Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობას აფხაზეთის მეტად დახმარებისკენ მოუწოდებენ


სოხუმი
სოხუმი

ექვსმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, აფხაზეთში კორონავირუსის მკვეთრი აფეთქების ფონზე უფრო მეტად გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოჰყავთ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება სამედიცინო პერსონალის დეფიციტის და მოხალისეთა დახმარების აუცილებლობის შესახებ, ასევე, ის გარემოება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია და სწორედ სოციალური პროტესტის ფონზე მოუწია დე ფაქტო ხელისუფლებას 1 აგვისტოდან რუსეთთან ე.წ. საზღვრის მოულოდნელად და მოუმზადებლად გახსნა, რის შემდეგაც აფხაზეთში ეპიდაფეთქება დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოსაზრებით, აფხაზეთში შექმნილი კრიზისის პასუხად, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ აჩვენონ სოლიდარობის მკვეთრი ნაბიჯები აფხაზეთის რეგიონის მხარდასაჭერად: „ამ ნაბიჯებს ადამიანის სიცოცხლის უზენაესობისა და ჰუმანიზმის ჩვენების თავისთავადი მიზნის მიღმა, შერიგების და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოტენციალი გააჩნია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები მუდმივად ხედავდნენ მათი წუხილების და საჭიროებების გაზიარებისა და მხარდაჭერის მზადყოფნას“.

საზოგდოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საპასუხოდ საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გადადგმული ნაბიჯები ოკუპირებული რეგიონების მხარდასაჭერად, ეს პროცესი მეტ საჯაროობას და გაძლიერებას ითხოვს. მათ შორის, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის მოსახლეობას სამედიცინო რესურსებით დამატებითი დახმარება გაუწიოს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დახმარების ფორმები დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებას საჭიროებს და საავადმყოფოებში პაციენტების ორგანიზებული გადმოყვანაში ან აფხაზეთში სამედიცინო პერსონალისა და შესაბამისი რესურსების გაგზავნაში შეიძლება გამოიხატოს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების ბოლოდრიონდელ განცხადებებს, მათ შორის, გალში მცხოვრები ქართველების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების და საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის შესახებ და მიიჩნევენ, რომ არსებული კონტექსტი უფრო ღია პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას და შერიგების პროცესს უწყობს ხელს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ეს კონტექსტი სათანადოდ გავაცნობიეროთ. სამწუხაროა, რომ მშვიდობაზე და შერიგებაზე მიმართული რიტორიკისა და ცალკეული მცდელობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ეს პოლიტიკა ნაკლებად საჯარო, ხილვადი და მძლავრია. ეს მაშინ, როცა სწორედ შერიგების და ნდობის აღდგენის რიტორიკასა და საჯარო, ღია გზავნილებს აქვს თავისთავად ტრანსფორმაციული მნიშვნელობა და ღირებულება. ხელმომწერ ორგანიზაციებს გვჯერა, რომ კრიზისის მდგომარეობაში ადგილობრივი მოსახლეობის ღია მხარდაჭერა შერიგების და ნდობის აღდგენის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაბიჯი იქნება“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

კავკასიური სახლი;

მშვიდობისა და სამოქალაქო განითარების ცენტრი;

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი;

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

19 აგვისტოს დილის მდგომარეობით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 202 შემთხვევა, მათგან 3 გარდაცვალების.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 1 აგვისტოს შემდეგ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაუხსნა რუს ტურისტებს.

„პანდემიის დაწყების შემდეგ აფხაზეთის მედიკოსები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ, იღლებიან და ავად ხდებიან. დღეს პერსონალი უბრალოდ, აღარ გვყოფნის, რადგან დაავადებული თანამოქალაქეების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“, - განაცხადა 16 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ და დახმარება მოხალისეებს სთხოვა.

XS
SM
MD
LG