Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რუსეთი შედის ბელარუსის შემადგენლობაში” - ერთიანი სახელმწიფოს ლუკაშენკოსეული ვარიანტი


ალექსანდ ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი
ალექსანდ ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „ბელარუსი ოლიგარქიულ ქვეყნად გადაიქცევა“, თუ იგი რუსეთს შეუერთდება. რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ლუკაშენკომ რუსეთთან სავაჭრო და ენერგეტიკულ საკითხებში წარმოქმნილ სერიოზულ უთანხმოებაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველწლიურად ურთულებს ბელარუსებს ეკონომიკურ მდგომარეობას. რაც შეეხება რუსეთთან გაერთიანებას, ლუკაშენკოს თქმით, ერთიანი სახელმწიფოს შექმნის „ყველაზე მარტივ ვარიანტს“, წარმოადგენს „რუსეთის შესვლა ბელარუსის შემადგენლობაში“.

მე თავად ვარ სუვერენიტეტის გარანტი

ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მას ესმის იმ მოქალაქეების, რომლებიც კვირის დასაწყისში მინსკის ცენტრში არპოტესტებდნენ ბელარუსის შესაძლო ფართო ინტეგრაციას რუსეთთან ერთიან კავშირში.

„ჩვენ ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. უბედურება ისაა, რომ ისინი ამას აკეთებენ გარკვეული პოლიტიკის გამო. ვიღაცამ უკარნახა, ფული გადაუხადა. ფონდები მათ კარგ ფულს უხდიან. ეს არ კეთდება სუვერენიტეტის დასაცავად, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ მე არასოდეს წავალ იმაზე, რისგანაც ისინი ცდილობენ ბელარუსი ხალხის დაცვას. სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ყველაზე მთავარი დამცველი ბელარუსის პრეზიდენტია, რადგან იგი კონსტიტუციის მიხედვით არის ამაზე პასუხისმგებელი“, -აცხადებს ლუკაშენკო, რომელმაც დასძინა, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული ბელარუსი მისი და მისი კოლეგების მიერ არის შექმნილი.

„და განა მე მას ყუთში, კუბოში ჩავდებ და დავმარხავ? ეს არასოდეს არ მოხდება. ისევე, როგორც მე ვერ დავმარხავ ჩემს მიერვე შექმნილ პირმშოს".

ყველაზე მარტივი ვარიანტი, რასაც ალექსანდრ ლუკაშენკოს აზრით, ერთიანი სახელმწიფოს თვალსაზრისით რუსეთშიც დაუჭერენ მხარს და ბელარუსშიც,- არის შემდეგი: რუსეთის შესვლა ბელარუსის შემადგენლობაში.

„რა რუსეთი წინააღმდეგი წავლენ? არა. არც ის ბელარუსები, რომლებიც ასე შფოთავენ... მომისმინეთ, რუსეთი შედის ბელარუსის შემადგენლობაში. აბა ზოგიერთი თქვენგანი რატომ გვეპატიჟებით რუსეთის შემადგენლობაში? ასეთ ვარიანტს რატომ არ განიხილავთ?“ - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტ „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორს ალექსანდრ ვენედიქტოვთან ინტერვიუში .

სავაჭრო ომი მოსკოვსა და მინსკს შორის?

მოსკოვმა და მინსკმა ჯერჯერობით გვერდზე გადადეს ერთიანი ვალუტის შესახებ შეთანხმება, რასაც ე.წ. 31-ე საგზაო რუკა, ანუ ორ მოკავშირე ქვეყანას შორის ინტეგრაციის ერთ-ერთი გეგმა ითვალისწინებს. ერთიანი ვალუტის შემოღების გარდა, 31-ე საგზაო რუკა ითვალისწინებს ასევე მართვის ზენაციონალური ორგანოების და ემისიის ერთიანი ცენტრის შექმნას.

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრობლემა იმაშია, რომ არ აქვს წარმოდგენა თანამედროვე ბელარუსზე და ცდილობს, რომ ყოველწლიურად გაურთულოს მოკავშირე ქვეყანას ეკონომიკური მდგომარეობა.

