მარნეულის სოფლებიდან დაიწყეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გატანა ადგილობრივი, საკუთარი მიკროავტობუსებით, „ორგანიზებულად“ და „კოლონებით“ქალაქ მარნეულში მოწყობილ სადისტრიბუციო სივრცემდე.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, დაახლოებით, 100 ტონა მოსავალი გაიტანეს:
„დისტრიბუციით და ჩვენი ძალებით, ისე, რომ მძღოლები არ გადმოსულიყვნენ მანქანებიდან, ჩავიდნენ სადისტრიბუციო სივრცეში, მოიწონეს პროდუქცია, მოხდა ანგარიშსწორება და დაბრუნდნენ უკან. ეს იყო კარგი ნაბიჯი და მნიშვნელოვნად განტვირთა სიტუაცია მარნეულში. დღეს მანქანები წასულები არიან [სოფლებში] და იგივე რეჟიმით ვიმოქმედებთ დღეს და ხვალაც“, - თქვა შოთა რეხვიაშვილმა. - „ამ რეჟიმში ვიმუშავებთ, ვიდრე არ მოიხსნება შეზღუდვები“.
გუბერნატორმა დისტრიბუციაში, სხვათა შორის, კომპანია „ჯიბე“ იგულისხმა.
„არანაირ მონოპოლიებზე არ არის საუბარი. ეს კომპანია ორგანიზებულია და სახელმწიფოს უდგას მხარში - ზარალზე მუშაობს, არათუ მოგებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო შპს „ჯიბეს“. როცა [კიტრის] შესყიდვის ფასი არის ლარი, 90 თეთრი, არიან სხვა სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც, შესაძლოა, პროდუქციას უფრო ნაკლებ ფასში ყიდულობენ“, განმარტა შოთა რეხვიაშვილმა. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სოფლის პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდა, რადგან ბევრი მსხვილი მარკეტი დაკეტილია, „სარესტორნო და ტურისტული ინფრასტრუქტურაც აღარ მუშაობს“.
22 აპრილს მარნეულის მკაცრ საკარანტინო ზონაში გლეხობამ აქცია მოაწყო. გადაკეტეს სადახლოს სასაზღვრო პუნქტამდე მიმავალი ცენტრალური გზა.
დაწესებული შეზღუდვებისა და რაიონის ჩაკეტვის გამო, ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მუნიციპალიტეტს გარეთ გატანასა და გაყიდვას ვეღარ ახერხებდნენ.
საკარანტინო რეჟიმის შესაბამისი შეზღუდვების საწინააღმდეგოდ გლეხების გამოსვლის კომენტირებისას გუბერნატორმა რეხვიაშვილმა განაცხადა:
„ფორსმაჟორია. ყველაფერს იდეალურად ვერ ვაკეთებთ. ერთია ჩვენი რესურსი, მეორე - ხალხის შეგნება. თუმცა ემოციური ფონიც დიდია“.
საკარანტინო ზონიდან პროდუქციის გატანის დაწყების შემდეგ, რასაც ვითარების განმუხტვა მოჰყვა, ადგილობრივმა გლეხობამ უკმაყოფილება გამოთქვა დისტრიბუტორების მიმართ, რომლებიც, მათივე თქმით, პროდუქციაში დაბალ ფასს სთავაზობენ, მაგალითად, 80 თეთრს ერთ კილოგრამ კიტრში.
რუსთავის სუპერმარკეტებში, რომლებიც ბოსტნეულით მარაგდება, ერთი კოლოგრამი კიტრის ფასი 3,6-დან 4 ლარამდე და უფრო მეტია. პომიდვრის ფასი, ხარისხის მიხედვით, 3 ლარი და მეტია.