თბილისის საქალაქო სასამართლო გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, თორნიკე კუბლაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს. მოქალაქეს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში კარანტინის გავლა მოუწევს, მიაჩნია, რომ მთავრობამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო.
ქართველ არქიტექტორს გერმანიაში მუშაობისა და ცხოვრების უფლება 2022 წლამდე აქვს. ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. ჯერ ფრენები არ იყო, შემდეგ კი გახსნილი საზღვრების მიუხედავად, როგორც საქართველოს მოქალაქეს, თორნიკეს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
მთავრობის დადგენილებით, 5 ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, გერმანიის, საქართველოში ჩამოსვლა საკარანტინო სივრცის გავლის გარეშე შეუძლიათ. თუმცა იგივე წესი არ მოქმედებს ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებზე.
კუბლაშვილს სამსახურში შვებულებას ორი კვირაზე რამდენიმე დღით მეტ ხანს აძლევენ. გამოდის, რომ კარანტინის გავლის გამო, პრობლემა, რისთვისაც საქართველოში რამდენიმე დღით დაბრუნებას აპირებს, მოუგვარებელი დარჩება. ახლა იგი არჩევანის წინაშეა, დარჩეს გერმანიაში თუ ჩამოვიდეს საქართველოში და დაკარგოს სამსახური.
"შეიძლება ჩამოვიდე და 6 თვე ვეღარ მოვძებნო სამსახური [გერმანიაში]... სამსახურში რომ მოვყევი ჩემი პრობლემის შესახებ, მითხრეს, რომ რაღაცას არასწორად ვუხსნიდი. რატომ შეეძლოთ მათ საქართველოში კარანტინის გარეშე ჩასვლა, მე კი - არა. ყველა მეკითხებოდა - "რატომ?!" - ამბობს კუბლაშვილი.
მსგავსი პრობლემა არ აქვთ იმ ქართველებს, რომლებსაც გერმანიაში უვადო ცხოვრების უფლება აქვთ. მართალია, უვადო ვიზის გაკეთება თორნიკე კუბლაშვილსაც ეკუთვნის, თუმცა სახელმწიფო სამსახური ამჟამად მხოლოდ სასწრაფოდ საჭირო დოკუმენტებს გასცემს.
"ჩემი არ ითვლება სასწრაფოდ, ორი წელი კიდევ აქვს ვადა", - ამბობს თორნიკე და განმარტავს, რომ პრობლემის შესახებ საქართველოს საელჩოს წერილობით აცნობა, თუმცა პასუხი დაუგვიანეს. აინტერესებდა, რა განსხვავებაა გერმანულ და არაგერმანულ პასპორტებს შორის, როცა საქმე პანდემიასა და ვირუსის გავრცელებას ეხება.
უფლების მოსაპოვებლად ახლა უკვე სასამართლოში დავობს. საია-ს დახმარებით სარჩელით საქალაქო სასამართლოს 31 ივლისს მიმართა და ვიზა, ჩაწერის მოწმობა და ავიაბილეთების ასლები წარუდგინა. მიაჩნია, რომ მთავრობის დადგენილება, რომლითაც მისგან განსხვავებით გერმანიიდან ჩამოსულ ტურისტს კარანტინის გავლა არ უწევს, მის მიმართ დისკრიმინაციულია.
"იმედია, რომ რეგულაცია ჩასწორდება", - ამბობს ის.
მისი გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, რომ პრეცედენტული იქნება, რადგან შეიცვლება დადგენილების შინაარსი და საქართველოს სხვა მოქალაქეებიც საკარანტინო სივრცეში მოხვედრის გარეშე დაბრუნდებიან იმ ქვეყნებიდან, რომელთაც ქვეყანამ უპირობოდ გაუხსნა საზღვრები.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 12 აგვისტოს დაიწყება. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მთავრობის დადგენილება ქვეყნის მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული.