რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუდაუთის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, უმცროსი სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.
„პანდემიის დაწყების შემდეგ აფხაზეთის მედიკოსები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ, იღლებიან და ავად ხდებიან. დღეს პერსონალი უბრალოდ, აღარ გვყოფნის, რადგან დაავადებული თანამოქალაქეების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“, - აცხადებენ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში და დახმარებას მოხალისეებისგან ითხოვენ.
16 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 189 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 ადამიანი. ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა 1 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუს ტურისტებს გაუხსნა ე.წ. საზღვარი.