Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში დარჩენილები: გამოსავალს ვერ ვხედავთ, ბილეთი ყოველ წამს ძვირდება


ვარშავიდან თბილისში ავიაკომპანია „ლოტის“ თვითმფრინავი 17 მარტს, დილით უნდა გამოფრინდეს. ეს ცნობა პოლონეთში საქართველოს საელჩოს ფეისბუკგვერდზე 3 საათის წინ გამოჩნდა:

„17 მარტს ავიაკომპანიას LOT Polish Airlines დაგეგმილი აქვს ავია-რეისის განხორციელება ვარშავა-თბილისის მიმართულებით. რეისი შესრულდება 07:15 საათზე.
საქართველოში გამგზავრების მსურველებს ბილეთის შეძენა შეგიძლიათავია კომპანიის ვებ-გვერდზე“...

ეს ნიშნავს, რომ პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები როგორმე ვარშავაში უნდა ჩავიდნენ, იყიდონ თვითმფრინავის ბილეთი ამ რეისზე და საქართველოში ამ გზით დაბრუნდნენ.

ნაწილი, ვისაც ფული ჰქონდა, ასეც მოიქცა. ნაწილს კი ისევ იმედი აქვს, რომ მათ საქართველოს მთავრობა დაეხმარება.

ჯერ კიდევ გუშინ, დაახლოებით 90-კაციანი სია შედგა, პოლონეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელთა თვითმფრინავის რეისები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გაუქმდა.

მათგან დაახლოებით 30-მა ბილეთის ყიდვა შეძლო.

ჩვენი ინფორმაციით, 60-65 ადამიანი ისევ მოლოდინის რეჟიმშია და გამოსავალს ვერ პოულობს.

ისინი გაბნეულები არიან პოზნანში, გდანკსში, კატოვიცესა და ვარსავაში.

ზოგი ქალაქი პოლონეთის დედაქალაქიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული - მგზავრობას, ცხადია, გარკვეული ხარჯი სჭირდება+თვითმფრინავის ბილეთი, რაც როგორც პოლონეთში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ოთიკო ბექაიამ გვითხრა, გუშინ 750-800 ზლოტი ღირდა, დღეს კი, მათი ინფორმაცით, ბილეთი უფრო გაძვირდა.

როგორც ამბობენ, რთულია ტაქსის პოვნა ვარშავამდე ჩასასვლელადაც. მგზავრობის საფასურიც გაძვირებულია.

„ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. გვაიძულებენ ქუჩაში გავიდეთ. მშიერი და უსახლკაროდ დარჩენილები ევროპაში რას გავაკეთებთ? - გვითხრა კიდევ ერთმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ამჟამად გდანსკში იმყოფება.

ოთიკო ბექაია, რომელიც ახლა ქალაქ პოზნანთან ახლოს მდებარე დასახლებაშია, საქართველოს 3 მოქალაქესთან ერთად, ამბობს, რომ ვარშავამდე რომც ჩავიდნენ, ის და მისი მეგობრები ფიზიკურად ვერ შეძლებენ ბილეთის ყიდვას.

ჯერ არც ვიზეარის ბილეთში გადახდილი თანხა დაბრუნებიათ - სავარაუდოდ, ამ პროცესაც ერთი თვე მაინც დასჭირდება.

ჯერჯერობით ის იმ საცხოვრებელში რჩება, რომლის ქირასაც ის ქარხანა იხდიდა, სადაც ოთიკო და საქართველოდან წასული მისი მეგობრები მუშაობდნენ.

„გვითხრეს, 1500 ზლოტამდე ავიდა ბილეთის ფასიო. ჩვენ ვერ ვიყიდით ამ ფასიან ბილეთს. ყველას კაპიკები გვქონდა გათვლილი და დაგეგმილი“.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ პოლონეთში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოღებულია საგანგებო რეჟიმი და ქვეყანა დაკეტილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ სრულდება საერთაშორისო რეისები.

თუმცა, მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის და პოლონეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით, პოლონურმა კომპანია ლოტმა გადაწყვიტა, რომ კომერციული რეისები დაამატოს ერთი მიზნით, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეები წაიყვანოს საქართველოდან პოლონეთში:

„ ეს მოხდა ქართული მხარის აქტიური ჩართულობით და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, - მეტს ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერაფერ დამაიმედებელს ვერ გვეუბნებიან.

პოლონეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონტაქტი საქართველოს საელჩოსთან. საელჩოში მათ უთხრეს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა პოლონეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ხარჯით, კომერციული რეისით შინ დაბრუნებას.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG