პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ აკაკი ბობოხიძე უკმაყოფილოა ფორმატით, რომლის ფარგლებშიც ოპოზიცია ხელისუფლებასთან ე.წ. გერმანული მოდელის საკითხს განიხილავს.
ბობოხიძემ დაასახელა ის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან იქნებიან წარმოდგენილები.
„ფორმატი თავისი შემადგენლობითაც არაბუნებრივია. პრინციპში არცთუ ისე კარგი ფორმატია. ესწრებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი. ესწრება მხოლოდ ორი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ამ დროს, როდესაც პროტესტს სამოქალაქო საზოგადოება („სირცხვილია“, „შეცვალე“, „გაბედე“) ხელმძღვანელობს. ისინი შეხვედრაში არ მიიღებენ მონაწილეობას. „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ისეთი მოქმედება გადმოგდებული, რომელზეც წესით, უარი უნდა ვუთხრათ, მაგრამ უარს მხოლოდ მასპინძლის [ევროკავშირის წარმომადგენლობის] გამო არ ვიტყვით“, - თქვა „ტვ პირველის“ ეთერში აკაკი ბობოხიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაში „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მიიღებს მონაწილეობას. სამადაშვილს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნებაც“ ანალოგიურ რანგში უნდა იყოს წარმოდგენილი.
„ბიძინა ივანიშვილი აპირებს შეხვედრაზე მოსვლას, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე? მობრძანდეს ივანიშვილი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, - თქვა სამადაშვილმა.
ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელმა 30-მდე პარტიამ 29 ნოემბერს ხელი მოაწერა მემორანდუმს იმის დასტურად, რომ მხარს უჭერს ე.წ. „გერმანული მოდელის“ შეჯერებულ პროექტს. პროექტი ახლა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODHIR) გადაეგზავნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა უცხოელი დიპლომატების ინიციატივით გაიმართება.
შეხვედრა 30 ნოემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ არის დაგეგმილი.