ორი დღეა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მინდვრებში საოკუპაციო ძალების ტექნიკა მუშაობს. ამ ყველაფერს ყარაფილას მცხოვრებლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აკვირდებიან. ყარაფილას მცხოვრებლების თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ხნულებს პერიოდულად აახლებს და მას ძირითადად ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულება აქვს.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სოფლის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად ჩნდებიან, პატრულირებენ შეიარაღებული პირები, ამონტაჟებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს და პერიოდულად ხნულებს ავლებენ. ახალი ხნულები მათ საოკუპაციო ბანერების მოშორებით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გაავლეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ხნულების ადგილას ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები განათავსონ და
მავთულხლართები გაავლონ. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა საოკუპაციო ძალების ქმედებებს ვიდეო და ფოტოტექნიკით აფიქსირებს და ინფორმაციას ჟურნალისტებს აწვდის, მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მკაფიოდ ჩანს, როგორ მუშაობენ ტრაქტორები ყარაფილას მინდორში. ხნული, დაახლოებით, ორი კილომეტრის სიგრძეზეა გავლებული.
საოკუპაციო ძალების გააქტიურებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სამწუხაროა, რომ დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი სოფელ ყარაფილასთან, რაც კიდევ
ერთხელ ხაზს უსვამს და მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე. ამ თვალსაზრისით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენ განვაგრძობთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, მხარდაჭერის კონსოლიდაციის და ამგვარი ქმედებების აღკვეთის მიზნით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომელიც, მეორე დღეა, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ქართულ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს და მათ პრობლემებს ისმენს.
ახლვლედიანის შეხვედრების ამსახველ საინფორმაციო მასალებს მისივე პრესსამსახური ავრცელებს, ჟურნალისტებს კი მინისტრთან კითხვების დასმის საშუალება არა აქვთ. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში დღეს ქვემო ჭალაში ცხინვალის იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებსაც შეხვდა. ოჯახის მოთხოვნაა ზაზას უპირობა გათავისუფლება. მისი დაჭრიდან და დაკავებიდან 50 დღეზე მეტი გავიდა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები კი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობენ.
ცხინვალში გართულებული მდგომარეობის მიუხედავად, საოკუპაციო ძალები „ბორდერიზაციის“ პროცესს არ წყვეტენ. წელს ისინი რამდენჯერმე გამოჩნდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული 15-მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს.
ოკუპირებული ორჭოსნისა და ყარაფილას მინდორში გადის ბაქო-სუფსას ნავთობსადენი. ამ ნავთობსადენის რამდენიმე ათეულმეტრიანი მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ახალი ხნული საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე კიდევ უფრო შიგნით გაავლეს. ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებიც პატრულირებენ, მაგრამ საოკუპაციო ძალები საქმეს დაუბრკოლებლად განაგრძობენ.