ახალი კორონავირუსის გავრცელებამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო და, მათ შორის, საქართველო არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური და სამართლებრივი კუთხით. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა არაერთი ადამიანი.
ქეთი ვატიაშვილი ონლაინკაზინო „ევოლუშენ ჯორჯიაში“ ბანქოს მჩეხავი იყო. კაზინოში მუშაობა ერთი თვის წინ დაიწყო, თუმცა უკვე გაათავისუფლეს. კომპანია - რომელიც 3 000-მდე ადამიანს ასაქმებს - დროებით დაიკეტა, ვატიაშვილი და ასობით სხვა თანამშრომელი კი შრომითი ხელშეკრულებისა და ანაზღაურების გარეშე დატოვა.
კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო სიტუაციის გამო, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ტურისტებს, ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა; დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები, კლუბები, კინოთეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები.
დაიხურა ერთ-ერთი იაპონური რესტორანიც, რომელშიც თათია ტურიაშვილმა მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელმძღვანელებმა ობიექტის შესაძლო დახურვაზე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს, ფულად კომპენსაციაზე კი საუბარი არ ყოფილა.
რა ვალდებულება აქვს ბიზნესს?
საქართველოს კანონმდებლობა დამსაქმებლებს უფლება აძლევს, შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულება ისეთი ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების დროს, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განმარტავს, რომ ბიზნესმა უნდა დაადასტუროს, რომ ეკონომიკური აუცილებლობის გამო ვერ ინარჩუნებს შტატების არსებულ რაოდენობას. ასევე, გათავისუფლებულები უნდა შეირჩეს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც უნდა ემყარებოდეს ობიექტურ საფუძველს და არ ტოვებდეს დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლებლობას. დამსაქმებელმა:
- 30 დღით ადრე წერილობით უნდა აცნობოს თანამშრომელს მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და გადაუხადოს 1 თვის ხელფასის კომპენსაცია;
- ან არანაკლებ 3 დღით ადრე, ასევე წერილობით, და გადაუხადოს არანაკლებ 2 თვის ხელფასის კომპენსაცია.
რა უნდა იცოდნენ დასაქმებულებმა?
რა ხდება, როცა დამსაქმებელი უხელფასო შვებულების დაწერას აიძულებს თანამშრომელს? ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) განმარტავს, რომ უხელფასო შვებულების აღება დასაქმებულის უფლებაა და არა ვალდებულება.
როცა გიქვითავენ ან გიმცირებენ ხელფასს, თუმცა მოითხოვენ, მუშაობა იმავე გრაფიკით გააგრძელო:
დამსაქმებელს არ შეუძლია თქვენი თანხმობის გარეშე შეცვალოს ხელფასის ოდენობის ან გადახდის პირობები.
როცა სამუშაოს დისტანციურად შესრულება თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა სამსახურში მისვლას გაიძულებენ:
თუ სამუშაო ადგილი ატარებს COVID-19-ის გავრცელების რისკს, შეგიძლიათ დამსაქმებელს მოსთხოვოთ საქმიანობის მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
როცა შეგეძლო დისტანციურად შეგესრულებინა სამუშაო, თუმცა დამსაქმებელმა სამსახურიდან გაგათავისუფლა, არ გიხდის ან შეგიმცირა ხელფასი:
დამსაქმებლისგან მოითხოვეთ, შეგინარჩუნოთ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, გააუქმოს დამსაქმებლის გადაწყვეტილება.
ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი, უზრუნველყოს თანამშრომლების უსაფრთხოება, მაგალითად, პირბადეების და ჰიგიენის საშუალებებით?
გაქვთ უფლება, მოითხოვოთ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, მოითხოვოთ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, დასაქმებულების სადეზინფექციო ხსნარებითა და პირბადებიით მომარაგება და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს. სანამ პირობები გამოსწორდება, უფლება გაქვთ უარი თქვათ მუშაობაზე, რაც ჩაითვლება იძულებით მოცდენად და ხელფასი სრულად აგინაზღაურდებათ.
როცა თვითიზოლაციაში ხარ, თუმცა დამსაქმებელი გთხოვს სამსახურში გამოცხადდე:
დაავადების წყაროსთან შეხებიდან 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა ვალდებულებაა. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, მოგთხოვოთ კანონსაწინააღმეგო ქმედება.
თუ ადამიანი ფიქრობს, რომ დამსაქმებელმა მისი უფლებები შელახა, უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან ან არ მისცა შესაბამისი კომპენსაცია, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
„მთავარი პრობლემაა, რომ არაფორმალურ სექტორში უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე და განაგრძობს: „ბევრი ადამიანი ყოველდღიურად უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ ფული იშოვოს. მათ არც დანაზოგი აქვთ და არც თვის ბოლოს ასაღები ხელფასი“.
საათობრივ ანაზღაურებას იღებდა 23 წლის გიორგი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაში, შშმ ბავშვებთან მუშაობდა. ის ამბობს, რომ თანხას მხოლოდ მშობლები უხდიდნენ. პანდემიის გამო კი მუშაობა შეჩერდა. როდის დაუბრუნდება მუშაობას, არ იცის.
გიორგი კეპულაძე ფიქრობს, რომ სერვისის სფეროში დასაქმებულები მალე დაუბრუნდებიან სამუშაოს. მანამდე კი ყველამ თავისი უფლებებისთვის უნდა იბრძოლოს, თუმცა „ისეთი რამ არ უნდა მოვთხოვოთ ბიზნესს, რასაც ფიზიკურად ვერ შეძლებს“.
რას აკეთებს ხელისუფლება?
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს საკმაოდ რადიკალური ნაბიჯებით პასუხობენ. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ხელფასების 80%-ს გადაუხდის იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მუშაობენ. რას აპირებს საქართველოს მთავრობა?
13 მარტის საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმა გააცნო საზოგადოებას, რომლის თანახმად:
- ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. შედეგად, მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით გამოთავისუფლდება 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი;
- მოქალაქეებს ბანკები მისცემენ სესხის გადახდის გადავადების შესაძლებლობას;
- ტურიზმის სექტორის კომპანიებს ქონების და საშემოსავლო გადასახადები მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადაუვადდებათ (1 ნოემბრამდე) - ეს შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელს და 50,000 ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში;
- კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს);
- 4-დან 50-მდე ნომრის მქონე სასტუმროები მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას - ეს შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომლებიც კორონავირუსის საფრთხის გამო დაზარალდნენ;
- ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ ლარით.
„ჩვენი დახმარების ობიექტი არიან ის ბიზნესები, რომლებიც ამ დახმარების შედეგად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. მათ აიღეს ვალდებულება, რომ გარკვეული დროის განმავლობაში არ შეამცირებენ პერსონალს და ამ შეთანხმებას მიჰყვებიან. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, რომ მან შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და იმ ადამიანებს, რომლებიც მაინც დაკარგავენ სამუშაო ადგილებს“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და უახლოეს დღეებში ანტიკრიზისული გეგმის გამოქვეყნებას აანონსებს.