Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: ლარნაკაში მივდიოდით, რუსეთში ივანიშვილის საქმიანობის შესახებ მასალების გასაცნობად


„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პოლიციის განყოფილება დატოვა. გამოკითხვის შემდეგ მან ისაუბრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასსა და მის თანაპარტიელზე, თბილისის საკრებულოს წევრ გოკა გაბაშვილზე თავდასხმის დეტალებზე.

„ხუთი საათი ვიყავით დაკითხვაზე, აქედან ორი საათი სრულიად ტყუილად. მიუხედავად ამისა, ვერ გავიგეთ, ვინ არიან თავდამსხმელები. პოლიციამ არ გვითხრა. ეს, ბუნებრივია, ამყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული, იმიტომ, რომ თავდასხმა მოხდა აეროპორტის ყველაზე დაცულ ზონაში, კონტროლს მიღმა.

მოვიდა ვიღაც მუტრუკი, რომელმაც დაიწყო საუბარი ტექსტით, რასაც ყოველდღე ვისმენთ ამათი [„ქართული ოცნების“] „ორკებისგან“ და „ტიტუშკებისგან“. ვუთხარი, რომ დაგვანებე თავი. ამასობაში მეორე მოვიდა, კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი. შემდეგ პოლიცია მოვიდა, წაიყვანა ისინი და აღარც სახელს გვეუბნებიან და აღარც გვარს.

არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე სერიოზული გამოძიება ჩატარდება. გამომძიებელმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არის მსუბუქი [დაზიანება] და ამიტომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერების ამოღების უფლება არ აქვთ. იმედია, თავდამსხმელების სახელს და გვარს მაინც გავიგებთ. მე და გოკა გაბაშვილმა ექსპერტიზაზე უარი ვთქვით, რადგან ეს დროის ფლანგვად მიგვაჩნია“, - თქვა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერი ჰყვება, რა მიზნით აპირებდა კვიპროსში გაფრენას.

„ლარნაკაში მივდიოდით მე და გოკა გაბაშვილი რამდენიმე დღით. არასაქართველოს მოქალაქესთან გვქონდა შეხვედრა. იმ მასალებს უნდა გავცნობოდით, რომელიც, სავარაუდოდ, ეხება ივანიშვილის მოსკოვურ საქმიანობას, შეკვეთილ მკვლელობებს, ფულის გათეთრებას და სხვა ბევრ სიბინძურეებს.

მტკიცებულებები მე არ მინახავს და, შესაბამისად, ვერ ვისაუბრებ. მივდიოდი იმისთვის, რომ მენახა, რამდენად ვალიდურია ისინი. როგორც ჩანს, მათ ეს გაიგეს“, - თქვა გიგი უგულავამ.

როგორც უგულავა აღნიშნავს, მაინც წავა ლარნაკაში და თუკი მტკიცებულებები ღირებული იქნება, მას საზოგადოებას გააცნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

XS
SM
MD
LG