რამდენ ხანს გასტანს სოციალური დისტანცირება? როდემდე გაუძლებს მსოფლიო ჩაკეტილ საზღვრებს? ახლა რომც მოვახერხოთ COVID-19-ის შეკავება, რა მოხდება, თუ ვირუსი მეორე ტალღით დაგვიბრუნდება და იზოლაციაში მყოფ ადამიანებს იმუნიტეტი კვლავაც არ ექნებათ გამომუშავებული?
იქნებ სჯობს, რომ მოსახდენი მოხდეს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იმუნიტეტი ახლა გამოიმუშაოს და, სამაგიეროდ, მომავალში ვიყოთ დაცულნი?
მსგავსი მოსაზრება რამდენიმე ქვეყნის მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს. დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდისა და შვედეთის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე ახსენეს მასობრივი იმუნიტეტის ახლა გამომუშავების საჭიროება. ამგვარი მიდგომა გულისხმობს ქვეყანაში ნაკლებად მკაცრი ზომების გატარებას - შვედეთსა და ინგლისში, მაგალითად, სკოლები დღემდე არ დაუკეტავთ. ნიდერლანდის პრემიერმა კი განაცხადა, რაც უნდა მოხდეს, ქვეყანას მთლიანად არ ჩავკეტავთო.
ამგვარ პოლიტიკას ამ ქვეყნების შიგნითაც და გარეთაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ეს სტატია მიზნად არ ისახავს მომხრეების და მოწინააღმდეგეების არგუმენტების განხილვას - აქ ვეცდებით, ტერმინები და კონტექსტი განვმარტოთ. რა იგულისხმება საზოგადოებაში იმუნიტეტის გამომუშავებაში?
როგორ მუშაობს ჯოგური იმუნიტეტი
ჯოგური იმუნიტეტი, განსხვავებით სხვა სიტყვათშეთანხმებებისგან, სადაც „ჯოგური“ ფიგურირებს, დადებითი რამაა. ის გულისხმობს ინფექციური დაავადებებისგან ირიბი დაცვის სტრატეგიას - როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს იმუნიტეტი, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი ირღვევა და, შესაბამისად, დაავადების გავრცელებაც ჩერდება. იმუნიტეტი კი ჩნდება ან ვაქცინაციით, ანკი გამოჯანმრთელებით.
აი, ავიღოთ ჩუტყვავილა - უმეტესობისთვის მსუბუქი დაავადება, რომელიც შედარებით მეტადაა საფრთხილო, მაგალითად, ახალშობილებისთვის. ამ დაავადებისგან 12 თვის ასაკიდან ცრიან (ან, შეიძლება არც აცრან. ბევრგან, მათ შორის საქართველოში, სავალდებულო არ არის). მანამდე კი პატარა ჯოგურმა იმუნიტეტმა უნდა დაიცვას - თუ მოსახლეობის 80 პროცენტს ექნება იმუნიტეტი ჩუტყვავილაზე, დაავადება ბავშვამდე ვერ მივა.
რატომ 80 %-ს და არა, ვთქვათ, 50-ს ან 90-ს? ეგ მაჩვენებელი ყველა დაავადებისთვის განსხვავებულია და მის დასადგენად ინფექციის R0 უნდა ვიცოდეთ.
რამდენი ადამიანია საჭირო ჯოგური იმუნიტეტის ასამუშავებლად
იმის განსასაზღვრად, თუ მოსახლეობის რამდენ პროცენტს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი, რათა ყველა იყოს დაცული, უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენად გადამდებია ვირუსი. R0 (მეორე სიმბოლო ნულია, და არა ლათინური „ო“.) აღნიშნავს, თუ საშუალოდ რამდენ ადამიანზე გაავრცელებს დაავადებას ერთი ინფიცირებული დაუცველ პოპულაციაში. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით მეტი ადამიანია საჭირო ჯოგური იმუნიტეტის ასამუშავებლად.
წითელა, მაგალითად, ვერაგი და იოლად გადამდები ავადმყოფობაა. ერთი ადამიანი, საშუალოდ, 12-18-ს აინფიცირებს (R0=12-18). ამიტომ, ჯოგური იმუნიტეტის ასამუშავებლად მოსახლეობის 95 % უნდა აიცრას. გრიპის უმეტესი სახეობა კი ნაკლებად გადამდებია (R0=1.3), ამიტომაც ყველას დაცვა უკვე მოსახლეობის 25 % პროცენტის იმუნიზაციითაა შესაძლებელი.
COVID-19-ის შემთხვევაში ამომწურავი ინფორმაცია ჯერ არა გვაქვს, თუმცა, მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ თითო ინფიცირებული ვირუსს საშუალოდ 2-3 ადამიანს გადადებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოგური იმუნიტეტის ასამოქმედებლად მოსახლეობის 60% უნდა იყოს დაცული.
რადგან ვაქცინა ჯერ არ გვაქვს (და დაავადების ამ აფეთქებას დიდი ალბათობით ვერ მოუსწრებს), იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ერთადერთი გზა არსებობს - ადამიანს ეს კორონავირუსი უნდა შეეყაროს და შემდეგ გამოჯანმრთელდეს.
„იმუნიტეტის გამომუშავების“ გეგმის მოწინააღმდეგეები ამგვარ არითმეტიკას იშველიებენ - მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 60 პროცენტი 36 მილიონი ადამიანია - ეს რაოდენობა უნდა დაავადდეს და გამოჯანმრთელდეს ჯოგური იმუნიტეტის ასამუშავებლად. სულ რომ ყველა დაავადებული არარისკჯგუფიდან იყოს და სიკვდილიანობის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი - 0.2 პროცენტი ვივარაუდოთ - 36 მილიონის 0,2% 72 ათასია. თუ უფრო მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს, ვთქვათ, 0.5-ს ვივარაუდებთ, მაშინ 180 ათას ადამიანს მივიღებთ.
შიშები ხელმეორედ ინფიცირებასთან დაკავშირებით
შეიძლება თუ არა, COVID-19-ისგან განკურნებულ ადამიანს ეს დაავადება ხელახლა შეეყაროს? და თუ შესაძლებელია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადამიანს ამ კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი საერთოდ არ გამოუმუშავდება?
ეს შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალური ბოლოდროინდელი ცნობების ფონზე გახდა, რომელთა მიხედვითაც ადამიანები ხელმეორედ ავადდებიან. იაპონიაში ორი შემთხვევაა აღწერილი, როდესაც კორონავირუსგან განკურნებული ადამიანი ისევ დაინფიცირდა. მსგავს შემთხვევებზე იუწყებიან ჩინეთიდანაც.
ჯერჯერობით ეს შემთხვევები მეცნიერულად ბოლომდე შესწავლილი არ არის. ექსპერტების უმეტესობა ამბობს, რომ სავარაუდოდ აქ ტესტირების დროს დაშვებულ შეცდომასთან გვაქვს საქმე - თუ ადამიანის იმუნურ სისტემას სერიოზული პრობლემა არა აქვს, იმუნიტეტმა რაღაც ხანს უნდა გასტანოს.
რამდენია ეს „რაღაც ხანი?“
აი, ეგ კი არავინ იცის. ამერიკულ CDC-ს მოჰყავს სხვა კორონავირუსის, MERS-ის მაგალითი და ამბობს - იმ შემთხვევაში უმეტესობას იმუნიტეტი გამოუმუშავდა, მაგრამ არ ვიცით, გავრცელდება თუ არა მსგავსი დაცვა COVID-19-ის პაციენტებზეო.
ბევრი ექსპერტი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი. COVID-19 კი ახალი ვირუსია, მაგრამ, ზოგადად, კორონავირუსების შესახებ მედიცინას დიდი ინფორმაცია აქვს დაგროვილი და, უმეტესწილად, თუ კონკრეტული კორონავირუსი მოიხადე, მის წინააღმდეგ იმუნიტეტი გიმუშავდება.
თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია.