შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალგორში 14 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება ვერ მიიღეს და არც მათ ოჯახებს მისცეს პაციენტების თბილისის კლინიკებში გადაყვანის უფლება.
ამ ერთი წლის განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ 10 დღით გაუხსნა გზა ადგილობრივ პენსიონერებს იმისთვის, რომ წეროვანში მყოფი ნათესავები მოენახულებინათ, ექიმთან მისულიყვნენ, პენსია მიეღოთ და ისევ დაბაში დაბრუნებულიყვნენ. მას შემდეგ 6 თვეზე მეტი გავიდა, ახალგორი ჰუმანიტარულ კრიზისში ცხოვრობს. რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა პროგრამამ, „ეხო კავკაზამ“, დაბის მოსახლეობა ჩაწერა. ახალგორელებისთვის მთავარი პრობლემა ჩაკეტილი გზაა. იზა ღამბაშიძეს, წელიწადზე მეტია, ნათესავები აღარ უნახავს. ის ახლა დაბაში მარტოა დარჩენილი. ოჯახის წევრები წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. ხანში შესულ ქალს, დიდი ხანია, პენსიაც არ აუღია.
დაბა ახალგორში პროდუქტების დეფიციტია, რამაც ცხინვალიდან მცირე რაოდენობით ჩატანილ პროდუქციაზე ფასები კატასტროფულად გაზარდა. ახლა დაბაში პირველადი მოხმარების პროდუქტი 2-3- ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში. ახალგორის მცხოვრებ მაყვალა ბაქაქურს ყველაზე მეტად შვილები და შვილიშვილები მოენატრა, რომლებიც, წელიწადზე მეტია, არ უნახავს.
დე ფაქტო ხელისუფლებას გზის გახსნას სთხოვენ როგორც ეთნიკური ქართველები, ისე ოსები. მოსახლეობის დიდ ნაწილს ექიმთან მისვლა უნდა, რადგან ადგილზე, უხარისხო სამედიცინო სერვისის გამო, ნორმალური ანალიზების ჩატარებაც კი შეუძლებელია.
გასული წლის 29 აგვისტოს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ულტიმატუმით ჩაშალეს. ისინი ქართული მხარისგან მოითხოვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს ტყის მასივიდან გატანას. ეს ტყის მასივი ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება. ბიბილოვის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ საგუშაგო წნელისის საზღვრებში იყო განთავსებული და თუ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ გაიტანდა, მეორე დღეს, 30 აგვისტოს, სპეციალური ღონისძიებების ჩატარებას დაიწყებდნენ.
30 აგვისტოს ჩორჩანასა და მიმდებარე ტყის მასივში დაძაბული ვითარება იყო, რადგან მეზობელ ოკუპირებულ წნელისში ოსებისა და რუსების სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრების ნაცვლად, ტექნიკური შეხვედრების ჩატარება დაიწყო (ჯამში, 7 ასეთი შეხვედრა ჩატარდა), თუმცა მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. მოგვიანებით ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ორი საგუშაგო განათავსა და ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე თითქმის 1,5 კილომეტრით შემოჭრის შემდეგ გააკეთა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ბიბილოვმა ახალგორიც ჩაკეტა, სადაც ეთნიკური ქართველების დიდი ნაწილი ცხოვრობს და ამ მოქალაქეებს მუდმივად ჰქონდათ კონტაქტი თბილისსა და წეროვანში მცხოვრებ ნათესავებთან.
არაერთმა საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი დაბა ახალგორში სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ქმნის ჰუმანიტარულ კრიზისს, მაგრამ ბიბილოვი ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არ ითვალისწინებს და ჩორჩანა-წნელისის პრობლემის მოგვარებამდე დაბას ისევ ჩაკეტილს ტოვებს.