Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანის თქმით, საქართველოს არჩევნები რუსეთის აშკარა სამიზნეა


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

„ყველამ ვიცით, რამდენად აქტიური და გამომგონებლურია რუსული დეზინფორმაცია, როცა საქმე ეხება არჩევნებს ბევრ ჩვენს ქვეყანაში და საქართველო აშკარად არის სამიზნე“, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ეს განცხადება მან 1 ივლისს გააკეთა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.

კელი დეგნანმა ისაუბრა რუსეთის შესაძლო ჩარევაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა მეგობრები საქართველოსთან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ დეზინფორმაციისა და სიმართლის გარჩევაში.

დეგნანის თქმით, თუკი საქართველო შეძლებს წარმატებით ჩაატაროს არჩევნები, ეს დიდი გამარჯვება იქნება და მოდელის როლს შეასრულებს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ სხვებისთვისაც.

აშშ-ის ელჩმა ახსენა ახლახან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომელსაც, მისი თქმით, გრუ-ს უკავშირდება. დეგნანის თქმით, ეს დიდი გაფრთხილებაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობები, რომლებიც უნდა შეასრულოს საქართველოს ხელისუფლებამ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად, აშშ-ის ელჩმა რამდენიმე საკითხზე შეაჩერა ყურადღება. მისი თქმით, ესაა დაშინების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციები; რეგულაციები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ; საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზმის დონის ამაღლება და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულაციები.

აშშ-ის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა 29 ივნისს პარლამენტის მიერ საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. მისი თქმით, ამგვარად შესრულდა 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი. დეგნანის სიტყვებით, „დავეთანხმებით ამას თუ არა, ოპოზიციას პრინციპული მიზეზი ჰქონდა, რომ მონაწილეობა არ მიეღო კენჭისყრაში.“

აშშ-ის ელჩის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული სამართლებრივ პროცესში პოლიტიკური ჩარევა. „და ეს მომავალშიც უწყვეტი მიზანი იქნება საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესებისთვის,“ დასძინა აშშ-ის ელჩმა კენი დეგნანმა.

XS
SM
MD
LG