„ჩვენ არ გავცილებივართ დაინფიცირების პირველ გენერაციას და ეს არის კარგი. გვაქვს არსებული 4 წყარო, ახალი წყარო არა გვაქვს, ამ წყაროებთან პირველი გენერაციის დადასტურებული შემთხვევებია“, - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან. მისი განმარტებით, პირი, რომელსაც 12 მარტს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, მიეკუთვნება იტალიის წყაროს. კერძოდ, იყო ე.წ. ჯანდაცვის ჯგუფში არსებული კონტაქტი.
მარინა ეზუგბაიას თანახმად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 21-დან 22-მდე გაიზარდა. მისი ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებული 25 ადამიანიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
„დღევანდელი სიტუაციით გუშინ 21 პირის ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა 3 ეტაპად. პირველი ორი ეტაპიდან ჩატარებული ტესტირებით მხოლოდ ერთთან იყო დადებითი და 13 უარყოფითი და ეხლა ველით გვიან ღამით ჩატარებული ტესტირებების პასუხს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
13 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 25 შემთხვევა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი. პრევენციის მიზნით შექმნილ სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 58. თვითიზოლაციაშია რამდენიმე ასეული მოქალაქე.