Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძის თქმით, ნაკადების მოძრაობის სქემა, როგორიც საქართველოშია, სხვა ქვეყნებში არ არის


COVID-19-ის მართვის პროტოკოლი, რომელიც მოიცავს რამდენიმე პროტოკოლის ერთობლიობას, დეტალურად განმარტა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

პროტოკოლის ერთობლიობა მოიცავს „112“-ს, ოჯახის ექიმს, „ცხელების ცენტრებს“, COVID-ცენტრებს და სხვ. როგორც ცერცვაძე ამბობს, ეს გულისხმობს იმას, რომ ვისაც COVID-19-ის რაიმე სიმპტომი აქვს, ან აქვს რაღაც რისკის ქცევა, მაგალითად, იყო უცხოეთში ან მასპინძლობდა უცხოელს, ან კონტაქტში იყო საეჭვო პაციენტთან, შეუძლია მიმართოს 112-ს, ის მას აუცილებლად გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, მაგრამ არა ზოგადად ოჯახის ექიმთან, რომელიც 2000-ზე მეტია ქვეყანაში, არამედ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოჯახის ექიმების ცენტრებთან, სადაც სპეციალურ ტრენინგგავლილი ოჯახის ექიმები არიან.

კლინიცისტის თქმით, ოჯახის ექიმები პაციენტს სატელეფონო ინტერვიუს უტარებენ და თუ დარწმუნდებიან, რომ ეს ჩივილი არ არის საშიში, სავარაუდოდ, COVID-19-თან არ არის დაკავშირებული, მაშინ, პაციენტს სიმშვიდეს და სახლში ყოფნას სთავაზობენ, ხოლო თუ არსებობს სულ მცირე ეჭვი COVID-19-ზე, მას აუცილებლად ამისამართებენ „ცხელების ცენტრში“.

„ეს ძალიან საინტერესო რგოლია და ორიგინალური მიგნებაა ქართული მედიცინის და სახელისუფლებო ვერტიკალის. ამ „ცხელების ცენტრში“ ხდება პაციენტის ტესტირება COVID-19-ზე, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში (მეტ ხანს არ ყოვნდება პაციენტი „ცხელების ცენტრში“), რეალურად გაცილებით უფრო მოკლე დროში, 8-12 საათში პაციენტს უდგინდება, ის არის COVID-ინფიცირებული თუ არა. თუ არ არის, ის ბრუნდება სახლში ან გადამისამართდება იმ ექიმთან, ვისთანაც მას სპეციალობით სჭირდება მკურნალობა, ხოლო თუ COVID-ინფიცირებულია, ის გადამისამართდება COVID-ცენტრში. იქ მას 24 საათის განმავლობაში უტარდება აბსოლუტურად ყველა გამოკვლევა, ენიშნება მკურნალობა და იმყოფება ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი საქართველოში მიღებულ ზომებს ასე აფასებს: „ძნელია ამის თქმა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ მთლად ყველა ქვეყანას დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ ასეთი ნაკადების მოძრაობის სქემა, რომელიც არის საქართველოში, არ არის მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ არ ვიცი. ჯერჯერობით ეს მოქმედებს ძალიან ეფექტიანად და ვფიქრობ, რომ ამის დამსახურება არის ის, რომ დღეს საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობა ინფიცირებულებისა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რიცხვი. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ევროპის 53 ქვეყნიდან საქართველოს უკავია 49-ე ადგილი. ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და ნაკლები რაოდენობის გარდაცვლილი ჰყავთ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიც არიან ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი“.

ცერცვაძემ საქართველოში მოქმედი პროტოკოლის შესახებ ვრცლად საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა უშუალოდ COVID-ინფიცირებულის მკურნალობის პროტოკოლი გააკრიტიკა, რაზეც ცერცვაძემ ასევე დეტალურად ილაპარაკა.

XS
SM
MD
LG