Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დახურული ბაზრები და თვითდასაქმებულთა მდგომარეობა


გორში აგრარული ბაზრები 4 აპრილს დაიხურა, ასობით თვითდასაქმებული ადამიანი კი შემოსავლის გარეშე დარჩა. ბაზრების მოვაჭრეები ახლა მთელ დღეებს სახლში ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, რამდენ ხანს შეინახება საწყობებში დარჩენილი მათი პროდუქტები. მალფუჭებადი პროდუქტები მალე გადასაყრელი გახდება. ნანი გელდიაშვილს საწყობში ხილ-ბოსტნეული აქვს შენახული. მისი თქმით, პროდუქტი დიდხანს ვერ გაძლებს და ზარალს ზარალი დაემატება.

გელდიაშვილის მსგავსად, სხვა მოვაჭრეებიც ელოდებიან მოვლენების განვითარებას. მათი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ბაზრების მოულოდნელი დახურვით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო. თვითდასაქმებულები ახლა იმაზე ფიქრობენ, პროდუქცია როგორ გადაარჩინონ და ვალები როგორ დაფარონ.

გორის აგრარული ბაზრის დირექტორი, ნუგზარ აწკარუნაშვილი, მოვაჭრეების მსგავსად, მიიჩნევს, რომ მთავრობას ბაზრის დახურვის თაობაზე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაეფრთხილებინა ადმინისტრაციაც და იქ დასაქმებულებიც, რათა მოვაჭრეებს მალფუჭებადი პროდუქტების გაყიდვა მოესწროთ.

შიდა ქართლში არსებული აგრარული ბაზრები 4 აპრილს რეგიონალური საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით დაიხურა. რეგიონის გუბერნატორის, გიორგი ხოჯავენიშვილის, თქმით, ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა და ეს ყველაფერი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდა. მოვაჭრეებსაც და ბაზრის ადმინისტრაციასაც იმედი გაუჩნდათ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს პროტოკოლის მიხედვით და შესაბამისი წესების დაცვით ბაზარი ისევ გაიხსნება, სპეციალური რეგლამენტით დადგენილი წესების დაცვა კი როგორც არმინისტრაციას, ასევე მოვაჭრეებსა და მოქალაქეებს ევალებათ.სპეციალური პროტოკოლი ძნელად შესასრულებელია.

მოთხოვნები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური პირობებისა და სანიტარიული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას.

მოთხოვნები ასევე უკავშირდება თითოეული მოვაჭრე პერსონალის შესახებ ინფორმაციის არსებობას, მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს თითოეული მოვაჭრის საქმიანობის, მათი კონტაქტების მიკვლევა, მათ შორის მნიშვნელოვანია განისაზღვროს სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის სტატისტიკა და ისტორია.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან იმყოფებოდნენ კონტაქტში ბოლო 14 დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ, პროტოკოლის მიხედვით, კონკრეტული დაავადების მქონე პერსონალი არ დაიშვება აგრარულ ბაზრებში. შეზღუდვებია ასევე 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის.

სტანდარტში გათვალისწინებულია ვაჭრობის წესებიც, მათ შორის დისტანციები დახლებს შორის, მოვაჭრეების ორგანიზება. იმ შემთხვევაში, თუ პატარა სივრცეებია, მაშინ უნდა შედგეს კონკრეტული სურსათით ვაჭრობის გეგმა, გრაფიკი, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდება. თოთოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეების ქცევასაც. კერძოდ, თითოეულ მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს პირბადედა იცავდეს სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებს. აღსანიშნავია ასევე, რომ მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებებთან, ჰიგიენასა და სანიტარიულ პირობებთან ერთად დადგენილია მომხმარებლის ვალდებულებებიც.

რეგიონში ბაზრების გახსნა ადგილობრივი საკოორდინაციო ჯგუფის გადასაწყვეტია, თუმცა მანამდე სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციებმა არაერთი საკითხი უნდა მოაგვარონ და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად ზუსტად შეასრულონ.

XS
SM
MD
LG