თელავის მოსახლეობის ნაწილმა ადგილობრივ მერიასთან აქცია გამართა და კიდევ ერთხელ მოითხოვა, მოაგვარონ სასმელი წყლის პრობლემა. კახეთის რეგიონის მთავარ ქალაქში წყლის პრობლემა, 10 წელზე მეტია, მწვავედ დგას, თუმცა მონაწილეებმა თქვეს, რომ ბოლო 4-5 თვეა, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა და დაწესდა გრაფიკი, რომელიც დღეგამოშვებით 2-საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. იმასაც ამბობენ, რომ ზოგჯერ გრაფიკი ირღვევა და წყალს ორი საათითაც ვერ იღებენ. ამის გამო ავზების შესავსებად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. წელს ეს უკვე მეორე აქცია იმართება თელავში, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით.
„ზღაპარი რომ არის, „ცისკარა“, ასეთი მდგომარეობაა ახლა თელავში. ამ ასაკის ქალი ვარ და ბავშვობის შემდეგ ასეთი მდგომარეობა არ ყოფილა. 2019 წლის აგვისტოდან ამ დრომდე წყალი, ფაქტობრივად, არ გვაქვს. გვეუბნებიან, გვალვააო, მაგრამ ჩვენ რა გავაკეთოთ? მე და ჩემ შვილს უკვე მკლავებიც აღარ გვივარგა, წყალი ალაზნის გამზირიდან მოგვაქვს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
მოსახლეობის პრეტენზიებს იზიარებს ადგილობრივი ოპოზიცია და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. აქციაზე „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის, სიტყვებით, „ის, რაც თელავში წყალთან დაკავშირებით ხდება, ამას ჰქვია, რომ ხელისუფლებას ხალხი არ აინტერესებს“.
„პრობლემაზე პასუხი მათ წელიწადის ოთხივე დროს აქვთ, მაგრამ ეს პასუხები არის სამარცხვინო. მთავარია, მათ წყლის პრობლემა არ აქვთ და, თუ აქვთ, არც ის გაუჭირდებათ, რომ წყალი სახლში სამსახურებრივი მანქანებით მიიტანონ. დღეს ადგილობრივსაც და ცენტრალურ ხელისუფლებასაც მოსახლეობა ჰკიდია ფეხებზე“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია, თუმცა დღეს თელავში იყო ჩასული გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება 2020 წლის აგვისტოში - მას შემდეგ, რაც სამი ახალი ჭაბურღილი მოეწყობა და მრიცხველები დამონტაჟდება. მანდარიას თანახმად, ჭაბურღილების მშენებლობა უკვე დაიწყო და პროექტზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორისავე თქმით, რამდენიმე კვირაში ტენდერი გამოცხადდება წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციაზეც. სამუშაოები ქალაქის იმ ნაწილს მოიცავს, სადაც მაგისტრალი არასდროს შეკეთებულა. ამ პროექტის ღირებულება 8 მილიონი დოლარი იქნება. მანდარია პირობას დებს, რომ ამ ორივე პროექტის დასრულების შემდეგ თელავს 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება ექნება, თუმცა 8-მილიონიანი პროექტის დასრულების ვადა ჯერჯერობით უცნობია.
„აგვისტოს ბოლოსთვის უკვე ხელშესახები შედეგი გვექნება. 3-მილიონიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 3 ახალი ჭაბურღილის მოწყობა, რაც წყლის დებეტს გაზრდის. ასევე, დაგეგმილია მრიცხველების დამონტაჟება, რაც შეამცირებს უმიზეზო ხარჯვას, ეს კი მოგვცემს საშუალებას, გავაუმჯობესოთ წყალმომარაგების გრაფიკი“.
თელავში დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა ჯერ არ იციან, რომ მათ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას მხოლოდ აგვისტოში ჰპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ კახეთში წელს მშრალი ზამთარია და სწორედ ამას უკავშირებენ თელავის წყალმომარაგების პრობლემის გამწვავებას. თელაველთა ნაწილმა ეს პრობლემა 13 იანვარსაც გააპროტესტა. მაშინ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა მოსახლეობას უთხრა, რომ პრობლემა მოკლე დროში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდებოდა, თუ წვიმა მოვიდოდა.