Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთს დახმარება სჭირდება  -  რას აკეთებს საქართველო?


სტატია განახლდა 20 აგვისტოს

ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19--ის შემთხვევები არ იკლებს - ბოლო სტატისტიკის თანახმად, რომელსაც სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს, კორონავირუსით 202 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 78 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეპიდაფეთქების ცენტრში აღმოჩენილმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ, ორი დღის წინ მოქალაქეებს მოხალისეობისკენ მოუწოდა, დახმარება საჯაროდ ითხოვა და განაცხადა, რომ რეგიონში სამედიცინო პერსონალის პრობლემა გაჩნდა.

იმ ფონზე, რომ 1 აგვისტოდან აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი გახსნა და ტურისტების ნაკადი, რეგიონში, ფაქტობრივად, კონტროლის გარეშე შედის, არსებობს მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

რით ეხმარება ამ დროს საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ რეგიონს და იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეეებს და რამდენად ქმედითია ეს დახმარება?

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოუწოდეს უფრო ძლიერი ჰუმანიტარული მხარდაჭერისკენ.

პრობლემა #1 - ექიმების დეფიციტი აფხაზეთში

International Crisis Group-ის უფრო ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ პირველი პრობლემა, რაც პანდემიის დასაწყისშივე გამოიკვეთა იყოს ის, რომ აფხაზეთში ადგილობრივი ექიმების დიდი ნაწილი ასაკოვანია.

ოლესია ვართანიანი
ოლესია ვართანიანი

პანდემიის გავრცელების დასაწყისშივე არსებობდა საფრთხე, რომ თუ ვითარება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით აფხაზეთშიც გამწვავდებოდა, გაჩნდებოდა სამედიცინო პერსონალის დეფიციტი.

ასეც მოხდა მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი გახსნა და ტურისტები შემოუშვა.

ადგილობრივმა დე ფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემას აღარ ჰყოფნის სამედიცინო პერსონალი, ექიმების დიდი ნაწილი გადაღლილია, ზოგიერთი მათგანი კი ვირუსით დაინფიცირებული.

მეორე პრობლემა, ამბობს ოლესია ვართანიანი, არის ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ყველა ტრენინგი გავლილი ჰქონდათ სწორედ იმ ექიმებს, ვინც დღეს თავად არის სამკურნალო.

ეს ნიშნავს, რომ რეგიონი, შესაძლოა, ამ სფეროს ექიმების გარეშე დარჩეს. მათი ნაწილი სამკურნალოდ საქართველოშია გადმოყვანილი.

ოლესია ვართანიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პანდემიის დასაწყისში, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა. ეს არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო შეხვედრებზეც.

ანალიტიკოსის შეფასებით, გამოჩნდა, რომ ბევრი პოლიტიკური საკითხი ქართულმა მხარემ გვერდზე გადადო და აფხაზეთს დაეხმარა არა მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობით და ეპიდემიოლოგების ონლაინკონსულატაციებით, არამედ საქართველოს მთავრობამ დახმარება სთხოვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მათ ცენტრალური ოფისიდან აფხაზეთში 2 წარმომადენელი გაგზავნეს.

ჯანმოს სპეციალისტებმა აფხაზეთში არსებული ვითარება შეისწავლეს, დაათვალიერეს საავადმყოფოები და რამდენიმე გეგმაც კი დაწერეს თუ როგორ უნდა ემოქმედა ადგილობრივ მთავრობას სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

ეს იყო კიდეც მიზეზი იმისა, რომ აფხაზეთი, კოვიდთან ბრძოლის თვალსაზრისით, სამაგალითო დე ფაქტო რეგიონად მიიჩნეოდა, სადაც ახერხებდნენ ვირუსის შეკავებას, - მიიჩნევს ოლესია ვართანიანი.

მაგრამ ეს დაწერილი გეგმები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებდა, თუ საზღვრები არ გაიხსნებოდა. ეს გეგმა არ ყოფილა გათვლილი რუსეთიდან ათასობით ტურისტის მიღებაზე.

უკონტროლო საზღვარი

რა მოხდა აფხაზეთში, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები წავიდნენ?

