ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურგში „Droits de l’homme“-ის გაჩერებაზე გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ქალაქ სტრასბურგის მერის მოადგილემ და საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს.
პირველმა სტუმრებმა ტრამვაით იმგზავრეს Droits de l’homme-დან რესპუბლიკის მოედნამდე. ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში 6 თვე იმოძრავებს.
27 ნოემბრიდან საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და ამ მოვალეობას 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით შეასრულებს.
საფრანგეთისგან თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს გადასცემს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ამელი დე მონშალენი.