შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვს დაკავებამდე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, ჰქონდა. ის ჩასული იყო ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის, ხასო ხანგოშვილის, ოჯახში.
“ის ახალგაზრდა კაცია, მე კიდევ დროული კაცი ვარ. სტუმრად იყო ჩვენთან მოსული, ჩემს შვილთან. ორჯერ ან სამჯერ მყავს ნანახი. სულ, ალბათ, 5 წუთი ვილაპარაკეთ...ერთმანეთს გამოვკითხეთ ჩვენი ამბები. ვიკითხე, რომელი გვარის წარმომადგენელი იყო. ისტორიულად ჩვენ ერთი კუთხის, ერთი რეგიონის წარმომადგენლები აღმოვჩნდით, ვლაპარაკობდით ჩვენს ისტორიულ სამშობლოზე”, - იხსენებს ხასო ხანგოშვილი.
ვასამბეკ ბოკოვი, იგივე ახმედი, თქვენთან სახლში თუ დარჩენილა? ამ შეკითხვას ხასო ხანგოშვილი ასე უპასუხებს: “არა! მოდიოდა, თუმცა დიდხანს არ ჩერდებოდა და ისევ მიდიოდა. ამბობდა, რომ თბილისში ვცხოვრობო და ბიზნესის ამბავში ვარ ჩამოსულიო”.
ხანგოშვილი ჰყვება, რომ ბოკოვი, დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ ახმედის სახელით გაიცნო და ეგონა, რომ ჩეჩნეთიდან პანკისში ორი დაპირისპირებული გვარის შესარიგებლად იყო ჩასული.
“გვარების შერიგებაში მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია, მათ შორის ჩეჩნეთიდან ჩამოსულებს. როგორც ვიცი, ბოკოვიც საკუთარი ინიციატივით ჩაერთო ამ პროცესში. შერიგების ამბავი ისეთი საქმეა, რომ ვისაც აქვს შესაძლებლობა, ყველა ერთვება... დაპატიჟება არ უნდათ ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხასო ხანგოშვილი.
ხასო ადასტურებს, რომ ვასამბეკ ბოკოვს იცნობდა მისი შვილი, გებიშ ხანგოშვილიც. გამოძიებისას გებიში სამართალდამცველებმა ერთხელ უკვე დაკითხეს, თუმცა იგი მედიას არ აძლევს ინტერვიუს და ამიტომ, სად და როგორ გაიცნო და რა კავშირები ჰქონდა მას რუსეთის მოქალაქე ბოკოვთან, დაზუსტებული არ არის.
“ჩემი შვილი იცნობს იგივე პერიოდი, რაც ჩემს შემთხვევაში. როდესაც იქიდან ჩეჩენი ჩამოდის საქართველოში, პანკისს მოაკითხავენ ხოლმე. მათ ეს წესად აქვთ და ასე გაიცნო ჩემმა შვილმაც. ჩემი შვილი ამ საქმეზე ერთხელ დაკითხეს. ის თავისუფალია და თბილისში, სახლშია”, - განმარტავს ხასო ხანგოშვილი.
ვასამბეკ ბოკოვი თბილისში სპეცოპერაციის დროს 12 ივნისს დააკავეს. პარალელურად, სამართალდამცველებმა დუისში ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს : “როდესაც ჩემს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, სამართალდამცავების მხრიდან შეკითხვები არ ყოფილა. მითხრეს, თქვენი სტუმარი რომ იყო, ის პიროვნება დაკავებულიაო. ვიკითხეთ, რაზეა დაკავებულიო? გვიპასუხეს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და ამის გამო ვართ აქაო. არაფერი არ უპოვიათ. ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს და დავშორდით. ეს იყო და ეს. ჩემი სახლიდან არაფერი წაუღიათ“.
ხასო იხსენებს, რომ ახმედის დაკავების მიზეზი მოგვიანებით მედიიდან შეიტყო.
სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ განცხადებამდე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, 15 ივნისს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში დაკავებული ბოკოვი გეგმავდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, დაკვეთით. ლიკვიდაციის კოორდინირება უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა, რაც რუსეთიდან, კერძოდ კი, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა.
ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ თუკი გამოძიებას მის მიმართ შეკითხვები ექნება, მზად არის სამართალდამცავებთან ითანამშრომლოს. თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში, თუმცა უწყება ამ ეტაპზე მეტ დეტალს არ ასაჯაროებს.
განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, ხსენება არ უკვირს პანკისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტ სულხან ბორძიკაშვილს. რაც შეეხება ვასამბეკ ბოკოვის პანკისთან შესაძლო კავშირებს, ბორძიკაშვილი ამბობს, რომ, მისი ცნობებით, ბოკოვის კონტაქტები პანკისში მცირეა.
„კადიროვისგან მსგავი რამ არ გამიკვირდება, რადგან მის ანგარიშზე ბევრი ადამიანის მკვლელობაა. შესაბამისად, მას ეს რომ განეხორციელებინა, შესაძლებელია. რაც შეეხება პანკისთან კონტაქტებს, ჯერჯერობით რაც ვიცით, ერთადერთი კავშირია. დროთა განმავლობაში, ალბათ, მეტ დეტალს გამოაქვეყნებენ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი კავშირები არ ვიცი“.
უხუცესთა საბჭოს წევრს, ხასო ხანგოშვილს, უჭირს იმის დაჯერება, რომ ამჟამად დაკავებული ბოკოვი საქართველოში ჟურნალისტის მკვლელობას ამზადებდა, თუმცა ამბობს, რომ „თუ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს რეალურად ჰქონდა გაბუნიას მკვლელობა განზრახული, მაშინ ის ქვეყნის მტერია“.
“ძალიან გაკვირვებული და გაოცებული ვარ... სიმართლე გითხრათ, ვერ დამიჯერებია ის, რასაც ახლა მას აბრალებენ. ისიც ახლა გავიგე, რომ სახელი შეცვლილი ჰქონია, თუმცა უნდა ითქვას, რომ არის ხოლმე ისეთი რამ, როცა ადამიანს ოჯახის წევრები, ნათესავები, საზოგადოების წარმომადგენლები სხვა სახელს ეძახიან და საბუთებში სულ სხვა სახელი აქვს. ამ შემთხვევაში მას სახელი გამოცვლილი ჰქონდა თუ როგორ იყო, ამას გამოძიება დაადგენს“, - ამბობს ის.
„როგორ შემოვიდა საქართველოში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი, თუკი მას ყალბი საბუთები ჰქონდა, და რატომ არ დააკავეს ის 4 თვის განმავლობაში?“ - ამ შეკითხვებზე პასუხის მიღება სურს პანკისში მცხოვრებ ლეილა აჭიშვილს.
„ბოკოვი თავად სახელმწიფოს არ უნდა შემოეშვა...ეს ყველაფერი ხეობის იმიჯზე იმიტომ არის ასახული, რომ არ იციან, ვის უშვებ და ვის არა. ამ დროში თუკი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქვეყანაში ყალბი საბუთებით შემოსვლა, გამოდის, რომ არ ვართ დაცულები“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას პანკისში მცხოვრებმა ლეილა აჭიშვილმა.
რუსეთის მოქალაქე ბოკოვი რომ საქართველოში გაყალბებული დოკუმენტებით იმყოფებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. სუს-ში ამბობენ, რომ ბოკოვი ნამდვილად შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმის გამოა დაკავებული, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს არც შემკვეთს და არც პირს, ვისი განზრახ მკვლელობაც მზადდებოდა.