საქართველოში ბევრ პროდუქციაზე ონლაინგაყიდვების შეწყვეტის შესახებ ილაპარაკა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ყველა შემთხვევაში როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე მაინც გამოვდივართ COVID 19-დან, იმიტომ რომ ესაა ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ ესაა ის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. მეც ბევრმა ადამიანმა შემაწუხა და მომმართა ამასთან დაკავშირებით, იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რომლებსაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ მაგალითად, თუ მინდა ტელეფონის ან ყურსასმენის ყიდვა... როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური ფლეიერის ყიდვა ვერ მოვითმინოთ?! ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი.
მიუხედავად შეზღუდვებისა, გიორგი გახარია პირობას დებს, რომ კონკრეტული ჯანდაცვის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანიები პროდუქციის ონლაინგაყიდვის ნებართვას მიიღებენ.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს „ბექოფისში“ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამინების შრომას. ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ დიდ სავაჭრო ქსელები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე, არავის არაფერი არ აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო რომ ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მუშაობის ეს ნებართვა მივიღოთ, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, მაქსიმალურად მომსახურების დისტანციურ ფორმებზე გადავიდეთ. ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას“, - თქვა გახარიამ.
საქართველოში შეზღუდვა ორი დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე შეიზღუდა.
წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ანდა საქმიანობის უფლება ეზღუდება.