„როგორ შეიძლება ეკონომიკის ორგანიზება, როდესაც გვეუბნებიან, რომ ბუნებრივი არის ფასი 152 დოლარი უნდა იყოსო. ეს ფასი არ უნდა იყოს, რადგან ჩვენ საბაჟო ტარიფის გარეშე ვახდენთ ანგარიშსწორებას. გვეუბნებიან - არ შეგვიძლიაო. ბოლო მოლაპარაკებების დროს კი, როდესაც საუბარი ნავთობით ვაჭრობას შეეხებოდა, მე ვუთხარი, კარგი, მომეცით თქვენი ფასი და გადაგიხდით მეთქი. მაგრამ თუ რუსეთი დაკარგავს 25 მილიონი ტონა ნავთობისა და 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ბაზარს, ჩემზე ნუღარ გაბრაზდებით“, - აფრთხილებს ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელსაც, როგორც ინტერვიუში ამბობს, რუსეთის პრეზიდენტისათვის შეუხსენებია, თუ რატომ დაიწყო სავაჭრო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის.

„როდესაც მე ვთქვი, რომ ამ წელს ჩვენს შორის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 9 მილიარდი დოლარი იქნება, პუტინი, როგორც ადამიანი, რომელსაც ეს ესმის, გაშრა. ჯანდაბას, ენერგომატარებლები გააძვირეთ, მაგრამ რატომ ბლოკავთ თქვენს ბაზარზე ჩვენს რჩეულ პროდუქციას? ჩვენ ხომ ფულის შოვნა გვჭირდება, რომ შევამციროთ სავაჭრო ბალანსში წარმოქმნილი დეფიციტი, გადაგიხადოთ ფული ნავთობსა და და გაზში. რატომ ბლოკავთ ჩვენს პროდუქციას?“ - აცხადებს ლუკაშენკო და დასძენს, რომ თუ ენერგომატარებლების ფასის საკითხში მოსკოვთან კვლავ წარმოიქმნება უთანხმოება, მინსკი ალტენატიულ მომარაგების წყაროზე იფიქრებს.

„მე არ ვმალავ ამას რუსეთის ხელისუფლებისგან. მე შემიძლია ნავთობის რევერსი - ეს არის ყველაზე იაფი მარშრუტი, მთავაზობენ, რომ პოლონეთის გავლით შევიძინო საუდის ან ამერიკული ნავთობი. შემოვიტანო რევერსით არსებული ნავთობსადენით, ასეთი სამი ნავთობსადენი მაქვს "დრუჟბა“, რომლითაც რუსეთს ვუკავშირდებით. თავდაპირველად წავიღებ ერთ ნავთობსადენს და რევერსით მივაწვდი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“, - აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო.

„ნატო არ არის ბელარუსის საფრთხე“

რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლა საფრთხეს უქადის რუსეთს. არის თუ არა უკრაინის ნატოში შესვლა საფრთხე ბელარუსისთვის? - შეეკითხა ჟურნალისტი ვენედიქტოვი ბელარუსის პრეზიდენტს.

„მე ამას ასე არ განვიხილავ. ეს მე პუტინსაც ვუთხარი და თქვენც გეტყვით. რაც შეეხება უკრაინისათვის რუსეთს, ყველაზე დიდი საფრთხე იქნება არა ნატო, არამედ თუ ხელისუფლებაში მოვლენ და მთელ იარაღს და შეიარაღებას დაეუფლებიან, როგორც თქვენ იქ უწოდებთ, ნაციკები (ნაციონალისტურად განწყობილი ძალები). ცხადია, არ ვეთანხმები, არ არის საჭირო ვინმეს შეურაცხყოფა. მაგრამ თქვენ იცნობთ ამ რადიკალურ ნაციონალისტურ ძალებს უკრაინაში, იცნობთ ამ ბატალიონებს, რომლებსაც მე არ ჩამოვთვლი. თქვენ იცნობთ უკრაინაში ლიდერებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან სათავეში ჩაუდგნენ თავზეხელაღებულ რადიკალ ნაციონალისტებს, უკრაინაში ისინი მრავლად არიან. აი, ეს თქვენთვის უფრო საშიში იქნება, ვიდრე ნატო“, - დასძენს ალექსანდრ ლუკაშენკო.

ამასთან ბელარუსის პრეზიდენტი მოსკოვს აფრთხილებს დასავლეთთან და ნატოსთან ომის დაწყების შესახებ, თუ რუსეთი შეეცდება ბელარუსის სუვერენიტეტის დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია მინსკთან მიმართებაში ყოველ წელს მიმართავს „ხელის გადაგრეხვის“ პოლიტიკას და „ზეწოლას“ ახდენს ბელარუსებზე, ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი გვერდზე არ გადგება, თუ ვინმე რუსეთთან ომს მოინდომებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG