Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილს სამსახურში მისვლა აეკრძალა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის COVID-19 გავრცელების აღკვეთას. 12 მარტიდან თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

ორი კვირით სამსახურში მისვლა ეკრძალება თანამშრომელს, თუ:

• თავად ან მისი ოჯახის წევრები ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
• მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს;
• პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში, ან დაუდასტურდა კორონავირუსი.

ახალ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება, ასევე, ეკრძალება:

• გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს;
• ორსულ ქალს;
• ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.

ეს თანამრომლები ვალდებულნი არიან, მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებითვე, სამინისტროს ყველა მოსამსახურემ საზღვარგარეთ დაგეგმილი პირადი ვიზიტის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს უნდა აცნობოს. გაუქმდება ან გადაიდება თავდაცვის უწყების ყველა მივლინება. სამინისტროს მოსამსახურეებმა თავი უნდა აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

ბრძანების შეუსრულებლობა და თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დარღვევა სამსახურიდან დათხოვნას გამოიწვევს და შესაძლოა მოჰყვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაც.

თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს.

13 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულია 25 ადამიანი.

XS
SM
MD
LG