ოლესია ვართანიანი გვიყვება, რომ თუ საქართველოში შემოსულ ნაკადს ამოწმებენ, უტარდებათ ტესტი, ათავსებენ კარანტინში, აფხაზეთში მსგავსი რამ არ მომხდარა. ამისთვის დე ფაქტო მთავრობა მოუმზადებელი აღმოჩნდა. ეს გახდა კიდეც მთავარი მიზეზი ეპიდემიის აფეთქების მიზეზი.

რეგიონში Covid 19-ის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე International Crisis Group-მა სპეციალური ანგარიშიც მოამზადა. მეტი დეტალი შეგიძლია წაიკითხოთ აქ.

რატომ გაუხსნა აფხაზეთმა საზღვარი რუსეთს?

ჯერ კიდევ მარტში, სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ მათ ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა ექნებოდათ, - იხსენებს ოლესია ვართანიანი. ტურიზმზე დამოკიდებულ აფხაზეთს სერიოზული ეკონომიკური კრიზისი ელოდა.

დე ფაქტო ხელისუფლება ასევე შიშობდა, რომ ისინი ვერ გადაიხდიდნენ პენსიებს, ხელფასებს. ზაფხულის დასაწყისში ხელფასებმა და პენსიებმა მართლაც დაიგვიანა.

ხალხში პროტესტი გაჩნდა. იმუქრებდნენ გამოსვლებით. ყველას გაუჭირდა, ხელისუფლებამ მათი დახმარება ვერ შეძლო და იძულებული გახდა საზღვარი გაეხსნა.

ან უნდა დალოდებოდნენ ვაქცინას, მაგრამ ამ ხანში მათ შიმშილი ელოდათ, ან უნდა გაერისკათ და მიეღოთ ტურისტები.

როგორც ოლესია ვართანიანი გვიყვება, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ფინანსური დახმარება საქართველოს ხელისუფლებასაც სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, მისი აზრით, საკითხს რთული პოლიტიკური შინაარსიდან გამომდინარე - გამოვიდოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დე ფაქტო სტრუქტურა დააფინანსა.

ამიტომ, აფხაზეთში, გამოსავლად უკიდურეს ზომას - საზღვრის გახსნას მიმართეს.

ეპიდაფეთქებამაც არ დააყოვნა.

რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებას?

აფხაზეთისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება დღემდე გრძელდება. 19 აგვისტოსაც გავრცელდა ცნობა, რომ სოხუმში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა.

საუბარია იმაზეც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ტრენინგები ჩაუტარდეთ მოხალისეებსაც.

„თუმცა ყველაზე მთავარი, რისი გაკეთებაც ახლა საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია არის ის, რომ ისევ სთხოვოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, სოხუმში ერთხელ უკვე ნამყოფი სპეციალისტები როგორმე ისევ ჩამოვიდნენ აფხაზეთში. ან ონლაინ კონსულტაციები მაინც გამართონ, რომ ადგილობრივებს ამ ტალღის შეკავებაში დაეხმარონ. ახლა მთავარია, აფხაზეთში როგორმე მოწესრიგდეს ტურისტების უკონტროლო შემოსვლა. და ისევ და ისევ, აუცილებელია, ქართველ და აფხაზ სპეციალისტებს შორის იყოს მუდმივი კონტაქტი“, - გვითხრა ოლესია ვართანიანმა.

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს უფრო ძლიერი ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს.

"მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის მოსახლეობას სამედიცინო რესურსებით დამატებითი დახმარება გაუწიოს. დახმარების ფორმებზე შეთანხმება დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებას საჭიროებს და ის საავადმყოფოებში პაციენტების ორგანიზებული გადმოყვანისა ან/და აფხაზეთში სამედიცინო პერსონალისა და შესაბამისი რესურსების გაგზავნაში შეიძლება გამოიხატოს“, - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კამპანია „ქართველები აფხაზებისა და ოსებისათვის“

განცხადების ხელმომწერებს შორის არის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრიც, რომლის დირექტორი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მართალია ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით ეხმარება აფხაზეთს, თუმცა მათ თავადაც შეეძლოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

ხელისუფლებას აკლია თავისი, საკუთარი ინიციატივები. თუნდაც დროებითი პროგრამების შემუშავება - ამბობს უჩა ნანუაშვილი, რომ ამ ხალხს, რომელიც ყველას დაავიწყდა, დახმარება აღმოვუჩინოთ:

„საქართველოს მთავრობის ვალდებულენაა დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობას. და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო. თუნდაც დროებით ენგურის ხიდის გადასასვლელი პუნქტის გახსნა, რომ პენსიონერებმა შეძლონ გადმოსვლა და პენსიის აღება სანიტარული წესების დაცვით.

დღეს აფხაზეთში სერიოზული კრიზისია, იქ არის პირველადი მოხმარების საგნების, პროდუქტების დეფიციტი, ყველაფერი გაძვირებულია. ვიცი, რომ ითხოვეს ხიდთან დროებითი მაღაზიის გახსნაც, რომ იქვე შეძლებოდათ საჭირო ნივთების ყიდვა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ხალხს ეს სჭირდება და ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდან სიგნალი, რომ ნამდვილად გვაღელვებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი“.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

უჩა ნანუაშვილი ასევე ამბობს, რომ დახმარების ნაბიჯებს შორის შესაძლოა, იყოს, მაგალითად, რუხის საავადმყოფოს უკეთესად აღჭურვა და უფრო აქტიური ამუშავება.

ასევე მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა გამართულიყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა გალში, რაც უკვე დიდი ხანია არ გამართულა და ამ შეხვედრაზე, პირისპირ განხილულიყო არარეთი საკითხი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა - პირიპირ ლაპარაკი. მითუმეტეს, რომ ვიცი, რომ აფხაზური მხარე იყო ამით ძალიან დაინტერესებული“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მისმა ორგანიზაციამ დამოუკიდებლად უკვე დაიწყო კამპანია „ქართველები აფხაზებისა და ოსებისათვის“, რომელიც გამიზნულია ოკუპირებულ ტერიტოროებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

ამ კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ სასურველი ღირებულების პაკეტი და ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში. შეგროვილი თანხა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.

„ჩვენ გვინდა წარსულში დავტოვოთ ის ბოროტება, რაც ომმა მოიტანა, გავხდეთ უფრო ადამიანურები და დავეხმაროთ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები მათ მიმართ. რომ აქეთ მხარეს ვართ ადამიანები, ვისაც გვინდა წარსული გადაფასება“, - გვითხრა უჩა ნანუაშვილმა.

რადიო თავისუფლებმა ასევე დაუკავშირდა გალში მცხოვრებ ერთ-ერთ ქართველს, რომელმაც გვითხრა, რომ ეპიდემიის თვალსაზრისით გალი ამ ეტაპზე შედარებით უსაფრთოდაა, რადგან შემთხვევები არ არის და არც შეზღუდვებია, მაგრამ ხალხს ძალიან გაუჭირდა პენსიებისა და შემწეობების აღების შეფერხების გამო და ორკვირიანი კარანტინის თავიდან აცილების მიზნით ისინი ცდილობენ არა სახმელეთო გზით, არამედ წყლით გადმოვიდნენ ზუგდიდის მხარეს, აიღოს საარსებო თანხა და უკან გაბრუნდნენ, რაც არ არის უსაფრთხო.

ყველა კითხვა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ დღეს არსებობს ამ საკითხზე, რადიო თავისუფლებამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაუგზავნა.

პასუხებს ამ დრომდე ველით.

20 აგვისტოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა განცხადება​, რომლის თანახმადაც: "...სახელმწიფო უწყებების მიერ ერთობლივად მომზადდა ოკუპირებული რეგიონებიდან პაციენტების მართვის გეგმა, ხოლო ენგურის ხიდთან გაიხსნა საველე ჰოსპიტალი, სადაც განთავსებული ექიმები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თითოეულ პაციენტს უზომავენ სიცხეს და ჩივილების შესაბამისად ხდება მათი გადაყვანა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში... ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ დახურვის შედეგად, ამ დრომდე სრულიად ჩაკეტილი და ხელოვნურად იზოლირებული რჩება ცხინვალის რეგიონი..."

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG