დაკავშირებით არის ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს მხოლოდ ის, რომ გრიპის ვაქცინა მთელ მსოფლიოში დეფიციტურია და საქართველოში ნოემბრამდე არც წინა წლებში შემოდიოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისვე ცნობით, გრიპის ვაქცინა განსაკუთრებით ეფექტიანია ოქტომბრის დასაწყისში, გრიპის აქტიური სეზონის დაწყებამდე, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად 2-3 კვირა სჭირდება. ამ დროისთვის საქართველოში არსებული მარაგი, 25 000 ვაქცინა, განკუთვნილია მხოლოდ რისკჯგუფების გარკვეული ნაწილისთვის:

  • ორსულებისთვის
  • დიალიზზე მყოფი პირებისთვის
  • C ჰეპატიტის მქონე პირებისთვის, ვინც მკურნალობის კურსს გადის
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირებისთვის
  • ბავშვთა, მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარების და მათი მომვლელი პერსონალისთვის
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალისთვის

1 ნოემბრამდე გრიპის უფასო ვაქცინაციის პროგრამით ვერ ისარგებლებენ:

  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლიდან ზემოთ
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები 65 წლის ზემოთ
  • დიაბეტის მქონე პირები
  • ექიმები
  • ექთნები
  • ვეტერინარები
  • თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები
  • პენიტენციურ და საპატიმრო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი

ეს ადამიანები რისკჯგუფებს განეკუთვნებიან, თუმცა იმისათვის, რომ ვაქცინის დეფიციტი არ შეიქმნას, ნოემბრის დასაწყისამდე უნდა მოიცადონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი პროტოკოლით, გრიპის მეორადი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს, გარდა სპეციფიკური სამუშაოს მქონე პირებისა, შეადგენენ:

  • ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით, 2 წლამდე
  • ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით
  • ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებები და ა.შ.)

2020 წლის გრიპის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის განრიგში, რომელიც NCDC-იმ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები არ იხსენიება, ისევე როგორც ასთმის დიაგნოზის მქონე პირები. ხანდაზმულებს კი აცრის გასაკეთებლად თანმდევი ქრონიკული დაავადებები უნდა ჰქონდეთ დიაგნოზში. იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც უფასო ვაქცინაციაა შესაძლებელი, შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

წლების მიხედვით საქართველოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რაოდენობა ასეთი ტემპით იზრდებოდა:

წელი

ვაქცინების რაოდენობა

2013-2014 წლების სეზონი

4000

2014-2015 წლების სეზონი

8000

2015-2016 წლების სეზონი

10 000

2016-2017 წლების სეზონი

20 000

2017-2018 წლების სეზონი

27 000

2018-2019 წლების სეზონი

48 935

2019-2020 წლების სეზონი

100 000

2020-2021 წლების სეზონი

135 000

XS
SM
MD
LG