Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აისახება ტურიზმზე კორონავირუსი COVID-19


კახეთი, სიღნაღი
კახეთი, სიღნაღი

კახეთში ტურისტული ბიზნესი, ფაქტობრივად, გაჩერდა, - ამბობენ სასტუმროებისა და საოჯახო მარნების ის მფლობელები, რომლებსაც ბოლო დღეებია არც ადგილობრივი და არც უცხოელი სტუმრები აღარ მიუღიათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მე-16 საუკუნის მარნის, „ნუმისის“ მფლობელი ნუნუ კარდენახიშვილი გვიყვება, რომ მარანს ყოველდღიურად ათეულობით ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა, ახალი კორონავირუსის გამო, ტურისტების ვიზიტი ჯერ შემცირდა, შემდეგ კი, საერთოდ შეწყდა.

მარანი "ნუმისი"
მარანი "ნუმისი"

„მას შემდეგ, რაც ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან ფრენები შეაჩერა, რუსი ტურისტები ჩაანაცვლეს ჩინელმა და სამხრეთკორეელმა ვიზიტორებმა, თუმცა ახლა ამ ქვეყენებთანაც შეწყდა ფრენები. არადა, ბოლო დროს ამ ქვეყნებთან კარგად ვთანამშრომლობდით. ვითარებამ, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული, ჩემზე პირდაპირი ფინანსური დარტყმა იქონია. გადასახდელი მაქვს გადასახადები და გასაცემი მაქვს ხელფასები... ისეთი მდგომარეობაა, არ ვიცი, რა იქნება გამოსავალი. ეს ისეთი დარგია, ვერაფრით ჩავანაცვლებთ. იმედი მაქვს, რომ ვითარება შეცვლება“, - გვეუბნება ნუნუ კარდენახიშვილი.

მარნის მფლობელის თქმით, სეზონის მიხედვით 9-15 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და თუ ვითარება არ შეიცვალა, იძულებული გახდება, თანამშრომლების რაოდენობა მინიმუმამდე შეამციროს.

თითქმის მსგავს მდგომარეობაშია მარან „ველისციხურის“ ხელმძღვანელი მაია არუთინოვი. თუმცა, ნუნუ კარდენახიშვილისგან განსხვავებით, მარანს თავად ოჯახის წევრები ამუშავებენ და დაქირავებული თანამშრომლები არ ჰყავთ.

მარანი ველისციხური
მარანი ველისციხური

ტურისტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებას „ველისციხურისთვის“ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ამ ეტაპზე არ მოუტანია. მაია არუთინოვის თქმით, დღის განმავლობაში მარანი რამდენიმე ჯგუფს მასპინძლობდა, ახლა კი კვირაში ორ ჯგუფს თუ იღებენ: „ამ თვეში მყავდა ორი ჯგუფი, 3-5-კაციანი შემადგენლობით. არადა, ყველაზე მცირე, 15 ჯგუფი მაინც უნდა მყოლოდა. ჩვენ ტურისტებს ვიღებდით რუსეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფრენები შეაჩერა, ჩინეთიდან და კორეიდან გამოჩნდნენ ახალი ტურისტები, რომლებიც ძალიან კარგი გადამხდელუნარიანები არიან. ახლა ბოლო ჯგუფები მივიღეთ ისრაელიდან და ოდესიდან“.

ტურისტების რაოდენობა შემცირდა თელავშიც. მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილებაში ამბობენ, რომ ქალაქის სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის მარნებში ჯავშნები გაუქმდა. ტურისტებმა მარტიდან მაისის ჩათვლით ჯავშნები გააუქმეს სიღნაღის რამდენიმე სასტუმროშიც.

კახეთის რეგიონის ტურისტული ობიექტების მფლობელები შიშობენ, რომ თუ ვითარება არ გაუმჯობესდება, მთელი წლევანდელი სეზონი ჩავარდება და ბევრი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG